“უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის საფუძველი უკრაინელი ხალხის ბრძოლისუნარიანობაა. ნებისმიერ ომსა და ბრძოლაში საუკეთესო საბრძოლო სისტემა ადამიანია, მაგრამ დასავლეთისა და ამერიკის წვლილის დაუნახაობაც არ შეიძლება. სულ რაღაც 17-20 `ჰაიმარსით~ 400-ზე მეტი რუსული სამიზნე, საწყობები და მართვის პუნქტები გაანადგურეს. ევროპამ სწორად აღიქვა იმ ვითარების სიმძიმე, რომელსაც პუტინის რეჟიმი ქმნიდა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა, რაც რუსეთის სამხედრო და პოლიტიკურ მარცხს მოასწავებს”, - აცხადებს საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “დიახ, ნატო დაარტყამს რუსეთს...”
“თუმცა რუსეთი ცდილობს თავის შიდა აუდიტორიას დაუმტკიცოს, რომ მიზანი თითქმის მიღწეულია და თვალსაჩინოებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმი ჩაატარა, რითაც წარმოაჩინა, რომ ვითომ რუსეთი გაფართოვდა. ქალაქ ლიმანშიც კი ჩაატარა რეფერენდუმი, რომელიც რამდენიმე დღეში უკრაინელებმა გაათავისუფლეს. ომის დაწყების პირველ ხანებში პუტინი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლას ავალებდა, ახლა კი, რეფერენდუმის ჩატარების წინ, განაცხადა, რომ კრემლი აღიარებს იმ ტერიტორიას, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, რაც ნიშნავს, რომ პუტინმა პირველადი ამოცანა მნიშვნელოვნად შეამცირა. ამით შიდა აუდიტორიას ეუბნება, ახლა უკრაინას კი არ ვებრძვით, ჩვენს ტერიტორიას ვიცავთო. თუნდაც ხერსონში რუს სამხედროებს უკვე თავიანთ ქვეყანაში თავდაცვითი ბრძოლა უწევთ. ეს იმ რეზერვისტების მოტივაციაზეა გათვლილი, რომლებიც ახლა გაიწვიეს - ანუ რუსეთის ტერიტორიის მიღმა კი არა, ჩვენივე ქვეყანაში ვცდილობთ მტრის შეკავებას აგრესიისგანო. არა მგონია, მობილიზაციამ საერთო სურათი შეცვალოს, რადგან პროტესტის მიუხედავად, სულ რაღაც 10 დღეში 200 ათას კაცს მოუყარეს თავი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.
“რუსეთს სამხედრო რესურსი კიდევ აქვს. ასეთ სწრაფ მობილიზაციას მინუსებიც აქვს - გასულ ზაფხულს 130 ათასზე მეტი კაცი გაიწვია, რისთვისაც თვეზე მეტი დასჭირდა. ამ სისწრაფეში უამრავი პრობლემა გაჩნდა, მაგრამ ეს მასებზე გარდამტეხ გავლენას ვერ მოახდენს. უკვე პრობლემებია მომზადებაში, მომარაგებაში, აღჭურვილობაში, კვებაში, სამედიცინო დახმარებაში, გამოიწვევს პროტესტს, მაგრამ ამას კრემლი დიდად არ დაგიდევთ. თუ დასჭირდა, სხვადასხვა მექანიზმით ისევ შეყრის მოქალაქეებს კომისარიატში, მაგრამ ის რაოდენობა, რომელიც შეკრიბეს, შეტევაში ვერ წაადგება, მაგრამ თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება, იმ ღრიჭოებს ამოავსებს, რომელიც ათასობით კილომეტრზე გაჭიმულ ფრონტზე უკრაინელების წარმატებულმა კონტრშეტევებმა წარმოქმნა. რუსეთი არასდროს უფრთხილდებოდა თავისი ჯარისკაცების სიცოცხლეს. ამიტომაც განაგრძობს მობილიზაციას. რუსებს აიძულებენ სამხედრო კომისარიატებში გამოცხადდნენ, იმ რაიონებში კი, საიდანაც მოსახლეობის მასობრივად გადინებაა, მოძრავი კომისარიატები გახსნეს. ისინი უკვე აამუშავეს საქართველოს, ყაზახეთის, მონღოლეთის, ფინეთის საზღვრებთან. ეფ-ეს-ბე გაქცევის მსურველ მოქალაქეებზე დადარაჯებულია, აკავებენ და კომისარიატში მიჰყავთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რამდენიმე რეგიონში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პაციენტს ექიმებთან ერთად თეთრხალათიანი სამხედრო კომისარიატის თანამშრომლები დაადგნენ თავს, ოჯახის წევრები აღრიცხეს ვითომ ეპიდემიის გამო, სინამდვილეში კი სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ასაკის მამაკაცების მონაცემები ჩაინიშნეს. ლოთები და პატიმრებიც კი შეაგროვეს. ასობით პატიმარი ფრონტის ხაზზე გაგზავნეს. შესაძლოა დამატებითი კონტროლისთვის “ენ-კა-ვე-დეს” ტიპის დანაყოფები შექმნან, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში, სამხედრო კომისარიატებსა და სასაზღვრო უწყებებში მკაცრ შემოწმებას დაიწყებენ. დიდი ალბათობით, ეს არ შეეხება ეფ-ეს-ბეს, პოლიციასა და მესაზღვრეებს, რომელთაც ახლა წახალისება სჭირდება, რომ გულმოდგინედ იმუშაონ”, - ამბობს გენერალ-მაიორი.
“თუ ცალკეულ ერთეულებს არ ჩავთვლით, რუსეთის არმიას თანამედროვე ტიპის საბრძოლო ტექნიკა წლების განმავლობაში არ მიუღია. ჯავშანტექნიკას, რომელსაც დასავლეთი რუსეთს აძლევდა, ავღანეთში ამბოხებულთა წინააღმდეგ იყენებდნენ. ცხადია, არ ვგულისხმობ M113-ის მოდელის ჯავშანტრანსპორტიორებს, რომელიც დასავლეთიდან მიიღეს, ოღონდ ძირითად კი არა, დამხმარე საბრძოლო ტექნიკად გამოიყენება. რუსებს უჭირთ ტანკების წარმოება და ბრძოლის ველზე გაშვება, რადგან თანამედროვე ტიპის ნავიგაციისა და დამიზნების ახალი სისტემა, რომელსაც დასავლეთიდან იღებდნენ, აღარ გააჩნიათ. რუსეთს შეუძლია ძველი სტილის ტანკების წარმოება, მაგრამ მისი ნავიგაცია და ცეცხლის მართვის სისტემები უკრაინელების სუპერთანამედროვე ტექნიკას კონკურენციას ვერ გაუწევს”, - ამტკიცებს ვახტანგ კაპანაძე და შეკითხვაზე - “ამერიკის პრეზიდენტი პუტინის მუქარას ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე რეალურ რისკად მიიჩნევს...” - პასუხობს:
“პუტინი ჯერ არ არის ამაზე წამსვლელი, რადგან ჩიხში მოქცეულად ჯერ არ გრძნობს თავს, ჯერ კიდევ ჰყავს მოკავშირე ბელარუსი; ჰყავს ის 200 ათასი კაცი, შეკრებილი 21 სექტემბრის ნაწილობრივი მობილიზაციის დროს და თუ დასჭირდება, კიდევ გამოაცხადებს გაწვევას. რუსული პროპაგანდა ჯერ კიდევ ეფექტური და შეუცვლელი იარაღია კრემლის ხელში. რუსეთში სამხედრო კრიზისი ახლა იწყება და თუ უფრო გამწვავდება, შეიძლება იფიქროს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ერთი მოსაზრებით, თუ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ის არც ზემცირე იქნება, არც საშუალო რაოდენობის, რადგან თუ ამ ნაბიჯზე წავა, შოკური ეფექტის მოხდენას მოინდომებს. მოსალოდნელია ოპერატიულ-ტაქტიკური ბირთვული საშუალება გამოიყენოს, ვიდრე ტაქტიკური ან სტრატეგიული, ისიც მცირე მოცულობის. შესაძლოა ეს იყოს ოპერატიულ სიღრმეში მოწინააღმდეგის ობიექტების გასანადგურებლად გაკეთებული გასროლა”.
“ბირთვული იარაღის გამოყენება მთლად პუტინისა და მისი გუნდის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. ამის გამოყენებას მომზადება სჭირდება, რასაც დასავლეთის დაზვერვა ძალიან ყურადღებით აკვირდება. საქმე ის არის, რომ ტაქტიკური ბირთვული რაკეტის მცირე და ზემცირე ჭურვის გამოყენება შედარებით შეუმჩნევლად შეიძლება, ვიდრე სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტის მომზადება და გაშვება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს ამომცნობი ინდიკატორები. თუ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ტაქტიკური ან ოპერატიულ-ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენა, მუქარას შეუსრულებენ _ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალებს, ასევე შავი ზღვის ფლოტს სრულად გაუნადგურებენ. ამისთვის ბირთვული იარაღის გამოყენება არც დასჭირდებათ _ დღევანდელი რუსული შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დასავლეთს მარტივად შეუძლია კონვენციური საშუალებებითაც გაუმკლავდეს მათ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
“უკიდურესი სცენარიც რომ განვიხილოთ, ბირთვული დარტყმა გამოიწვევს რადიაციულ ღრუბელს, რომელიც ევროპაში გავრცელდება. მისი შეღწევა კი ნებისმიერ შემთხვევაში ავტომატურად რთავს ნატოს “მეხუთე მუხლს” და ალიანსი ბრძოლაში ერთვება. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ზემცირე ან მცირე ტაქტიკურ იარაღს გამოიყენებს, რომლის რადიაციული ღრუბელი არ გასცდება უკრაინის ტერიტორიას, რამდენიმე ქვეყანას, მაგალითად, ბრიტანეთს, ამერიკასა და პოლონეთს გაცხადებული აქვთ, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც საპასუხო დარტყმას გულისხმობს. ასე რომ, თუ მართლაც მსჯელობენ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, კრემლი ამ ორი მძიმე არჩევანის წინაშე დგას და ორივე შემთხვევაში ძალიან მძიმე შედეგს მიიღებს. ვფიქრობ, შემდეგი წლის გაზაფხულისთვის ლენდ-ლიზის პროგრამით მიღწეული უკრაინელთა უპირატესობა შესამჩნევი გახდება და გარდატეხასაც იმ პერიოდისთვის უნდა ველოდოთ. ამის შემდეგ უფრო ადვილად პროგნოზირებადი გახდება, რა ნაბიჯებზეა წამსვლელი რუსეთი”, - დასძენს ვახტა