ოკუპირებულ აფხაზეთს არაოფიციალური ვიზიტით ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სტუმრობდა, სადაც ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასთან ერთად, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ახლო მეგობრობას განიხილავდა. აღნიშნულ თემას ადგილობრივ მედიასა და საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.
აფხაზეთში მიიჩნევენ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეგიონში ვიზიტი უკვე ნიშნავს, კიდევ ერთ აღიარებას, ოღონდ სხვა საკითხია, რის სანაცვლოდ; ჩამონათვალი შეიძლება რამდენიმე პუნქტისგან შედგებოდეს და მათ შორის შეიძლება იყოს ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის იმ პირობებით გადაცემა, როგორც ამას რუსული მხარე ითხოვს. ასევე, ენერგოსისტემის სრული კონტროლი და რაც მთავარია, პუტინის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივი მობილიზაციაში, აფხაზეთის მონაწილეობაც. ადგილობრივების თქმით, აფხაზეთის ე.წ. პირველი პირები კატეგორიულად უარყოფდნენ მასში მონაწილეობას, მაგრამ ამისთვის გარკვეული წინაპირობები უკვე შექმნილია.
სიმბოლურია, რომ ლუკაშენკო სწორედ ბიჭვინთის აგარაკზე მიიწვიეს, რომელსაც რუსეთი აფხაზეთისგან 49-წლიანი იჯარით გადაცემას ითხოვს. გამოცემა Апсныпресс -ის ცნობით, ასლან ბჟანიამ ლუკაშენკოს "ის სასურველი სტუმარი უწოდა, რომელსაც ამდენი ხანი ელოდნენ"...
ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით ადგილობრივ ექსპერტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ნაწილს მიაჩნია, რომ ლუკაშენკომ უბრალოდ ნიადაგი მოსინჯა, სხვების თქმით, ამ ვიზიტისგან მხოლოდ ის გაიგეს, რომ ლუკაშენკოს აფხაზეთი ძალიან მონატრებია, მათი საგარეო საქმეთა მინისტრი ქორწინდება და ბელარუსში აფხაზეთის აღიარებაზე ადრეც მსჯელობდნენ;
"რა გაითამაშა პუტინის კარისკაცმა "ბატკამ", ამის შესახებ ალბათ მხოლოდ ბჟანიამ და არძინბამ იციან, მათაც ბოლომდე არა" - წერენ ისინი.
Чегемская правда-ს მთავარი რედაქტორი ინალ ხაშიგი ბელარუსის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტს სატყუარად მიიჩნევს და კიდევ ერთი ქვეყნისგან დამოუკიდებლობის აღიარებას წარმოუდგენელს უწოდებს.
მისი თქმით, ლუკაშენკო ამის გაკეთებას ჯერჯერობით არ აპირებს, რადგან იცის, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მხოლოდ კრემლში იღებენ, ის კი, მხოლოდ შემსრულებელია...
როგორც ხაშიგი ამბობს, წლების წინ, ამის სხვაგვარი წინაპირობა არსებობდა, მაგრამ ლუკაშენკოს დასავლეთის სანქციების შეეშინდა, პუტინმა კი, კომპენსაციისთვის რაიმე გარანტია ვერ მისცა.
"ბელარუსის ბოლო არჩევნებზე მისი შედეგები დასავლეთმა არალეგიტიმურად მიიჩნია, რის ფონზეც, მას ევროპასთან ურთიერთობა გაუფუჭდა. ამიტომაც უკრაინის ომში რუსეთის მხარეს დადგა. ახლა დასაკარგი არაფერი აქვს, დასავლეთთან ურთიერთობას დალაგების იმედი აღარ აქვს და ალტერნატივად რუსეთი რჩება.
კიდევ ერთი ვერსიაა, აღიარება ბიჭვინთის ტერიტორიის მოსკოვისთვის გადაცემის სანაცვლოდ. არსებობს სხვა ვერსია - რუსეთს დიდი ხანია სურს საბჭოთა კავშირი 2 და შესაძლოა, ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ, ის რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს... ახლა რუსეთიც და ბელარუსიც სხვა პოლიტიკურ სიბრტყეში აღმოჩნდნენ" - მიაჩნია ხაშიგს.
ekhokavkaza.com-ის ცნობით, ლუკაშენკო, 68 წლის ავტორიტარი მმართველია, რომელიც 28 წელია ბელარუსს მართავს, პირველად 40 წლის ასაკში გახდა პრეზიდენტი და მას შემდეგ ძალაუფლებას ვერ ჩამოაშორეს.
"ერთადერთი ინფორმაცია, რაც ლუკაშენკოს ვიზიტის შემდეგ გავიგეთ, არის ის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ქორწინდება. ეს ამბავი მას ლუკაშენკომ მიულოცა და სოხუმელი ინსაიდერებიც კი შოკში ჩააგდო. თუმცა არავინ ფიქრობს, რომ დახურულ კარს მიღმა ლუკაშენკო, არძინბა და ბჟანია ამ თემაზე საუბრობდნენ..." - წერს გამოცემა ekhokavkaza.com.
მისივე ვარაუდით, შესაძლოა ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთის მოკავშირე ქვეყნების გაერთიანებაში შეყვანას ემსახურებოდა... საქმე ის არის, რომ თავად ბელარუსის ელიტა შიშობს, რომ შესაძლოა ამ პირობებში, მათი ქვეყანა რუსეთის გუბერნიად იქცეს, ნაწილობრივ ან სულაც მთლიანად... არ არის გამორიცხული, ამ ვითარებაში, აფხაზეთთან კავშირის შენარჩუნება, მინსკის ინტერესებშიც შედიოდეს, ოღონდ უფრო ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ივნისში სოხუმში იმყოფებოდა ლუკაშენკოს უახლოესი მოკავშირე ვიქტორ შეიმანი, რომელიც ასევე შეხვდა ასლან ბჟანიას და ინალ არძინბას.
"კულუარული ინფორმაციით, მათ დახურულ კარს მიღმა აფხაზეთსა და ბელარუსს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, ასევე აფხაზეთში ბელარუსული ინვესტიციების შემოსვლის თემა განიხილეს, ეს ეხება სამშენებლო, ასევე, ტურისტული ობიექტების მშენებლობასა და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მიმართულებას" - წერს გამოცემა.
მასთან საუბარში, აფხაზეთის ე.წ. ყოფილი საგარეო მინისტრი და პარლამენტის სპიკერი, სოკრატ ჯინჯოლია ამბობს, რომ მას სჯერა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ლუკაშენკო აფხაზეთის აღიარებაზე წამსვლელია, რადგან მან ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრა და სხვა პოზიციაზე იყო, თუმცა ბოლო დროს არაერთხელ აღნიშნა, რომ ის ამ ნაბიჯს გადადგამს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი ეტყვის.
კიდევ ერთი პოლიტოლოგი, ორგანიზაცია "არუას" წარმომადგენელი, ახრა ბჟანია მიიჩნევს, რომ ძალიან ცუდი იქნება თუ ლუკაშენკოს ვიზიტი სინამდვილეში მხოლოდ სატყუარაა, ხალხის განწყობის მოსაბრუნებლად და აღიარების ნაცვლად, აფხაზეთს რუსეთსა და ბელარუსთან ერთად სამოკავშირეო ხელშეკრულებაში შეიყვანენ.
"ეს ძალიან ცუდი იქნება აფხაზეთისთვის, რადგან ის არ პასუხობს აფხაზეთის ინტერესებს. სტატუსის შეცვლა ძალიან სახიფათო პოპულიზმია და ასე თამაში არ შეიძლება" - ამბობს ბჟანია.