G7-ის ლიდერები პირობას დებენ, რომ უკრაინაში ბოლოდროინდელ თავდასხმებზე პუტინს „პასუხი მოეთხოვება" და აცხადებენ, რომ ქვეყანას ყველა სახის დახმარებას იმდენ ხანს გაუწევენ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ანალიტიკოსთა შეფასებით, დიდი შვიდეულის ქვეყნების ფრაზაში შეიძლება განვიხილოთ, როგორც ვლადიმერ პუტინის სამართლებრივი პასუხისგება, ისე დამატებითი სანქციები და უკრაინის იმ დონემდე დახმარება, რომ ომში გაიმარჯვოს.
როგორც დიდი შვიდეული აცხადებს, უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო, დიპლომატიურ და იურიდიულ დახმარებას გააგრძელებენ. მათი საერთო განცხადების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაარწმუნეს, რომ მზად არიან უკრაინას მიაწოდონ მხარდაჭერა, რაც სჭირდება.
რისთვის არიან მზად დიდი შვიდეულის ქვეყნები
ამასთან, "დიდი შვიდეულის" სახელმწიფოები მზად არიან, უკრაინას "ზამთრისთვის მზადყოფნის საჭიროებების დაკმაყოფილებაში" გაუწიონ დახმარება.
„ჩვენ შეუჩერებელი და მტკიცენი ვართ ჩვენს მზაობაში მივაწოდოთ უკრაინას ის მხარდაჭერა, რომელიც მას სჭირდება მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად", - აღნიშნავენ ლიდერები განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „რაციონალური აქტორია", თუმცა, უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით მან ვერ გათვალა. მისი თქმით, პუტინს არასწორად სჯეროდა, რომ უკრაინელები დაემორჩილებოდნენ რუსეთის შეჭრას - "ეს იყო არასწორი შეფასება, რომელის მცდარობა ქვეყანაში გაწეულმა სასტიკმა წინააღმდეგობამ დაამტკიცა".
„ვფიქრობ, მას ეგონა, რომ ხელგაშლილი დახვდებოდნენ, რომ კიევი იყო „დედა რუსეთის" სახლი, სადაც მიიღებდნენ. ვფიქრობ, მან უბრალოდ არასწორად გათვალა", - აღნიშნა ბაიდენმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არ ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს გამოიყენებს.
„არა მგონია, რომ ის მას გამოიყენებს", - უპასუხა ბაიდენმა კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა რუსეთის ლიდერი ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს.
„ვფიქრობ, რომ უპასუხისმგებლოა მისი მხრიდან ამაზე საუბარი, როცა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული ძალის მსოფლიო ლიდერი ამბობს, რომ შესაძლოა ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინაში", - დასძინა ბაიდენმა.
მისი განმარტებით, პუტინის მუქარებს დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს.
„არ შეიძლება, დაუსჯელად განაგრძოს საუბარი ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე, თითქოს ეს რაციონალური რამ არის. შეცდომები დაშვებულია და არასწორი გათვლა შეიძლება მოხდეს, არავის შეუძლია დარწმუნებით იცოდეს, რა მოხდება და შეიძლება არმაგედონით დასრულდეს", - აღნიშნა ბაიდენმა.
ბაიდენმა არ დააკონკრეტა, როგორი იქნება აშშ-ს პასუხი, თუ პუტინი შეასრულებს ბირთვულ მუქარას.
კითხვაზე, რა არის წითელი ხაზი შეერთებული შტატებისა და ნატო-სთვის და ხომ არ დაავალა პენტაგონსა და სხვა უწყებებს, რომ განესაზღვრათ, როგორი იქნება პასუხი, თუ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაბომბავს, ბაიდენმა უპასუხა : „იყო ამაზე მსჯელობა, მაგრამ არ ვაპირებ დეტალებში შესვლას. ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლო იქნება საუბარი იმაზე, თუ რას გავაკეთებდით ან რას არ გავაკეთებდით".
რა სახით მოსთხოვენ პასუხს G7-ის ლიდერები პუტინს
როგორც „საქართველოს პოლიტიკისინსტიტუტის" დირექტორი და თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, დიდი შვიდეულის ქვეყნების ფრაზაში, რომ პუტინს უკრაინაში ჩადენილი საქციელისთვის პასუხი მოეთხოვება, იგულისხმება, როგორც სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ისე დამატებითი სანქციები და უკრაინის ყველა ტიპის დახმარება დახმარება იმ დონემდე, რომ ომში გაიმარჯვოს.
„ამაზე დიდი ხანია საუბარი იყო და ალბათ, სავარაუდოდ ლაპარაკია გარკვეული სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებაზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ იგივე საერთაშორისო სასამართლო ჩაერიოს. ცნობილია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები უკრაინაში ომის დანაშაულების აღსაწერად მუშაობენ. ამაში სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც არიან ჩართულები.
„ალბათ ეს სამუშაოები ცოტა გააქტიურდება, რომ დანაშაულები მალე აღწერონ. როცა ეს ომი დამთავრდება, ეს საკითხი მნიშვნელოვანი გახდება თუნდაც იმ კუთხით, რომ უკრაინას უფლება აქვს, რომ რეპარაციები მიიღოს. აღნიშნეს კიდეც, რომ რუსეთის აგრესიის შემდეგ ქვეყანა სერიოზულად დაზარალდება არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ეკონომიკის თვალსაზრისითაც, ენერგოსექტორი და მთელი რიგი ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
„ალბათ უფრო ამაზეა ლაპარაკი და ბუნებრივია, რომ ისინი თავდაცვითი საშუალებების უკრაინისთვის მიწოდებას გააგრძელებენ და ასევე დააყენებენ საკითხებს ახალი სანქციების შემოღებაზე, რომელიც ასევე ნიშვნელოვანი შეიძლება იყოს",-განაცხადა მან.
კითხვაზე, რა ვადებში შეიძლება პუტინს დასავლეთისგან და დიდი შვიდეულის ქვეყნებისგან პასუხი მოეთხოვოს კაკაჩიამ განაცხადა:
„ვადებზე საუბარი ძალიან რთულია, როცა დიდ სახელწიფოზე და მის ლიდერზე ვასუბრობთ, თუ თვად საკუთარმა ხალხმა არ დასაჯა. მაგრამ, ფაქტია, რომ სამართლებრივი საკითხი დადგება და როგორც კი შესაბამისი სიტუაცია იქნება, სამართლებრივი ინსტრუმენტები ამოქმედდება",-განაცხადა კაკაჩიამ.