ისტორიული ეტიუდები

ისტორიული ეტიუდები

ჩვენს დროში დეპრესიული წიგნების წერა დანაშაულად მიმაჩნია. ისტორიაში მხოლოდ დიადი საქმეებით პოულობენ ადამიანები ხელახლა თავისი ძალის რწმენას. (შტეფან ცვაიგი)

სამშობლოსათვის შეწირულნი

1819 წლის იმერეთის აჯანყების დროს დაპატიმრებულმა მიტროპოლიტმა ექვთიმემ, შემდგომ წმინდანად შერაცხულმა ღირსმა ეფთვიმე გაენათელმა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრესთან შეხვედრისას იმპერატორს ახალი ნერონი უწოდა და უშიშრად ამხილა იგი საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისათვის თავისუფლების წართმევაში.

გავიდა საუკუნე და ქართველ ერს კიდევ ერთი უტეხი სულის დამცველი მოუვლინა ღმერთმა.

გაგზავნილ მემორანდუმში მან დაწვრილებით აღწერა საქართველოს გაუსაძლისი მდგომარეობა რუსეთის ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების სრული ჩამონათვალით და განათლებული კაცობრიობისაგან მოითხოვა დახმარება. კონფერენციაზე წაიკითხეს მემორანდუმი, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კათოლიკოსი, ქართველი ერის სახელით, საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანასა და რეფერენდუმის მოწყობას მოითხოვდა.1922 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შექმნილ ჯოჯოხეთურ პირობებში, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ თბილისიდან ხმა მიაწვდინა გენუის საერთაშორისო კონფერენციას, სადაც ევროპის წამყვანი სახელმწიფოები შეიკრიბნენ .

თავისი გაბედული ქმედებით ერის მოძღვარმა, ფაქტიურად, სამშობლოსათვის გაწირა თავი. წერილის გამო ამბროსი ხელაია ბოლშევიკებმა შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. სასამართლოზე პატრიარქი უშიშრად, ღიად ამხელდა კრემლის ყურმოჭრილი მონების “ნამოღვაწარს.“ მათ რაკი ვერაფრით გატეხეს პატრიარქის უტეხი სული, განაჩენად სიკვდილით დასჯა გამოუტანეს, მაგრამ მხცოვანი ასაკის გამო ერის სულიერ მამას მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 8 წლამდე, სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების კონფისკაციით.

ორი წლის შემდეგ კათოლიკოსი ამნისტიით გაანთავისუფლეს. ის სატუსაღოდან პირდაპირ სიონისაკენ გაემართა. კათოლიკოსი მეტეხის ხიდზე გადმოდისო – ეს ამბავი სწრაფად მოედო თურმე ქალაქს, როცა კათოლიკოსი სიონში მივიდა, ტაძარი უკვე მრევლით სავსე დახვდა. შევიდა თუ არა სიონში, ხალხი მუხლებზე დაემხო და აქვითინდა. მაშინ აღმოხდენია სიხარულით: „როგორც ჩანს, ქრისტიანობას საქართველოში ვერა ძალა ვერ გაანადგურებსო“ – და მომეტებული მღელვარებისგან გული წასვლია.

1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამბროსი ხელაია წმინდანად შერაცხა წმიდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით.

შთამომავლებს ანდერძად დარჩებათ წმინდანის სიტყვები, რომლითაც მას წამების დროს მიუმართავს ბოლშევიკი მტარვალებისათვის: „სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული ჩემი – საქართველოს, ხოლო გვამი ჩემი – თქვენი იყოს, ძაღლებო!“

აკი ბრძანა კიდეც ილია II-მ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა: “საქართველოს ეკლესია იყო, არის და მუდამ იქნება სული ქართველი ერისა”.

რა ძალა ქმნის გამარჯვებას?

რა თქმა უნდა, ძნელია გავერკვეთ თუ რა ძალამ, რა იდეამ შექმნა დიდი თუ მცირე ომების გმირები? როგორ ხდებოდა იდეის ჩამოყალიბება და მის გამარჯვებამდე მიყვანა.

მაშინ, როდესაც ისტორიის ნებისმიერი დროის მონაკვეთში ვინმეს რამეში დარწმუნება ერთ-ერთ ყველაზე რთულ საქმეს წარმოადგენს, როგორ ხდებოდა, რომ მთავარსარდალთა ერთ მოწოდებაზე ათეულ ათასობით მეომარი მზად იყო საკუთარი სიცოცხლის ფასად შეესრულებინა დავალება.

კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, თუ მათ შევხედავთ რაციონალური თვალსაზრისით, იქნებ ვცადოთ, გავერკვეთ იდეის გამარჯვების ტექნოლოგიაში და შესაბამისად რწმენის ძალაში.

მაგალითი პირველი: 1709 წლის აპრილში კარლოს XII-ის ჯარმა რუსეთის გამაგრებულ ქალაქს პოლტავას შემოარტყა ალყა. გამარჯვების შემთხვევაში შვედეთის მეფე ვარაუდობდა, რომ რუსეთს უკრაინას ჩამოაცილებდა. მას მხარს უჭერდა უკრაინელი ჰეტმანი მაზეპა.

პოლტავის ბრძოლის დღეს - 27 ივნისს, გაიცა პეტრე I-ის ბრძანება, რომელიც ჯარისკაცებსა და ოფიცრებს წაუკითხეს. თუ მათ რა აზრის გამოტანა, დამახსოვრება და გათავისება შეეძლოთ მისგან, ამიტომაც ვნახოთ ეს დოკუმენტი, რომელიც ჩვენთვის უკვე ისტორიულ წყაროს წარმოადგენს:

“მეომრებო, აი, დადგა ჟამი მამულის ბედის გადაწყვეტისა! არ იფიქროთ, რომ პეტრესთვის ომობთ. თქვენ ომობთ სახელმწიფოსთვის, რომელიც პეტრეს აბარია, იბრძვით თქვენი მოდგმისთვის, თქვენი მამულისათვის, ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და ეკლესიისათვის. ნურც მტრის სახელგანთქმულობა შეგაშფოთებთ - თითქოს იგი უძლეველი იყოს; ეს სიცრუე თქვენ თვითონ არაერთგზის გააქარწყლეთ თქვენი გამარჯვებით მასზე. დაე, ბრძოლაში თვალწინ გედგათ სიმართლე და ღმერთი, რომელიც თქვენ გეხმარებათ...“

მაგალითი მეორე: ჩინეთში ლაშქრობის წინ ჩინგიზ ყაენმა შეკრიბა მონღოლ-თურქთა დიდებულები და შემდეგი სიტყვებით მიმართა მათ: “ჩინეთის იმპერატორებმა ბევრი უბედურება მოუტანეს ჩვენს წინაპრებს და ნათესავებს. ახლა უზენაესი უზრუნველყოფს ჩემს გამარჯვებას. ის მაძლევს მე შესაძლებლობას და ძალაუფლებას მოვთხოვო ჩინეთის იმპერიას ჩემი წინაპრებისა და ნათესავების უფლებათა აღდგენა“.

დაკარგული უფლებების აღსადგენად კი ეროვნული მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩინგიზ ყაენის ირგვლივ პატრიოტული გრძნობებით გაერთიანდნენ მონღოლები და აღმოსავლეთის თურქები. ჩინგიზის ეს მიმართვაც მათ შეკავშირებას ისახავდა მიზნად.

ახლა ვნახოთ საქართველოს მეფემ, გიორგი მესამემ ანისისათვის ბრძოლის წინ თუ როგორ მიმართა თავის მეომრებს: “ ხედავთ თუ რაოდენ უფრო სასახელო არს მხნებრივ სიკუდილი, ვიდრეღა სენითა და განდნობითა განლეულებასა შინა, რამეთუ სახე და სახელი კეთილი საუკუნოდ გზად გაუყვების!“

სახელოვანი სიკვდილი გერჩივნოთ, სენითა და სიბერით სიკვდილსო. მეფემ მეომრებს უთხრა ის, რაც ჭეშმარიტებად მიაჩნდა.

1805 წლის 21 ოქტობერი, ტრაფალგარის საზღვაო ბრძოლამდე ადმირალმა ნელსონმა ბრძანა”ვიქტორიდან“ გადაეცათ ლეგენდარული სიგნალი: ინგლისი მოელის, რომ ყველა ადამიანი თავის მოვალეობას შეასრულებს (ინგლ. England expects that every man will do his duty). ის დღეს ცნობილია, როგორც ნელსონის სიგნალი.

ტიპიური ბრიტანული ხასიათი. ყოველგვარ ემოციას მოკლებული. მეომრებს აქ მხოლოდ მოვალეობას ახსენებენ. მაგრამ როგორ ესმით მათ ეს მოვალეობა?

ჯონ ბრეინი, კითხვაზე, თუ რა ძალამ აქცია კუნძულებზე მდებარე პატარა სახელმწიფო, მსოფლიო იმპერიად, პასუხობს: ინგლისელ მეწაღესაც კი, რომელიც მთელი დღე ძველ ფეხსაცმელებს ჯღანავს, თავის საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით ასრულებს, რადგან შეგნებული აქვს, რომ ამას მხოლოდ პირადი ინტერესებისთვის არ აკეთებს, რომ მას აქვს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.

უცნაურია? შეიძლება. მათთვის - არა.

აკაკიმ ვერ იცნო მემკვიდრე

პოეტთა მეფე გალაკტიონი ახალგაზრდობის წლებს იგონებდა: "როცა სემინარიიდან გამოვედი, სადგურ ხარაგაულის ახლო, ერთ პატარა სოფელში, მასწავლებლის ადგილი მომცეს. კვირა-უქმე დღეებში სოფლის სადგურზე ჩამოვდიოდი, აქ თავს იყრიდნენ ჩემი ამხანაგი მასწავლებლები... საღამოობით თფილისიდან მატარებელი ჩამოივლიდა და ისეც ერთგვარ სიამოვნებას გვგვრიდა. სრულიად მოულოდნელად რომელიმე ნაცნობი გადმოვიდოდა მატარებლიდან... მოგვიტანდა თბილისის ამბებს, გვეტყოდა რამეს ნაცნობების შესახებ.…

ერთხელ დიდხანს ვიდექით სადგურზე... ვსაუბრობდით, ვიცინოდით... მატარებელი მოვიდა, ჯგუფი ახალგაზრდა ქალებისა იდგა და მგზავრებს ათვალიერებდა. ამ დროს მატარებლის მეორე კლასის ფანჯარა ჩამოიწია. კუპედან ღმერთივით გადმოიხედა ბამბის ქულასავით ჭაღარამ, ოლიმპიურად ამაყი სახის მქონე მოხუცმა...

- აკაკი! - ჩაილაპარაკა ვიღაცამ.

ელექტრონის ძალასავით იმოქმედა ამ სიტყვამ ყველაზე. ერთხანად გაშეშებულნი ვიდექით. მე თვალებით ვჭამდი ამ სახეს. აკაკიმ წაიკითხა სადგურის შენობაზე მიკრული სახელწოდება და ფანჯარა ისევ დახურა. ვხედავდი, რომ იგი დინჯათ გადაეშვა სავარძელში. ყველანი ამ კუპესაკენ გაექანნენ... ბევრმა მატარებელში შესვლაც მოინდომა. დაიკივლა ამ დროს მატარებელმა, მისცეს მესამე ზარი და მატარებელი გუგუნით გაექანა სიპივით დალესილ რელსებზე. დიდხანს დაყრუებულივით ვიდექი".

მართლაცდა რა იცოდა აკაკიმ, რომ იქ იმ წუთას, მისგან შეუმჩნეველი, მისი მემკვიდრე იდგა, უბრალო სკოლის მასწავლებლის სახით.

თავად მჯერა და თქვენც გაიმედებთ, რომ დღესაც არის ხალხში ილია, გალაქტიონი, ვაჟა, აკაკი... სხვანაირად ვერ წარმომიდგენია ჩვენი ერი!

მაგრამ, ესეც არის - ილია უნდა იყო, ბარათაშვილის პოვნა რომ შეგეძლოს.

მშობლიურ ენას ასე უკეთ გრძნობდა

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველი პრეზიდენტი, აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილი დიდი პიროვნება და დიდი მამულიშვილი გახლდათ. ცნობილია, რომ ქართულ ენაზე სიტყვით გამოსვლის დროს, მანქანაზე დაბეჭდილს ყოველთვის საკუთარი ხელით გადაწერილი ერჩივნა. ხელნაწერი კი მსხვილი, ლამაზი ასოებით ჰქონდა შესრულებული. და ამას აკეთებდა მსოფლიო მნიშვნელობის მოუცლელი მეცნიერი მთელი თავისი კარიერის მანძილზე.

რატომ აკეთებთ ასე? ჰკითხა ერთხელაც მისმა სწვლულმა მდივანმა, ვისთანაც მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხნის საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა.

ბატონი ნიკო მუსხელიშვილის პასუხი კი დიდი ადამიანისთვის დამახასიათებელი გულწრფელად ნათქვამი სიტყვები იყო: “როდესაც მანქანაზე დაბეჭდილი ქართული ტექსტი მაქვს თვალწინ, მაშინ მშობლიურ ენას, ისე კარგად ვერ ვგრძნობ, როგორც ხელნაწერში. ამას კი ისე მივეჩვიე, რომ თვით გადაწერის პროცესიც დიდ სიამოვნებას მგვრის”.

ის იყო მხოლოდ და მხოლოდ ფაქტი

დიდი პატრიოტი და მოაზროვნე ნიკოლო მაკიაველი, მოწადინებული იყო ერთიანი მძლავრი ხელისუფლება შეექმნათ იტალიაში. მისთვის ძალაუფლების მიღწევისათვის არავითარი უკადრისი საქციელი არ იყო დასაძრახი: არც მლიქვნელობა, არც გულქვაობა, არც ვერაგობა და კაცისკვლა. აქედან წარმოსდგა “მაკიაველიზმი“. მან ეს აზრები 1513 წელს ჩამოაყალიბა ტრაქტატში - “მთავარი.“

მისი დევიზია: “მიზანი ამართლებს საშუალებას“, რაც საზოგადოებისთვის არაერთხელ გამხდარა დავის და განხილვის საგანი.

“ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ შედეგი და არა პროცესი - წერს ცნობილი ამერიკელი მწერალი რობერტ პენ უორენი – უზნეო ფაქტორმა შეიძლება კარგი შედეგი მოგვცეს. ზნეობრივად კარგმა კი - ცუდი. იქნებ, ადამიანმა სული უნდა გაყიდოს, რათა შეიძინოს ძალაუფლება სიკეთის გასაკეთებლად.

ისტორიული ხარჯის თეორია, ისტორიის ზნეობრივი ნეიტრალობის თეორია, ყველაფერი ეს არის ამაღლებული ისტორიული ხედვა სამყაროსი ცივი მწვერვალიდან. იქნებ, მხოლოდ გენიოსები ხედავენ სამყაროს ასე, რათა სინამდვილე დაინახონ. იქნებ მაღალ მწვერვალზე უნდა მიგაჯაჭვონ და არწივებმა ჯიჯგნონ შენი ღვიძლი და ფილტვები, რათა სამყარო ასეთი თვალით დაინახო.“

ეს კი მხოლოდ გენიოსებს და გმირებს ძალუძთ.

და მაინც ყველაზე უტყუარი შეფასება მაკიაველის, ვფიქრობ, ჰიუგომ მოგვცა: “ავი სული არ იყო მაკიაველი, არც მავნე მწერალი, ის იყო მხოლოდ და მხოლოდ ფაქტი.“

უცნაურია, მაგრამ ფაქტია

სტალინის უახლოეს გარემოცვაში არ მოიძებნებოდა ადამიანი, რომელსაც ნათესავი არ ჰყოლოდა დაპატიმრებული, ზოგი ახლობელი, ზოგიც შორეული. კაგანოვიჩს ერთი ძმა დაუხვრიტეს, მეორემ თვითმკვლელობა არჩია. დააპატიმრეს და დახვრიტეს შვერნიკის სიძე, მისი ერთადერთი ქალიშვილის ქმარი, რომელიც შვერნიკის სახლში ცხოვრობდა - სტახა განეცკი.

დაპატიმრებული იყვნენ ვოროშილოვის რძლის მშობლები. სცადეს დაეპატიმრებინათ ვოროშილოვის ცოლიც - ეკატერინე დავითის ასული, დაპატიმრებული იყო მოლოტოვის მეუღლე - “პარტიული ხელმძღვანელი მუშაკი.“

ყოველივე ამას ისიც დავუმატოთ, რომ 8 წელი (1937-45 წწ.) საპატიმროებსა და გადასახლებაში გაატარა კალინინის ცოლმა.

მართლაც, იმდენად უცნაურია ეს ყოველივე, რომ კომენტარებიც კი ზედმეტია. რამდენად უნდა ყოფილიყო დაჯერებული სტალინი ამ პიროვნებების უსუსურობაში, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ენდობოდა მათ, მტკიცედ დარწმუნებული, რომ მათ სამაგიეროს გადახდის, შურისძიების, ბოლოსდაბოლოს, ადამიანური ღირსების და თავმოყვარეობის დაცვის უნარი არ შესწევდათ.

ერთადერთი მიხეილ კალინინი დაუცხრომლად ზრუნავდა ცოლის გათავისუფლებისათვის და, როგორც იქნა, დასტყუა პირობა სტალინს - მის ცოლს ომის დამთავრების შემდეგ გაათავისუფლებდნენ.

სტალინმა აბეზარ მოხუცს დაპირებული სიტყვა შეუსრულა...

ნათქვამია: დიდი ადამიანები, იმიტომ არიან დიდები და იმიტომ გვეჩვენებიან დიადებად, რომ ჩვენ თავად ვდგავართ მუხლებზე.

აი, ის ხალხი, მაშინდელი პარტიული ხელმძღვანელები, მაკიაველისებური ხერხებით, საკუთარი თავი და მასთან ერთად სკამიც რომ გადაერჩინათ, მუხლებზე მდგომნი როგორ შთააგონებდნენ სტალინს, რომ უიმისოდ საბჭოთა ხელისუფლება დაიღუპებოდა.

ცნობილი პარტიული მოღვაწე კამენევი თბილისელი ებრაელი გახლდათ. აქ დაამთავრა გიმნაზია. მისი წინადადებით იქნა წამოყენებული სტალინი გენსეკად, ხოლო შემდეგ, ლენინის წერილზე, ყრილობას არწმუნებდა, რომ მხედველობაში ავადმყოფი კაცის რჩევა არ მიეღოთ.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია - ებრაელები არასოდეს არ ცნობდნენ ბელადს, თუმცა პირველად, ჯერ კიდევ 1929 წელს, წითელ პროფესორთა ინსტიტუტში გამოსვლისას, სწორედ ეროვნებით ებრაელმა კაგანოვიჩმა უწოდა სტალინს ბელადი.

ტალეირანი - რა უნდა იცოდეს ქალმა და დიპლომატმა

“ნამდვილი მოთამაშენი არ თამაშობენ,“ - ამბობს ჰემინგუეი.

კითხულობ ნაპოლეონისა და რესტავრაციის ეპოქის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ცნობილი დიპლომატის, ტალეირანის მემუარებს და გიკვირს, რომ ის თავს არ იწონებს გაიძვერობით, პირიქით, წარმოუდგენლად გეჩვენება ის, რასაც მის პიროვნებას მიაწერენ.

ტალეირანის გარდაცვალებამაც კი ფრანგულ საზოგადოებაში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია. ამ ამბით გაკვირვებული მოქალაქეები კითხულობდნენ: “როგორ, ნუთუ ტალეირანი მოკვდა? ნეტავ რაში დაჭირდა ამის გამოგონება?

მართლაცდა, ის ხომ ყოველთვის ყველას ატყუებდა....

ისტორიას შემორჩა მისი საგულისხმო არაერთი დარიგება:

რჩევა ნაპოლეონს: “ხიშტი კარგი იარაღია ბევრი რამისთვის, მაგრამ ერთი რაღაცისთვის არ ვარგა, - მასზე დიდხანს ჯდომა შეუძლებელია“.

რჩევა მამაკაცს: “თუ ქალი ამბობს “არა“, მას მხედველობაში აქვს “შეიძლება“; თუ ქალი ამბობს “შეიძლება“, მას მხედველობაში აქვს “დიახ“; მაგრამ, თუ უეცრად ის ამბობს: “დიახ“, მაშინ ის ქალი არ არის.

რჩევა დიპლომატს: თუ დიპლომატი ამბობს “დიახ“, მას მხედველობაში აქვს “შეიძლება...“; თუ დიპლომატი ამბობს “შეიძლება“, მას მხედველობაში აქვს “არა“; მაგრამ თუ უეცრად ის ამბობს “არა“, მაშინ ის დიპლომატი არ არის“.

სამყაროს ულმობელი კანონები მართავს

ჯერ კიდევ 1911 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტი ტაფტი ამბობდა: “ქვემეხების დიპლომატია, ჯენტლმენებო, წარსულს ბარდება. სამყაროს გადასაკეთებლად ბრძოლა გრძელდება და ქვემეხი დოლარს უთმობს ადგილს. დოლარის დიპლომატია - აი ჩვენი მთავარი კარტი. დოლარით გაცილებით უფრო ეფექტიანად გავუსწორდებით მტრებს, ვიდრე ტყვიებითა და ყუმბარებით. სწორედ დოლარებით მოვიპოვებთ მსოფლიო ჰეგემონიას, თვით ნაპოლეონსაც რომ არ დასიზმრებია”.

ტაფტის ვარაუდი გამართლდა, I მსოფლიო ომიდან მხოლოდ ერთადერთი ქვეყანა გამოვიდა გამარჯვებული და წელგამართული - ეს იყო აშშ. ამერიკის მიერ მსოფლიო ომის დროს ევროპიდან გამოზიდულმა სიმდიდრემ, ქვეყანაში არნახული ეკონომიკური აღმავლობა გამოიწვია. 20-იანი წლების ამერიკა ერთ დიდ მოგუგუნე ქარხანას დაემსგავსა. ამერიკული საწარმოები ყოველწლიურად სულ უფრო მეტ პროდუქციას უშვებდნენ.

ბიზნესის განვითარებას ხელს უწყობდა აშშ მთავრობა, რომელიც მიიჩნევდა, რომ რაც მეტად გაიზრდებოდა წარმოება, მით მეტი ადამიანი დასაქმდებოდა და ამით მთელი საზოგადოება მოიგებდა. აი, რატომ იქცნენ ჰენრი ფორდის მსგავსი ბიზნესმენები გმირებად. პრეზიდენტი კულიჯი ამბობდა: “კაცი, რომელიც აშენებს ქარხანას - აშენებს ტაძარს“.

არათუ დღე, ამერიკული ქალაქები ღამის ცხოვრებითაც აქტიურად ცხოვრობდნენ, ღამის კლუბებში ისმოდა ჯაზური მუსიკა, ლამაზი გოგონები ცეკვავდნენ ჩარლსტონს, განგსტერები თავს იწონებდნენ კარგი მანერებით, საუკეთესო მანქანებით და იარაღით, ჩარლი ჩაპლინი ართობდა ხალხს. ძნელია ამ დროს ცუდზე ფიქრობდე კაცი, ისიც კატასტროფაზე. მაგრამ ეს მაინც მოხდა.

1929 წლის 24 ოქტომბერს ე.წ. “შავი ხუთშაბათიდან“ ახალი ერა დაიწყო ამერიკის ისტორიისთვის: ერთიმეორის მიყოლებით იხურებოდა ფაბრიკა-ქარხნები, გაკოტრდნენ ბანკები, ათასობით ადამიანს ვალი დაედო. გახშირდა თვითმკვლელობები. ეს იყო დიდი დეპრესია, გლობალური ეკონომიკური ვარდნა, რომელიც 10 წელი გრძელდებოდა და დაასრულა იგი არა რუზველტის “ახალმა კურსმა“, არამედ ადოლფ ჰიტლერმა. ასე რომ, ფაქტია - სამყაროს ულმობელი კანონები მართავს. ის, რასაც განგება ერთი ხელით გაძლევს, იქნებ უფრო მეტს მეორე ხელით გძალავს. ამიტომ არის, რომ არ არსებობს ცუდი კარგის გარეშე და კარგი ცუდის გარეშე.

ასეთ დროს რა შეიძლება გახსოვდეს?

1. კარგის დროს ეცადე მოსალოდნელი ცუდიც განჭვრიტო და მზად იყავი ყველაზე უარესისთვის!

2. ბრძნული რჩევაა: “ის, რაც არ გკლავს, გაძლიერებს“. რადგან დარტყმას გადაურჩი და ცოცხალი დარჩი, ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც ფოლადი ცეცხლში, ისე ხარ გამოწრთობილი, ე.ი. უკვე მზად ხარ უფრო დიდ საქმეებსაც შეეჭიდო.

საფრანგეთის კონეტაბლი

1934 წელს გამოდის დე გოლის წიგნი, სახელწოდებით “პროფესიონალური არმიისთვის“. იმხანად ახალგაზრდა ოფიცერს მიღებული აქვს ვიცე-კოლონელის წოდება და უკვე ერთი წელია, რაც მას ატარებს. მუშაობს თავდაცვის საბჭოში.

4 წლის შემდეგ დე გოლი კიდევ ერთ წიგნს “საფრანგეთი და მისი არმია“-ს გამოსცემს. როგორც შემდგომ თვითონ იტყვის: “ეს იყო ჩემი მოკრძალებული პოსტიდან უკანასკნელი გაფრთხილება, რითაც მივმართავდი სამშობლოს კატასტროფის წინ“.

ეს წიგნიც, ისე როგორც მისი წინამორბედი, საფრანგეთში თითქმის არ მიიღეს მაშინ, როცა გერმანიაში დე გოლის ნაწერებს პირადად თვით ჰიტლერი ეცნობოდა.

საფრანგეთის დელეგაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ფილიპ ბარესი 1934 წელს რიბენტროპთან შეხვედრისას მათი საუბრის შესახებ შემდეგს მოგვითხრობს: “რაც შეეხება მაჟინოს ხაზს, - უთხრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიბენტროპმა, - ჩვენ მას ტანკებით გავარღვევთ, ამას ჩვენი სპეციალისტი გუდერიანი გვიმტკიცებს. რამდენადაც ვიცი ამ აზრს გამოთქვამს თქვენი ცნობილი სპეციალისტიც. რომელი? - ჰკითხა ბარესმა. კოლონელი დე გოლი, რომელსაც თქვენთან თითქმის არ იცნობენ“.

შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა, მთლიანად აჩვენა ყოველივე ის, რის შესახებაც დე გოლი წლების განმავლობაში ქვეყნის ხელისუფალთ აფრთხილებდა, მაგრამ ომში დამარცხებულ ფრანგებს დროის უკან დაბრუნება უკვე აღარ შეეძლოთ.

1940 წლის 22 ივნისს, I მსოფლიო ომში საფრანგეთის არმიის მთავარსარდალმა, ხოლო შემდეგ ქვეყნის სამხედრო მინისტრმა და მოგვიანებით “ვიშის“ ფაშისტური რეჟიმის მეთაურმა მარშალმა ანრი ფილიპ პეტენმა ხელი მოაწერა კომპიენის სამარცხვინო ზავს ფაშისტურ გერმანიასთან.

განურჩევლად ეროვნული წარმომავლობისა და კულტურული იდენტობისა, ისტორიის ნებისმიერი დროის მონაკვეთში ვინმეს რამეში დარწმუნება ერთ-ერთ ყველაზე რთულ საქმეს წარმოადგენს. ასეთი დაუნახაობა და სიბრმავე კი საზოგადოებას ძალიან ძვირი უჯდება, რადგან შედეგი ქვეყნისთვის სავალალო დგება.

ლეგენდად ქცეული ფერდინანდ ფოში ერთადერთი ადამიანია საფრანგეთის ისტორიაში, რომელიც სამი სახელმწიფოს (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი) მარშალი გახდა.

მისი აღმასვლა კი 1917 წლიდან დაიწყო, როცა გენერალმა პეტენმა გენშტაბის უფროსის თანამდებობა ჩააბარა.

1918 წელს გერმანელთა საგაზაფხულო შეტევის დროს ფოში მოკავშირეთათვის შეუცვლელი ადამიანი გახდა. მას მარშალის წოდება მიანიჭეს და მთელი დასავლეთის ფრონტის მთავარსარდლობა ჩააბარეს. მას პატივად ხვდა 1918 წლის 11 ნოემბერს კომპიენის ტყეში გერმანიის იმპერიის უსიტყვო კაპიტულაცია მიეღო.

1921 წელს ფერდინან ფოში სამხედრო სამსახურიდან გადადგა, თუმც საფრანგეთის მთავრობის მრჩეველის პოსტი დაიტოვა.

ფოში მრავალი სამხედრო ორდენით დაჯილდოვდა. 1921 წელს იგი საფრანგეთის აკადემიის წევრი გახდა. მთელ საფრანგეთში მას მრავალი ძეგლი დაუდგეს, მისი სახელი უწოდეს ვაზის ერთ-ერთ ჯიშს და საფრანგეთის ფლოტის ავიამზიდს.

ფერდინან ფოშმა მრავალი სამხედრო თეორიული ნაშრომი გამოაქვეყნა. განიცდიდა რა კლაუზევიცის დიდ გავლენას, მის თეორიას პრაქტიკაშიც ახორციელებდა. იგი სამხედროთა ე.წ. კონსერვატორულ ფრთას ეკუთვნოდა.

ფოში ზერელედ აფასებდა ტანკებისა და ავიაციის, როგორც გადამწყვეტი ძალის როლს ომში გამოყენებისას. მიუხედავად მისი თეორიის მცდარობისა, I მსოფლიო ომი გერმანიამ ვერ მოიგო, მაგრამ ყველასგან აღიარებული და დაფასებული ფოში, მისი ახირებულობისა და შეზღუდული აზროვნების გამო, ასი ათასობის უმიზნო მსხვერპლის მიზეზი გახდა.

ასეთ აღიარებულ კერპებთან უხდებოდა ჯერ კიდევ ახალგაზრდა დე გოლს ბრძოლა.

საყოველთაოდ ცნობილია ის, რაც ტურეში შეხვედრისას ჩერჩილმა დე გოლზე თქვა: “აი საფრანგეთის კონეტაბლი“. ხოლო აშშ-ს პრეზიდენტ კენედის, რომელსაც დე გოლთან ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, 1963 წელს, სიკვდილამდე 15 დღით ადრე უთქვამს მასზე: “მე რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ვიყო, ისევე მოვიქცეოდი, როგორც გენერალი დე გოლი“.