რატომ ვერ ერთიანდება საკრებულოს ხუთი ფრაქცია?

რატომ ვერ ერთიანდება საკრებულოს ხუთი ფრაქცია?

"თბილისის საკრებულოში ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომა გაიმართა, სადაც ჯგუფში შემავალმა ფრაქციების თავმჯდომარეებმა ახალი უმრავლესობის შექმნაზე და საერთო სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს. "ალია" ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს ზაზა გაბუნიას დაუკავშირდა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "რატომ ვერ ერთიანდება საკრებულოს ხუთი ფრაქცია?".

"ახალი უმრავლესობის შექმნა გულისხმობს გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებას, დეტალების შეჯერებას და სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით შევიკრიბეთ ინტერფრაქციული ჯგუფი. გვსურდა, ერთმანეთისგან მოგვესმინა ინფორმაცია საკრებულოში მიმდინარე პროცესებზე და ერთმანეთის შეხედულებებზე. ეს იყო ჩვენი შეხვედრის ძირითადი მიზანი", - ამბობს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა გაბუნია.

"ერთ შეხვედრაში რთულია რაიმე გადაწყვეტილების მიღება. რაც შეეხება ახალი უმრავლესობის შექმნას, ეს საკითხი მხოლოდ ამ ფორმატში არ განიხილება. თუკი ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს იქნება "ქართული ოცნების" უმრავლესობა, ეს საკითხი კოალიციაში უნდა გადაწყდეს. შესაძლებელია, იყოს სხვადასხვა ფრაქციებისგან შემდგარი ტექნიკური უმრავლესობა, რომელთაც ერთმანეთთან დააკავშირებს მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ოპოზიციაში ყოფნა. ვნახოთ, ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა გაბუნია.

"თუ როდის დასრულდება ეს პროცესი, ვერ გეტყვით, ამას დრო სჭირდება, უმრავლესობას როგორი სახე და რა შესაძლებლობა ექნება. "ქართულ ოცნებას" თბილისის საკრებულოში ახლა ჰყავს 3 ფრაქცია, სულ 5 ფრაქციაა, ამიტომ საკითხები შესაჯარებელია. თუ მმართველ გუნდს ექნება ის ძალა, რომელიც გადაწყვეტილებებს ერთხმად მიიღებს, თუ შეძლო უმრავლესობამ და საზოგადოებამ თუ დაიბრუნა თბილისის საკრებულო, ჩემი აზრით, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება გამართლება ახალი უმრავლესობის შექმნას", - აცხადებს რესპონდენტი.

"საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატები ჯერ დამოუკიდებელ დეპუტატებად რჩებიან, მაგრამ როგორც ვიცი, არ გამორიცხავენ, რომ რომელიმე ფრაქციაში გაერთიანდნენ. დავით წერეთელმაც დატოვა "ნაციონალების" რიგები, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მასთან არ მისაუბრია შემდგომში სად ხედავს საკუთარ თავს. ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ მარტო წერეთელი არ ტოვებს "ნაციონალურ მოძრაობას". ამ დღეების განმავლობაში კიდევ ბევრი დატოვებს", - დასძენს ზაზა გაბუნია და შეკითხვას - "კიდე ვინ ტოვებს?" - პასუხობს:

"ეს ისეთივე ინფორმაციაა, როგორიც, მაგალითად, ვიცოდი, რომ იონათამიშვილი ან სხვები დატოვებდნენ "ნაციონალებს". ზოგს ოფიციალურად არა აქვს განცხადება გაკეთებული, თორემ პრაქტიკულად, ფრაქცია დატოვებული აქვთ. "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია ყოველდღიურად იშლება, როგორც პოლიტიკურ სპეკულაციებზე დაფუძნებული პოლიტიკური შენობა. ეს ლოგიკურიც იყო, არ შეიძლება დიდხანს გაეძლო სიცრუეზე მდგარ გუნდს. ადამიანებს, რომელთაც მონაწილეობა არა აქვთ მიღებული დანაშაულებრივ ვითარებაში, პოლიტიკურ ჯგუფს ემიჯნებიან".