გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი, არნე შიონბომი რუსეთთან მჭიდრო კავშირების შესახებ ბრალდებების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ მედიაში გავრცელებულმა ბრალდებებმა ფუნდამენტურად შეარყია საზოგადოების აუცილებელი ნდობა შიონბომის, როგორც გერმანიის კიბერუსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი სააგენტოს ნეიტრალური და მიუკერძოებელი ხელმძღვანელის მიმართ.
ტელეარხი ZDF-ის გამოძიების თანახმად, არნე შიონბომი მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებდა ასოციაცია გერმანიის კიბერუსაფრთხოების საბჭოსთან (Cyber-Sicherheitsrat Deutschland), რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყო რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან.
გამოძიების ავტორებმა, კერძოდ, გაარკვიეს, რომ ბერლინში მდებარე კომპანია Protelion GmbH, რომელიც აღნიშნული ასოციაციის წევრია, მარტის ბოლომდე მუშაობდა სახელწოდებით Infotecs GmbH და იყო რუსული კომპანია InfoTeKS-ის შვილობილი კომპანია, რომელიც დააარსა „კგბ“-ს ყოფილმა ოფიცერმა, ანდრეი ჩაპჩაევმა.