პუტინმა 10-წლიანი ციხე შემოიღო იმ რეზერვისტებისთვის, რომლებიც თავს აარიდებენ რუსეთის არმიაში გაწვევას და ისინიც თავს რუსეთიდან სასწრაფოდ გაქცევით შველიან, მათ შორის საქართველოსკენაც...
უკრაინასთან ომის ჭაობში ყელამდე ჩაძირული და „დასახრჩობად“ განწირული რუსეთის არმიის გადასარჩენად კრემლმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რაც თითქოს 300 ათასი რეზერვისტის გაწვევას ითვალისწინებს. თუმცა ამ მობილიზაციის კანონის მეშვიდე პუნქტი (რომელშიც მობილიზაციას დაქვემდებარებულ რეზერვისტთა ზუსტი რაოდენობაა მითითებული) გასაიდუმლოებულია, რაც თავად რუსეთის მასმედიასა და საზოგადოებაში აჩენს ეჭვს, რომ სინამდვილეში ოთხჯერ მეტი, 1,2 მლნ რეზერვისტის მობილიზაციაა დაგეგმილი. XXI საუკუნის ჰიტლერის, პუტინის ავადმყოფურ ზრახვებს, რაც უნდა დაუჯდეს აღადგინოს რუსეთის იმპერია და ამით დაიმკვიდროს თავი მსოფლიო ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეების უდიდეს ნაწილს არ სურს შეეწიროს და ამიტომაც მობილიზაციის გამოცხადებისთანავე თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ უახლოესი საზღვრებისკენ. მაგრამ რუსეთთან სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვა უკვე მოასწრეს ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ, ფინეთმა, (აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვრები კერძო ავტომობილებისთვის რამდენიმე თვეა ისედაც ჩაკეტილი აქვს კორონავირუსის პანდემიის მომიზეზებით). ღია რჩება სასაზღვრო გადასასვლელები ჩრდილოეთ კორეასთან, ჩინეთთან, მონღოლეთთან, ყაზახეთთან, ბელარუსსა და საქართველოსთან.
გასაგებია, რომ რუსეთის ევროპული ნაწილის მოსახლეობა აღმოსავლეთისკენ არ გაიქცევა, რადგან ჩინეთის საზღვრამდე მანქანით მისაღწევად დღეები დასჭირდებათ, მაგრამ არც ბელარუსში გადასვლით იკლავენ თავს და ძირითადი მასა სამხრეთისკენ გამოეშურა საქართველოში სასწრაფოდ შემოსაღწევად, რისთვისაც ვიზაც კი არ სჭირდებათ.
რუსეთის კანონი "მობილიზაციის შესახებ" სამხედროვალდებულ მოქალაქეებს მხოლოდ სამ დღე-ღამეს აძლევს, რათა სამხედრო კომისარიატებში გამოცხადდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. რუსეთის იმ მოქალაქე მამაკაცთა ნაწილი, რომელიც მობილიზაციას გაურბის და ცდილობს სასწრაფოდ გადმოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე, 14 წლის წინ უკვე „სტუმრობდა“ ჩვენთან, ოღონდ არა ტაქსებით, არამედ ტანკებზე "ამხედრებული".
საქმე ის არის, რომ რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია უპირველესად იმ მოქალაქეების გაწვევას ითვალისწინებს, რომლებსაც უკვე გავლილი აქვთ სამხედრო სამსახური და საბრძოლო გამოცდილება. ასაკიც განსაზღვრულია: რიგითებისა და სერჟანტების 35 წლამდე, ხოლო 50 წლამდე უმცროსი ოფიცრების (ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი).…
თუკი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში ტანკით შემოჭრილი რუსი ოკუპანტები, მაგალითად, რიგითი ივანოვი 20 წლის, ხოლო უფროსი ლეიტენანტი პეტროვი 25 წლის იყვნენ, დღეს, 14 წლის შემდეგ, იგივე 34 წლის ივანოვი და 39 წლის პეტროვი, ოღონდ უკვე მოქალაქეების სტატუსითა და ტაქსებით აპირებენ საქართველოში ისევ "შემოჭრას", რათა თავისი ქვეყნის დიქტატორის ხუშტურებს ქართულ მიწაზე დაემალონ!
რატომ არ გარბიან მათ მიერვე "გათავისუფლებულ" და "აღიარებულ" ოკუპირებულ აფხაზეთში თუ ცხინვალის რეგიონში? იმიტომ ხომ არა, რომ იქაური სეპარატისტები რუს ოკუპანტებთან ერთად მაშინვე რუსეთში ძალით დააბრუნებენ?
ეს ძალზე სერიოზული მომენტია და საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს შესაძლო საფრთხეები, რომელთა ნაწილობრივ თავიდან ასაცილებლად მაინც უპრიანი იქნებოდა სახმელეთო და საჰაერო სასაზღვრო პუნქტების სასწრაფო ჩაკეტვა რუსეთის 18-დან 60 წლამდე ყველა მამაკაცი მოქალაქისთვის. თანაც ეს ისეთი კურიოზული სიტუაციაა, როდესაც კრემლის მიწისქვეშა ბინადარი პუტინი, პირიქით, შეიძლება მადლობელიც დარჩეს საქართველოსი - ჩემს მომავალ საზარბაზნე ხორცს, რეზერვისტებს თავის შველის საშუალება არ მისცაო.