ირანში ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო, გამოსვლები არ წყდება. დემონსტრაციები ქვეყნის დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში გაიმართა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. გავრცელებული ცნობით, პროტესტის გამო, ქვეყანაში შეზღუდულია ინტერნეტი.
მაჰსა ამინი თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა. თეირანის პოლიციაში აცხადებენ, რომ მაჰსა ამინის გულის შეტევა დაემართა, როდესაც დაკავებულ სხვა ქალებთან ერთად განყოფილებაში იცდიდა.