John Mayall’s Bluesbreakers - ბრიტანული ბლუზ როკის სამჭედლო

John Mayall’s Bluesbreakers - ბრიტანული ბლუზ როკის სამჭედლო

არსებობენ ნიჭის აღმოჩენის უნარით დაჯილდოვებული მუსიკოსები, რომლებიც არასოდეს ცდილობენ პირველობას, სცენასაც თითქოს სხვებს უთმობენ, მაგრამ გადის დრო და თითოეული ასეთი აღმოჩენა უდიდესი პატივისცემით განიმსჭვალება მის მიმართ, ათწლეულების შემდეგ „სულიერი მამის“ ნებისმიერ გამოძახებას მზადაა გამოეხმაუროს და მიიღოს მონაწილეობა სახელოვანი მუსიკოსის 70 წლის გრანდიოზულ იუბილეში, რომელსაც მთელი ინგლისი ზეიმობს, რადგან ჯონ მეიალი ბრიტანეთის იმპერიის ოფიცრის საპატიო წოდების მატარებელია...

მას შემდეგ 10 წელიწადმა განვლო, მუსიკოსს წლეულს 80 წელიწადი უსრულდება და სავსებით შესაძლებელია, რომ გრანდიოზულ საიუბილეო საღამოზე მის გვერდში კვლავ ვიხილოთ ერიკ კლაპტონი, მიკ ტეილორი, ბადი უიტინგტონი, უოლტერ ტრაუტი, კოკო მონტოია თუ სხვა დიდი გიტარისტები, ვინც სახელი უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვა დროს John Mayall’s Bluesbreakers-ში დაკვრით გაითქვა.

ჯონ მეიალი მისდა უნებურად სელექციონერის მოღვაწეობას ჯერ კიდევ 1962 წელს შეუდგა, როდესაც მის პირველ ჯგუფ Blues Syndicate-ში ალექსის კორნერის სამჭედლო გამოვლილი გიტარისტი რეი კამინგსი და დრამერი ჰიუ ფლინტი აღმოჩნდნენ. ბედის ირონიით ამ მუსიკოსებთან ერთად, მალე თვით მეიალი აღმოჩნდა დიდი პატივით ალექსის კორნერის კოლექტივში. საბოლოოდ კი უკვე 1963 წელს იქმნება Bluesbreakers, რომელიც მომავალში 100-მდე მუსიკოსს გამოიცვლის.

ლონდონის Marquee Club-ში გამართულ სადებიუტო კონცერტზე, მეიალს პარტნიორობას მომავალში აღიარებული Fleetwood Mac -ის ბას გიტარისტი ჯონ მაკვი და გიტარისტი ბერნი უოტსონი უწევდნენ. თავად მეიალი მღეროდა, უკრავდა ჰარმონიკაზე, კლავიშებიან ინსტრუმენტებზე და ზოგჯერ გიტარაზე.

ბლუზური ტენდენციების კოლექტივი ხმის ჩამწერ ფირმა Decca-ს ყურადღების მიღმაც არ დარჩენილა, რომელმაც The Rolling Stones-ის ფირფიტებთან ერთად, მალე Bluesbreakers-ის ნამუშევრების გამოცემაც ითავა. 1965 წელს კი კოლექტივში თვით ერიკ კლაპტონი გამოჩნდა, რომელსაც მაინცდამაინც არ აკმაყოფილებდა The Yardbirds-ის “პრიმიტიული რეპერტუარი“.

Bluesbreakers მისთვის ისეთივე აღმოჩენა იყო, როგორც თვით ჯონ მეიალისათვის მასთან პარტნიორობა. აკი 1964 წელს ამბობდა კიდეც ჯონ მეიალი, რომ ორი წლის შემდეგ, მუსიკალური სამყარო მიხვდებოდა, რომ მის წინაშეა უდიდესი ელექტროგიტარისტი; და მართლაც, მეიალი საკუთარ სიტყვებს სიამაყით უკვე 1966 წელს იხსენებდა, როდესაც მაღაზიათა დახლებზე უმნიშვნელოვანესი ალბომი John Mayall’s Bluesbreakers with Eric Clapton გამოჩნდა.

ამ ალბომმა გარდა იმისა, რომ უმაღლეს დონეზე წარმოაჩინა ბრიტანული ბლუზის გამორჩეული ინტიმი და ველური შავკანიანი ბლუზისაგან განსხვავებულობა, პროდიუსერ მაიკ ვერნონის რისკის ფასად, შექმნა სოლო გიტარის დღევანდელი ჟღერადობა, მყისიერად ამოაგდო რა ხმარებიდან გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისის „ჟღარუნა“ რიტმ თუ სოლო გიტარის პარტიები.

 

სტუდიაში მუშაობისას ვერანაირად ვერ მოახერხეს ერიკ კლაპტონის გიტარის ჟღერადობის დარეგულირება, რომელიც ჩამწერი მოწყობილობის ინდიკატორებს „აწითლებდა“, რაც თავისთავად მაგნიტოფონების ინდიკატორებზეც ანალოგიურად აისახებოდა, მსმენელი კი უკმაყოფილო დარჩებოდა „უხარისხო“ ჩანაწერით, რასაც შეეწირებოდა არამარტო მაიკ ვერნონის კარიერა, არამედ ფირმის რეპუტაცია. Decca-ს მომავალში კრიზისი სულ სხვა მიზეზებით ელოდა, ხოლო მაიკ ვერნონს კი რისკი დაუფასდა და პოპ მუსიკის ისტორიაში მისი სახელი ოქროს ასოებითაა შესული ზემოთხსენებული ალბომის გამო, რომელიც საყოველთაო აზრით, უმნიშვნელოვანეს ბრიტანულ ბლუზურ ალბომადაა მიჩნეული.

ჩაწერის პროცესი სამ დღეს მიმდინარეობდა. ალბომი სუფთა ჩიკაგური ბლუზის რამდენიმე შედევრის ქავერს მოიცავდა, რომელთაგან აუცილებლად აღსანიშნავია რობერტ ჯონსონის Ramblin' on My Mind, რადგან სწორედ აქ შეიძლება ერიკ კლაპტონის პირველი ვოკალის პარტიის მოსმენა, რაც შემდგომში Cream-ში ჯეკ ბრიუსის გვერდზე, შედარებით ხშირ ხასიათს მიიღებდა.

ერიკ კლაპტონის Cream-ში წასვლის შემდეგ, მისი ადგილი John Mayall’s Bluesbreakers-ში გარკვეული პერიოდით შემდგომში Fleetwood Mac-ის ლიდერმა  პიტერ გრინმა დაიკავა. დღესდღეობით მსმენელისთვის მასთან ერთად ჩაწერილი A Hard Road-ის გაფართოებული ვერსიებიცაა ხელმისაწვდომი.

როგორც კლაპტონთან, ასევე პიტერ გრინთან ერთად ჩაწერილმა ფირფიტებმა შექმნა ფუნდამენტი ბრიტანული ბლუზისა, რომელიც გაცილებით მასშტაბური იყო ჯონ მეიალის, ვიდრე ვთქვათ The Rolling Stones-ის შემოქმედებაში.

Bluesbreakers-ის მომდევნო გიტარისტი დევიდ ო’ლისტი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, მაგრამ ამ უკანასკნელმა Nice-ში კიტ ემერსონთან თანამშრომლობა ამჯობინა, საბოლოოდ კი არჩევანი 18 წლის გიტარისტ მიკ ტეილორზე შეჩერდა. მასთან ერთად Bluesbreakers-ში წარსულში ჯონ ლორდის Artwoods-ის დრამერი, კიფ ჰარტლიც გამოჩნდა. მალე იგი New Jazz Orchestra-ს და მომავალში Colosseum-ის ჯონ ჰაისმანმა შეცვალა. ყველაზე დიდი მოულოდნელობა კი ამერიკის ტურნეში სცენაზე 15 (!) წლის ბას გიტარისტის - ენდი ფრეზერის გამოჩენა იყო, რომელიც მალე ახლადშექმნილ Free-ს მიუერთდა, მისი ადგილი კი ტონი რიივსმა დაიკავა. ამავე პერიოდის Bluesbreakers-ში Colosseum-ის საქსოფონისტი დიკ ჰეკსტოლ-სმიტიც კი უკრავდა. ამ მუსიკოსების ჩამონათვალიდან გამომდინარე, ერთი შეხედვითაც კი ცხადი ხდება, თუ  John Mayall’s Bluesbreakers-ის სახით, რა დონისა და მნიშვნელობის კოლექტივთან გვაქვს საქმე.

დაახლოებით ორწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, მიკ ტეილორმა დატოვა Bluesbreakers და ხუთი წლით თვით The Rolling Stones-ის საშტატო გიტარისტად იქცა, შექმნა რა კიტ რიჩარდსთან განუმეორებელი ტანდემი ისეთ ალბომებში, როგორიცაა მაგალითად Sticky Fingers და Exile On Main Street.

John Mayall’s Bluesbreakers-ის მომდევნო გიტარისტად ჰარვეი მენდელი იქცა. ბასისტ ლარი ტეილორთან ერთად, მეიალმა იგი Canned Heat-დან გადაიბირა. კოლექტივში ფრენკ ზაპას Hot Rats გამოვლილი მევიოლინე „შუგარქეინ“ ჰარისიც გამოჩნდა და რეპერტუარშიც ბლუზური ტენდენციები იმ დროისათვის წარმართველმა ფსიქოდელიურმა გარღვევებმა შეავსო. თანაც მეიალსაც არ აცდენია 70-იანი წლების ნარკოტიკული სენი.

ამავე პერიოდს განეკუთვნება ბუმბერაზ ალბერტ კინგთან ჩაწერილი ერთობლივი ალბომი, რასაც მოჰყვა გრანდიოზული საკონცერტო ნამუშევარი Jazz Blues Fusion. ლაივ ალბომები ჯონ მეიალის რეპერტუარს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს, ნებისმიერი მათგანი შესანიშნავად ისმინება და რომელიმე მათგანის გამორჩევა შორს წაგვიყვანდა. ფაქტია, რომ ძალიან ძლიერი გამოვიდა 1978 წლის The Last Of the British Blues, რომელიც განკუთვნილია  ბლუზისთვის საკმაოდ კრიზისულ პერიოდში, ამ ძირეული მიმართულების თაყვანისმცემელთათვის.

რომელი გიტარისტიც არ უნდა უკრავდეს ჯონ მეიალის ჯგუფში, Bluesbreakers-ის ლიდერის ხელწერა უცვლელია ამ გიტარისტის ხელწერის შენარჩუნების ფონზე. ხმის ორიგინალური ტემბრი კი „თეთრი ბლუზის მამის“  რეპერტუარს უფრო ხალისიანს ხდის მაგალითად ერიკ კლაპტონის რეპერტუართან შედარებით, რომლის თუნდაც 1980-ების შემოქმედება როგორც ექსპერიმენტული, ასევე სუფთა ბლუზური თვალსაზრისით, მკვეთრად ჩამოუვარდებოდა მეიალის მიერ 1988 წელს მონტოია-ტრაუტი ტანდემთან ერთად ჩაწერილ ალბომ შედევრ Chicago Line-ს...

დღესდღეობით 80 წელს მიღწეული ჯონ მეიალი წარმატებით განაგრძობს საკონცერტო მოღვაწეობას და იმედია, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ, ბლუზის მოყვარულებს მრგვალი თარიღის აღსანიშნავად, ახალი სტუდიური ალბომით დაგვასაჩუქრებს.