ჯერ, მაინც ვერ გავიგე, რას ნიშნავს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელზეც ხშირად საუბრობენ. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე, აკისრებენ ერთმანეთს და, რაც ყველაზე საინტერესოა, ამ აღება-დაკისრებაში არის რაღაც ჰეროიკული, ცოტნედადიანური, თევდორემღვდლური, სავლე-პავლური და, თუნდაც, სტახანოვურ-მატროსოვული.
თუ სხვას დააკისრებ (პასუხისმგებლობას კი არ გავურბივარ, მაგრამ მე რა შუაში ვარ, ყველაფერი ეგ იყო, მე, ჩემთვის კუთხეში ვიჯექი და მაწონს ვჭამდიო), ხარ გულწრფელობის განსახიერება - გულზე ხელი, თვალებში ცრემლები, ყელში გორგალი და, მეტი დამაჯერებლობისთვის, მოშიშვლებული მხრები, რომლებზეც შეუიარაღებელი თვალით ჩანს პატარა ფრთები, რომლითაც, მართალია ვერ იფრენ, მაგრამ ანგელოზთა დასის წევრობაზე მოკრძალებული პრეტენზიის გაცხადების უფლება ნამდვილად გაქვს.
შემდეგ, გავა დრო, ბევრი ან ცოტა, ვიღაცა აპატიებს, ვიღაცა დაივიწყებს (ხომ ყველამ დაივიწყა მაია ნადირაძე და ზაზა ბეგაშვილი?!), შემდეგ უფრო დიდი ფრთებით მოგვევლინებიან, იფრენენ (ყვავებიც დაფრინავენ) და ზემოდან დაგვხედავენ, როგორც მიტოვებულ ჭურში ჩარჩენილ მთხლეს.
ჰოდა, იმ ჭურში ყვავის სკინტლი რომ ჩამოვარდება, ნურავინ დაიმშვიდებს თავს, ალბათ, ფულს ვიპოვნითო. ჯერ ერთი, ნაპოვნი ფულით სიმშვიდე არ მოიპოვება და მეორეც - რაში არგია მთხლეს ფული?
ახლაც, ჩართავ ტელევიზროს და მენტორული ტონით გესაუბრება პროფესორი თეა თუთბერიძე (ბოროტი ქათამი), რომელიღაც მეცნიერებათ დოქტორი, სერგო რატიანი, კატეგორიულად მოითხოვს დამნაშავეთა დასჯას და ისინი და სხვებიც, ყველა ერთად, ამტკიცებენ, რომ კონკრეტული დანაშაული არის კონკრეტული დანაშაული, განზოგადება არ შეიძლება, სისტემაზე საუბარი უკვე დანაშაულია - ერთი-ორი მზაკვრულად შემოპარულისა და შევარდნაძის ხელისუფლებიდან შემთხვევით გადმოყოლილის გამო ნუ გავიშვერთ ხელს მათკენ, ვინც საქართველოს მშვიდობის ხიდი, ჭაჭის შადრევანი და „მაპზე უკეთესი“ მოუპოვა.
მაგრამ ვიღაც ხომ მაინც არის პასუხისმგებელი? ვიღაც ხომ უნდა დაისაჯოს იმაზე, რომ რელსები იყო დაჟანგული, ვაგონები - მოუწყობელი, მემანქანე - მთვრალი, გამცილებელი - ბინძური და მატყუარა (ციგანი პრავადნიკი), ლოკომოტივი - მოძველებული და გაუმართავი, ხოლო მატარებლების მოძრაობის განრიგი - შედგენილი ისე, რომ კატასტროფა გარდაუვალი იყო.
რა თქმა უნდა, დამნაშავეა მეისრე. თუთბერიძე და რატიანი ვაგონის კუთხეში ისხდნენ და მაწონს ჭამდნენ. მერე, ორივეს კუჭი აეშალა და მწარედ ინანეს, რომ უკანასკნელი ფულით იყიდეს მაწონი, პამპერსები კი, დაავიწყდათ... და ვინ იცის, იქნებ მათმა უპამპერსობამ და ვაგონიდან გამოჟონილმა სიმყრალემ გადაიყვანა ჭკუიდან მეისრე?
მაგრამ, მაინც მეისრეა დამნაშავე - რა მეისრე ხარ, თუ სიმყრალეს ვერ უძლებ?
ასე და ამგვარად, თითი გაშვერილია, დამნაშავე ნაპოვნია - ვაშაძეები და ბაქრაძეები ახალ ეროვნულ მოძრაობას იწყებენ, ხაჩირიშვილები და შონზოები კი, სათუთად უფრთხილდებიან გულის ჯიბეში კოხტად ჩაკეცილ ინდულგენციებს.
ბარემ, აქვე შეგახენებთ, რომ ინდულგენციებით ვაჭრობა ერთ-ერთი ყველაზე შავი და სამარცხვინო ლაქაა კათოლიციზმის ისტორიაში. ეს - ისე, შეხსენებისთვის და გასაფრთხილებლად. ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. მე ჩემი მითქვამს, შემოდგომაზე კი, წიწილებს ცესკო დაითვლის, გაზაფხულზეც დაითვლის და შემდეგ ერთად მოვძებნოთ ორმოცდაერთი განსხვავება იმ ორ ნახატს შორის, ერთი - შარშან, შემოდგომაზე რომ დაიხატა და მეორე - გაისად, გაზაფხულზე რომ დაიხატება.
განსხვავება განწყობაშია. ოპტიმიზმი არის, მაგრამ არის იმედგაცრუებაც. მითქვამს და ვიმეორებ - ამ ქვეყანაში ადამიანებს აქვთ ღირსება და სამართლიანობის მძაფრი განცდა. სამუშაო ადგილების შექმნა, სოციალური საკითხები, ტერიტორიული მთლიანობა, განათლება, ეკონომიკა... - ყველაფერი მოსაგვარებელია და არავინ ითხოვს „ოქროს სარაიას“, მაგრამ ომის შემდეგ, როდესაც მშვიდობა ისადგურებს, ბრძოლის ველზე პირველები გამნაღმველები შედიან და საკუთარ მოვალეობას ასრულებენ - ველზე გადაადგილება, ხვნა-თესვა, მომკვა, გალეწვა და ა.შ. უსაფრთხო ხდება.
არ მსმენია, რომ სადმე, ოდესმე გამნაღმველს ნაღმისთვის გვერდი აევლოს, ან გულგრილად ჩაევლოს, ან შემოეღობოს და გზა გაეგრძელებინოს. არც ის გამიგია, ნაღმს ჯარისკაცის მამასავით მოფერებოდეს - აქ რამ მოგიყვანა, შე მადლიანოო.
სანამ ველი ნაღმებით არის გაძეძგილი, ნურავის ეგონება, რომ ვინმე იქ ტრაქტორს შეაგელვებს.
საერთოდ, გამნაღმველები ნაღმებს პოულობენ და აფეთქებენ. არც ის გამიგია, ნაღმს რომ ნაღმობა მოენანიებინოს და პირობა დაედოს - არ ავფეთქდებიო. ეგეთი ნაღმებით არის სავსე ყველა უწყება და ყველა სამსახური. იშვიათად, ვინმეს რომ მათზე ეთქვას, სამსახურიდან გაუშვესო. უფრო მეტად ეს მესმის ხოლმე: დანიშნეს, დააწინაურეს...
ესენი თბილად მოსხდნენ, იმათ მეისრე მოძებნეს. ერთი ჯგუფია, ერთი შემადგენლობა, ერთი დანაშაულის თანამონაწილეები, მშვიდები და თავხედები. თუ კოაბიტაცია იმას ნიშნავს, რომ ვიღაცას დანაშაული შერჩეს, ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა.
საერთოდ, ძალიან მიკვირს - რატომ გონიათ კოაბიტირებულ მხარეებს, რომ ასე დიდხანს გაგრძელდება? მე ის მიკვირს, ამდენ ხანს რომ გაგრძელდა, თუმცა ისიც ხომ არის, რომ ფრანგულ რესტორანში მომხდარი „ძლევაი“, სულაც არ იყო საკვირველი და რომ ეს იყო პირველი მერცხალი, რომელიც მართალია გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მაგრამ მაგალითი გადამდებია, ხოლო შიში - მამაძაღლი.
შიში იმისა, რომ სახეშეცვლილი და გადახალისებული, მაგრამ უფრო მეტად გაბოროტებული ნაცები რევანშის აღებას შეეცდებიან. დასაჭერი ხალხის სია ნაპოვნია, მაგრამ სადღაც აუცილებლად იწერება დასახვრეტი ხალხის სია და მას სწორედ ისინი წერენ, რომლებიც, ჯერ-ჯერობით, წარმატებით ახერხებენ დამნაშავე მეისრის გამოვლენას და საზოგადოების მოკლე მეხსიერებაზე თამაშს.
ჯერ არ გამიგია, რომ ვინმეს რამე მოენანიებინოს, არადა არც ის მინდა, რომ ვიღაცამ თავი მოიკლას და მხოლოდ ამის შემდეგ დადგეს ფიქრი და მონანიება. ეგრეც რომ მოხდეს, ვიღაცის სინანული არ ნიშნავს მის პატიებას, არც პატიება ნიშნავს დავიწყებას. დამახსოვრება სულაც არ არის ბოღმა, დამახსოვრება არის საკუთარი თავისთვის მუდმივად შეხსენება - „ფრთხილად, მეგობარო, ემანდ...“ ხოლო ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია ზნეობით და სამართლით.
ახლა, სულაც არ მგონია, რომ ზაზა ბეგაშვილს დაიჭერენ და გაასამართლებენ, ზონდერებს რომ მიუძღოდა და ყვიროდა იმას, რასაც ყვიროდა. სამაგიეროდ, კი არ მგონია და დარწმუნებულიც ვარ, რომ სადმე, ერთხელ მაინც, უფრო - ბევრჯერ და პერმანენტულად, იქნება „ძლევაი მოსალოდნელი“ თუ არა, თავში ხელის წამორტყმა და დაყოლება - „შე, კვერცხო“, მაინც.
არ მითხრათ, რომ „სამი პანღური ბეგაშვილისთვის“ არის უსამართლობა და უზნეობა. განა, სად და რომელ სასამართლოს მიუსჯია ვინმესთვის საზოგადოებრივი გაკიცხვა? რამდენმა უსაქმურმაც არ უნდა მომიწოდოს პოლიტკორექტულობისკენ, მე მაინც ამ აზრზე დავრჩები - პოლიტიკური და საზოგადოებრივი ველი უნდა გაინაღმოს.
პოლიტიკური პასუხისმგებლობით დავიწყე, აღება-დაკისრებით, და ამდენი ხანი მხოლოდ მათზე ვწერე, ვინც თვითონ ირიდებს, სხვას აკისრებს, მეისრეს ეძებს, ძალას იკრებს, რევანშისთვის ემზადება და დასახვრეტი ხალხის სიას ადგენს.
ხოლო ის? აი, ის, ვინც საკუთარ თავზე იღებს? რას და რამდენს იღებს, როგორ იღებს და, რაც მთავარია, რატომ?
ბელადია და იმიტომ. ჯერჯერობით, ბელადია, ოღონდ - ბოროტი ქათმების ბელადი. ეგ ბოროტი ქათმები ცუდად თუ აკაკანდნენ, მტრისას! მერე ვნახავთ მხოხავად შობილის ხოხვას, ოღონდ ის დამცველი აღარ ეყოლება, გორში რომ ყავდა...