პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეას ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაჯამა.
„ძალიან ნაყოფიერი იყო პარლამენტის დელეგაციის მონაწილეობა საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეაზე. გარდა იმისა, რომ ასამბლეის ფარგლებში გვქონდა როგორც გამოსვლა და დისკუსიებში მივიღეთ მონაწილეობა, ასევე 20-მდე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდით ოთხი სხვადასხვა კონტინენტიდან. მათ შორის შევხვდით იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც დღემდე თავს იკავებენ გაერო-ში საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა რეზოლუციის მხარდაჭერაზე. ამიტომ საუბარი გვქონდა, ერთი მხრივ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება, რომელიც ყველა ქვეყანამ დაგვიდასტურა და მეორე მხრივ, რეზოლუციას მხარი დაუჭირონ, რომელიც ეხება იძულებით გადაადგილებულ პირებს, რადგან ეს არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც ყველა ქვეყანას მიუხედავად მისი სიდიდის, აქვს ის ერთი ხმა, რომელიც შეუძლია გამოიყენოს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია როგორც რუსეთის აგრესიის, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლში დაბრუნების უფლებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ეს შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო და იმედი მაქვს, რომ შედეგიც ექნება და შემდეგ ჯერზე, როცა ამ რეზოლუციის მიღება მოხდება გენერალურ ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით, მას მხარს ის ქვეყნები დაუჭერენ, რომელიც აქამდე თავს იკავებდნენ. საპარლამენტო დიპლომატიის ამოცანაც სწორედ ის არის, რომ კოლეგები პირადი კონტაქტებით და საუბრებით დავარწმუნოთ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მხარდაჭერას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 145-ე ასამბლეაში მონაწილეობს, რომელიც რუანდის დედაქალაქ კიგალში იმართება.
ასამბლეას 120-მდე ქვეყნის 1200-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 60-მდე პარლამენტის თავმჯდომარე ესწრება.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი არიან.