ვოლოდიმირ ზელენსკი: მსოფლიოსთვის სულ უფრო აშკარა ხდება, რომ უკრაინის დახმარება ცის დაცვაში ჩვენი დროის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა

ვოლოდიმირ ზელენსკი: მსოფლიოსთვის სულ უფრო აშკარა ხდება, რომ უკრაინის დახმარება ცის დაცვაში ჩვენი დროის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა

მსოფლიოსთვის სულ უფრო აშკარა ხდება, რომ უკრაინის ცის დაცვა მნიშვნელოვანი საკითხია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც მან ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რამშტაინის ფორმატში გამართული მორიგი შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული იყო.

„განვიხილეთ ჩვენი სახელმწიფოსთვის საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდება. რაც უფრო გაბედული და სასტიკი ხდება რუსული ტერორი, მით უფრო აშკარაა მსოფლიოსთვის, რომ უკრაინის დახმარება ცის დაცვაში ჩვენი დროის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ამოცანაა. მჯერა, რომ ამ ამოცანას გავუმკლავდებით. და მადლიერი ვარ იმ ჩვენი პარტნიორების, რომლებმაც უკვე გადაწყვიტეს გააძლიერონ ჩვენი სახელმწიფოსთვის სწორედ ასეთი მხარდაჭერა – ეფექტური საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ასევე სიახლეებია უკრაინის არმიის თანამედროვე საარტილერიო სისტემებით გაძლიერებასთან დაკავშირებითაც.

ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინის დასახმარებლად გამართულ დონორი ქვეყნების შეხვედრაზე, რომელსაც მსოფლიო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ზელენსკის თქმით, მთავარი საკითხი უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სწრაფი აღდგენა იყო. ზელენსკიმ მათ უკრაინის დასახმარებლად „ფინანსური რამშტაინის“ ეკონომიკური ფორმატის შექმნა შესთავაზა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მძიმე ვითარებაა ფრონტის ხაზთან არსებულ ყველა რაიონში.