რუსებმა კიევი კვლავ დაბომბეს, დაახლოებით ერთ კვირაზე მეტია იერიშები უწყვეტად გრძელდება. როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფრონტის ხაზებზე მნიშვნელოვანი წარმატებები აქვთ და რუსები ამის კომპენსირებას საჰაერო იერიშებით ცილობენ, ირანული „კამიკაძე" დრონებით და რაკეტებით.
გარდა ამისა, იერიშებს დიდ ქალაქებზე და მათ შორის კიევზე სხვა მიზეზებიც აქვს - სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ერთ-ერთი მიზანი უკრაინელი ხალხის დაშინება და ამასთანავე ზამთრისთვის გათბობის გარეშე დატოვებაა, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ მოსახლეობამ ხელისუფლებას აიძულოს და რუსეთთან მოლაპარაკებებზე წავიდეს.
ამასთანავე, მასიაია აღნიშნავს, რომ რუსებმა ახალი მეთოდით დაიწყეს მოქმედება და სამოქალაქო და ენერგოობიექტებთან ერთად, მედიასაშუალებების განადგურებას ცდილობენ, რომ მსოფლიომ რუსების ჩავარდნები და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებები ვერ გაიგოს.
რა ხდება კიევში
ორშაბათს დილით, რუსებმა კამიკაძე დრონებით კიევს ისევ დაარტყეს - შევჩენკოს რაიონში განხორციელებული თავდასხმის შედეგად არასაცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა. დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ერთ-ერთი „კამიკაძე- დრონის" ნამსხვრევების ფოტოს აქვეყნებს, რომლითაც რუსული ძალები კიევს თავს დაესხნენ.
„მუშაობს სახანძრო ბრიგადები. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. ადგილზე მედიკოსები არიან მობილიზებული. ვაზუსტებთ ინფორმაციას დაზარალებულების შესახებ", - წერს კლიჩკო და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ დედაქალაქზე თავდასხმები რუსეთის აგონიას ჰგავს.
"რუსები ფიქრობენ, რომ ეს მათ დაეხმარება, მაგრამ ასეთი ქმედებები აგონიას ჰგავს. გვჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რაც შეიძლება მალე. ჩვენ არ გვაქვს დრო ნელი მოქმედებებისთვის. მეტი იარაღი ცის დასაცავად და მტრის გასანადგურებლად. ასეც იქნება" - აღნიშნა ერმაკმა.
„კამიკაძე-დრონები" და რაკეტები მთელ უკრაინას ესხმიან თავს. მტერს შეუძლია დაარტყას ჩვენს ქალაქებს, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე განახლებულ შეტევას გამოეხმაურა.
„მტერი მთელი ღამისა და მთელი დილის განმავლობაში მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებს, "კამიკაძე-დრონები" და რაკეტები მთელ უკრაინას ესხმიან თავს. მტერს შეუძლია დაარტყას ჩვენს ქალაქებს, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხას. ოკუპანტებს მხოლოდ სამართლიანი სასჯელი ემუქრებათ, ჩვენ კი - გავიმარჯვებთ", - აცხადებს ზელენსკი.
ამასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთმა კვლავ შეუტია უკრაინაში სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებს, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ.
„დღეს რუსეთმა კვლავ შეუტია უკრაინაში სამოქალაქო და ენერგეტიკულ ობიექტებს. ტერორისტების სამიზნეებს შორისაა კიევში საცხოვრებელი კორპუსი. დაშავებულია ხალხი. ამ დანაშაულებზე მსოფლიო პასუხი მკაფიო უნდა იყოს: მეტი მხარდაჭერა უკრაინისადმი და მეტი სანქციები აგრესორის წინააღმდეგ", - აღნიშნა პრემიერმა.
უკრაინის კიდევ რა რეგიონებს ბომბავენ რუსები
რუსები „კამიკაძე" დრონებითვე თავს დაესხნენ მიკოლაევს, რის შედეგადაც სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტები და ფარმაცევტული საწყობი დაზიანდა, წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძარი ლოკალიზებულია.
ორშაბათს დილით რუსებმა სუმის ოლქში ინფრასტრუქტურულ ობიექტებს რაკეტებით დაარტყეს. ცნობილია, რომ თავდასხმის შედეგად ადამიანები დაშავდნენ.
რუსებმა დნეპროპეტროვსკიც დაბომბეს, უკრაინელმა სამხედროებმა ოლქის თავზე სამი რუსული ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს, თუმცა ერთი რაკეტა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხვდა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია.უკრაინული მედიის ცნობით, რუსები მთელი ღამის განმავლობაში ესხმოდნენ ოლქს თავს. მათ ნიკოპოლის რაიონი „გრადებისა" და მძიმე არტილერიის გამოყენებით დაბომბეს.
შეტევა მედიაობიექტებზე - რუსების ახალი მეთოდი
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსების ამ იაერიშებს რამდენიმე მიზანი და მიზეზი აქვს, მათ შორის ის, რომ ფრონტზე უკრაინის წარმატებები და მათი ჩავარდნები ამით გადაფარონ.
„რუსები სტრატეგიული ობიექტების განადგურებას აგრძელებენ, რომ ისინი მწყობრიდან გამოიყვანონ და უკრაინის შეიარაღებული ძალები აიძულონ, რომ წარმატებული შტევები შეწყვიტონ. ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე უკრაინელები წარმატებით უტევენ.
„არის მეორე ვარიანტი, რომ უკრაინის მოსახლეობა დააშინონ, ფსიქოლოგიური შიშის ფაქტორი შეიმუშავონ. ასევე მესამე ვარიანტია, რომ ზამთრამდე ენერგო ობიექტები გაუნადგურონ, რომელიც უკრაინის მოსახლეობისთვის ზამთრის პირობების შესაქმნელად აუცილებელია.
„გარდა ამისა,რუსებმა ახალი მეთოდით დაიწყეს მოქმედება და მასმედიის მთავარ ცენტრებს ურტყამენ, რომ ინფორმაცია არ გავრცელდეს უკრაინის წარმატებებზე და რუსების ჩავარდნებზე. ერთ-ერთი უკრაინული ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ვიყავი და დრონებმა მის სიახლოვეს ზუსტად მაშინ დაარტყეს. პირდაპირი ეთერი გაითიშა, შემდეგ კი სარეზერვო საშუალებებიდან კავშირი აღდგა"- განაცხადა მაისაიამ.
რის კომპენსირებას ცდილობენ სარაკეტო იერიშებით ოკუპანტები
მისივე შეფასებით, უკრაინელებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით წარმატებები აქვთ და რუსები სარაკეტო იერიშებით ზუსტად ამის კომპენსირებას ცდილობენ.
„უკრაინის შიარაღებული ძალები ხერსონს უკვე მიუახლოვდნენ და რუსებმა მოსახლეობისა და ე.წ.სახელმწიფო სტრუქტირების ევაკუაცია უკვე დაიწყეს, ისინი ანექსირებულ ყირიმში გადაჰყავთ, ამას რუსები თავადაც არ მალავენ. გარდა ამისა, უკრაინალები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს მიუახლოვდნენ.
„ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებაზე რუსები სტრატეგიულ თავდაცვაზე გადავიდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მათ ნაკლებად შველის, რადგან ხერსონში ევაკუაცია დაიწყო, ეს უკვე ნიშნავს, რომ საქმე კარგად არ აქვთ.
„ასევე, რუსეთის „ვაგნერის" ჯგუფი რეამდენი ხანია ცდილობს, რომ ქალაქი ბახმუტი დაიკავოს, რომელიც უკრაინული „მანერჰაიმის" მთავარი წერტილია და ესეც კი ვერ შეძლეს. „ვაგნერი" გერძო კომპანიაა და უფრო კარგად არიან ეკიპირებულები, ასევე უფრო მეტი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე რუსეთის შიარაღებუილი ძალების ნაწილებს.
„როგორც რუსები ამბობენ, მობილიზაციის შედეგად მომზადებული 11 ათასი კაცი უკვე ომში ჩართულიაო, მაგრამ როგორც ჩანს ეს მათ ვერ შველის. რუსები მობილიზრებულ ადამიანებს კიდევ ამზადებენ, სულ 200 ათასი კაცია, რაც ძალიან ცოტაა, ეს მასა პუტინის ჩაფიქრებული ნაწილობრივი მობილიზაციის 30%-ს თუ შეადგენს.
„ბელარუსში მხოლოდ რეგიონალური დაჯგუფებას ქმნიან და ქვეყანა ამ ომში ნაღდად არ ჩაერთვება, ამაზე არ წავა. ბელარუსს რუსეთი იყენებს, როგორც ტერიტორიას, ძალები გადაამზადოს, საბრძოლო შენაერთები გადააწყოს და ა.შ.",- განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".