ჰაიტიზე ჰუმანიტარული კატასტროფაა, რაც ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისით არის გამოწვეული. სასურსათო დახმარების საწყობებზე რამდენიმეკვირიანმა თავდასხმებმა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება შეარყია, - აცხადებს ჰაიტის წარმომადგენელი გაეროში, ჰელენ ლა ლაიმი.
მისივე თქმით, არეულობის ფონზე, ბიზნესდაწესებულებები დაიხურა და სატრანსპორტო მომსახურება აღარ მუშაობს. ათასობით ადამიანი პრემიერის გადადგომას ითხოვს.
არეულობა კუნძულზე 11 სექტემბერს, მას შემდეგ გამწვავდა, რაც პრემიერ-მინისტრმა არიელ ანრიმ გამოაცხადა, რომ მთავრობა საწვავის სუბსიდირებას წყვეტდა, რასაც ბენზინისა და დიზელის ფასების ზრდა მოჰყვა.
მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ინფლაციამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია და ქვეყნის მოსახლეობის 40%, იმისთვის, რომ გადარჩეს, სასურსათო დახმარებაზეა დამოკიდებული.
პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს ემატება ქვეყანაში კრიმინალური დაჯგუფებების თარეშიც.