უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინას საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემების მიწოდებას დაჰპირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მან [ჯო ბაიდენმა] დაგმო რუსეთის სარაკეტო დარტყმები უკრაინის მასშტაბით, მათ შორის კიევში და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახის წევრებს. პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინის საკუთარი თავის დასაცავად საჭირო მხარდაჭერით უზრუნველყოფას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემებით“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
თეთრი სახლის განცხადება არ შეიცავს დამატებით დეტალებს იმის შესახებ, თუ საჰაერო თავდაცვის რომელი სისტემები განიხილეს მხარეებმა.