აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპეციალურმა კომიტეტმა, რომელიც კაპიტოლიუმზე თავდასხმას იძიებს, მხარი დაუჭირა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩვენების მისაცემად გამოძახებას.
„მან პასუხი უნდა აგოს. პასუხი უნდა აგოს თავის ქმედებებზე. მან პასუხი უნდა გასცეს მილიონობით ამერიკელს“, - განაცხადა კოლეგიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ბენი ტომპსონმა.
სპეციალური კომიტეტის წევრები მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპი უშუალოდ დამნაშავეა 6 იანვრის მოვლენებში: მან მტკიცებულებების გარეშე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაყალბდა.
6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა.
აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ფედერალურმა პროკურორებმა ბრალი 500-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს.