„თუ რუსეთი გაზის მიწოდებას მთლიანად შეაჩერებს, ალტერნატიული წყაროების მიუხედავად, სხვა ქვეყნებთან ერთად ეს ძლიერი დარტყმა იქნება გერმანიის ეკონომიკისთვისაც... ყველაზე მეტი პრობლემა შეექმნებათ ბულგარეთს, უნგრეთს, იტალიას, სლოვაკეთს... ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტის წილი 40%-მდეა“
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსული პროპაგანდა ევროპაში აპოკალიფსური სურათების დახატვაზე გადავიდა, რომ ევროპას გაყინვა ემუქრება, მოსახლეობა შეშას იმარაგებს, წარმოება გაჩერდება, იქნება შიმშილიც და ა.შ. ცხადია, ეს იმისთვის კეთდება, რომ მოსახლეობამ ხელისუფლებებზე ზეწოლა მოახდინოს, რათა უკრაინას მხარი აღარ დაუჭირონ. რუსული პროპაგანდის მიზანი ერთია, თუმცა მეორე საკითხია ევროპაში შექმნილი რეალობა რუსეთის მიერ ენერგორესურსების შანტაჟისთვის გამოყენების დროს. კონკრეტულად, რა პრობლემები შეექმნა ევროპას, როგორ აპირებენ მის გადაჭრას და საქართველოში ამ მხრივ რას უნდა ველოდოთ, ამ საკითხებზე ეკონომიკის პოლიტიკის მკვლევარს, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილსა და ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ვესაუბრეთ.
ევროკავშირის რომელ ქვეყნებს შეექმნება ყველაზე მეტი პრობლემა გაზის მიწოდების სრულად გაჩერების შემთხვევაში
ელგუჯა ხოკრიშვილი: - თებერვალში, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უკვე ცხადი იყო, რომ ენერგოკრიზისის განვითარება წლის ბოლომდე გარდაუვალი იყო. თუ გავიხსენებთ, ომის პირველივე დღიდან ევროკავშირი და წევრი ქვეყნები წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების გზებს ეძებდნენ. ბოლო დროს ცხარე დისკუსია მიდის ალტერნატიული წყაროების მოძიებასა და გაზრდილი ფასების შემცირებაზე. 9 სექტემბერს ბრიუსელში ევროკავშირის 27 ენერგეტიკის მინისტრის შეხვედრა გაიმართა. ევროკომისია მუშაობს რამდენიმე ალტერნატივაზე. განიხილება რამდენიმე ვარიანტი: 1) რამდენიმე კვირის წინ G7 შეთანხმდა, რომ რუსული ნავთობის იმპორტისთვის დააწესონ ე.წ. ფასის ზედა ზღვარი. ეს არ შეხებია ბუნებრივ გაზს. ევროკომისიაც განიხილავს რუსეთიდან იმპორტირებულ ბუნებრივ აირსა და ნავთობპროდუქტებზე ზედა ზღვრის დაწესებას. ამ გადაწყვეტილებას 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა მეტადაა დამოკიდებული რუსულ გაზზე და მხარს არ უჭერენ. 2) ევროკომისია აპირებს შინამეურნეობების, აგრეთვე სტრატეგიულ ინდუსტრიულ დარგებში ბიზნესის სუბსიდირებას, რათა ენერგომატარებლების გაძვირებამ გაკოტრება არ გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნებს შორის სოლიდარობის შეთანხმებაც, რაც გულისხმობს დეფიციტის დროს ერთმანეთის დახმარებას ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდებით...
- რუსული პროპაგანდა აქტიურად საუბრობს, რომ ევროპაში შეშას იმარაგებენ, გაყინვა ემუქრებათ...
- ეს არის სტანდარტული რუსული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ევროპის დედაქალაქებში რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ძალიან გააქტიურდა, ცდილობენ, შიშისა და უიმედობის დანერგვით ზეგავლენა მოახდინონ მოსახლეობის განწყობაზე, რაც მერე მათ მთავრობებზე უნდა აისახოს უკრაინის მხარდაჭერის შემცირებით. რამდენიმე დღის წინ პრაღაში (სხვა ევროპულ დედაქალაქებშიც პერიოდულად) დიდი საპროტესტო გამოსვლა იყო, სადაც ენერგომატარებლების გაძვირებას აპროტესტებდნენ, ნაწილი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებასაც ითხოვდა. აქცია გამართა ულტრამემარჯვენე და კომუნისტურმა პარტიამ (ორგანიზატორებს შორის სოციალ-დემოკრატებიც იყვნენ), ისიც გასათვალისწინებელია, რომ ომის დაწყების შემდეგ ჩეხეთში დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქე შევიდა და მათზე 400 ათასამდე ბინადრობის უფლება გაიცა... გერმანიაში ულტრამემარჯვენე და მემარცხენე პარტიებიც იმავე მესიჯბოქსებით მუშაობენ, რომ მოდის ზამთარი, გაჩერდება წარმოება და ა.შ. საბედნიეროდ, გერმანიაში ამ პროპაგანდას მოსახლეობაზე გავლენა არა აქვს. ახლახან გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები, სადაც ასეთი კითხვაც იყო: ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასების ფონზე უნდა განაგრძოს თუ არა გერმანიის მთავრობამ უკრაინის მხარდაჭერა? გამოკითხულთა 70% ამბობს, რომ დახმარება უნდა გაგრძელდეს.
ენერგოკრიზისის ნიშნები რეალურია და არის მართებული კრიტიკაც, რომ ევროკომისიას უფრო ადრე უნდა წარმოედგინა წინადადებები. მაგრამ ევროკავშირში 27 ქვეყანაა და მათი პოზიციების შეთანხმებას დრო სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულში ევროკავშირის დონეზე გადაიდგა ნაბიჯები წიაღისეული საწვავის კრიტიკული მარაგების შესავსებად, დამატებითი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის თუ ალტერნატიული ბაზრების მოსაძიებლად. რუსეთმა ადრევე დაიწყო "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირება და ახლა, ფაქტობრივად, სრულად გააჩერა. გერმანიამ კი ზაფხულში მოახერხა კრიტიკული მარაგების 80%-მდე შევსება, გაზარდა თხევადი აირის მიღების ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებიც. პრიორიტეტულია განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება. გერმანული ენერგიის ტრანზიციის პოლიტიკის ფარგლებში 2021 წელს სამი ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაჩერეს, წლეულს კი დარჩენილი სამის გაჩერებაც იყო დაგეგმილი, მაგრამ მოსალოდნელი ენერგოკრიზისის გამო, ორ სადგურს ფუნქციონირების ვადა 2023 წლამდე გაუხანგრძლივეს. ასევე რამდენიმე წლით გაუხანგრძლივდათ ექსპლუატაციის ვადა ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებს.
რომ შევაჯამოთ, სურათი ასეთია: ყველაზე პესიმისტური სცენარია, თუ რუსეთი გაზის მიწოდებას მთლიანად შეაჩერებს. ალტერნატიული წყაროების მიუხედავად, სხვა ქვეყნებთან ერთად ეს ძლიერი დარტყმა იქნება გერმანიის ეკონომიკისთვისაც. ორმა წამყვანმა კვლევითმა ინსტიტუტმა ამ სცენარის ეკონომიკური მოდელირება გააკეთა და გამოაქვეყნა შედეგები. რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში გერმანიის ეკონომიკა წლეულს მხოლოდ 1,4%-ით გაიზრდება (ნაცვლად 2,2%-ისა, ანუ პროგნოზირებულზე 0,8%-ით ნაკლები), გაისად იქნება რეცესია -0,8%-მდე, თუმცა 2024 წლის ეკონომიკური ზრდა - 1,7% იქნება და ისევ დადებითი გახდება... ევროზონის ეკონომიკურ ზრდაზე თუ ვილაპარაკებთ, წლევანდელი პროგნოზია 2%, მომავალ წელს რეცესიის რისკი რეალურია. ამ ფასის გადახდა უწევს გერმანიას იმის გამო, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ ევროკავშირმა და, ალბათ, უფრო მეტად გერმანიამ არ შეამცირა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება. ასევე გაქარწყლდა არგუმენტები, რომ რუსეთი სანდო პარტნიორია და ენერგოდამოკიდებულებას პოლიტიკური შანტაჟისთვის არ გამოიყენებს.
- როგორც ჩანს, ევროპისთვის ძირითადი გაზის საკითხია. დანარჩენ ნავთობპროდუქტებზე რას აპირებენ?
- დღეს ბუნებრივი აირია ყველაზე დეფიციტური, მიწოდების ალტერნატიული წყაროების გათვალისწინებით. ნავთობპროდუქტების მიმწოდებლები და ინფრასტრუქტურა უფრო მეტად დივერსიფიცირებულია. გერმანიის მოსახლეობა მთავრობის მიერ სრულად ინფორმირებულია და ევროკავშირიც განიხილავს მექანიზმების შექმნას გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებისთვის. ეს შეეხება როგორც შინამეურნეობებს, ასევე ეკონომიკის ზოგიერთ სექტორს.
- ევროკავშირის რომელ ქვეყნებს შეექმნება ყველაზე მეტი პრობლემა გაზის მიწოდების სრულად გაჩერების შემთხვევაში?
- ბულგარეთს, უნგრეთს, იტალიას, სლოვაკეთს. ევროკავშირში რუსული გაზის იმპორტის წილი 40%-მდეა, გერმანიის შემთხვევაში 38%, მაგრამ გერმანიამ იზრუნა სტრატეგიული მარაგების შევსებაზე, ინვესტიციები დააბანდა თხევადი გაზის ინფრასტრუქტურისა და წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ელექტროსადგურების განვითარებაში. ამას ემატება შინამეურნეობების და კრიტიკული ინდუსტრიისთვის ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასის სუბსიდირება. მნიშვნელოვანია მოთხოვნის შემცირებაც. მაგალითად, გერმანიაში, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 12%-ით არის მოხმარება შემცირებული. ზემოხსენებულ გათვლაში ნათქვამია, რომ "ჩრდილოეთის ნაკადის" სრულად გაჩერების შემთხვევაში, ეკონომიკას დიდი ზარალი რომ არ მიადგეს, მოხმარების შემცირება 20%-მდე უნდა ავიდეს.
- თუ განიხილება თურქმენეთიდან და აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით გაზის მიწოდების გაზრდა ან ახალი გაზსადენის მშენებლობა?
- თითქმის ყველა მიმართულებით მიდის მუშაობა. ცოტა ხნის წინ ევროკომისიის პრეზიდენტი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა და ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ აზერბაიჯანი ევროკავშირისთვის გაზის მიწოდებას 2027 წლამდე 20 მილიარდ კუბ/მ-მდე გაზრდის (დღეს 8 მილიარდი კუბ/მ-ია). ლაპარაკია სამხრეთის გაზის კორიდორზე, რომელიც საქართველოზე გადის და თANAP-ითა (ტრანსანატოლიური მილსადენი) და თAP-ით (ტრანსადრიატიკული მილსადენი) ევროპას უკავშირდება. მილსადენში დამატებითი მოცულობის გატარება საქართველოსთვისაც დამატებით სატრანზიტო შემოსავალს ნიშნავს.
"ის სურათი, რომელსაც ხატავენ ევროპის გაყინვის თაობაზე, ჩვენთან დაკავშირებით ძალიან გადაჭარბებულია"
სოსო არჩვაძე: - აპოკალიფსური სურათი ნამდვილად არ გვემუქრება, რადგან საქართველოს აქვს, ჯერ ერთი, დივერსიფიცირებული იმპორტი ენერგეტიკის სხვადასხვა სახეობაზე, პლუს ადგილობრივი წარმოება და ასევე, გრძელვადიანი კონტრაქტი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან ნავთობპროდუქტებისა და გაზის მოწოდების თაობაზე. ამიტომ ის სურათი, რომელსაც ხატავენ ევროპის გაყინვის თაობაზე, ჩვენთან დაკავშირებით ძალიან გადაჭარბებულია.
- რუსეთის ფაქტორი ენერგეტიკულ სექტორში ჩვენთვის პრობლემა არ იქნება?
- რუსეთიდან ნავთობპროდუქტები იმის მესამედი შემოგვაქვს, რაც გვჭირდება, გაზის კი დაახლოებით 10%. ეს დამოკიდებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ევროპისა. ჩანაცვლების მეტი შესაძლებლობებიც გვაქვს. ზოგი ჭირიც მარგებელია და ენერგორესურსებს მოკრძალებულად მოვიხმართ მცირე წარმოების გამო. 1980-იანი წლების მიწურულთან შედარებით, ჩვენთან გაზის მოხმარება 3,5-ჯერ ნაკლებია. მაშინ ენერგორესურსების მოხმარება, ძირითადად, სამრეწველო დანიშნულებით ხდებოდა. შედარებისთვის, მრეწველობის წილი ეკონომიკაში 16-17%-ია, მაშინ კი 40%-ზე მეტი იყო. მოსახლეობაში ბუნებრივი აირის მოხმარება კი გაიზარდა, მაგრამ სამრეწველო დანიშნულებით მოხმარებაა არსებითად შემცირებული. ამიტომ მისი დაკმაყოფილება აზერბაიჯანიდან გაცილებით იოლი და პროგნოზირებადია.
- როდესაც ენერგეტიკული რესურსებით მომარაგების საკითხი დგება, წინ იწევს გაზის საცავების თემა. ბოლო პერიოდში თუ შეიცვალა საქართველოში ამ მხრივ რამე?
- კი, ნამდვილად იყო გაზსაცავის მშენებლობისთვის მოზიდული სახსრების სათანადოდ გამოყენების უშედეგო ცდები - ერთი 2008 წლის გაზაფხულზე, მეორე კი მოგვიანებით, რამდენიმე წლის წინ საქართველოში გერმანიის კანცლერის ვიზიტის დროს, როდესაც მან გაზსაცავის მშენებლობისთვის 240 მილიონ ევრომდე გამოგვიყო, მაგრამ მიზეზთა გამო, ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა.
- ამ ვითარებაში, როდესაც ევროპას აქვს პრობლემები რუსეთის პოლიტიკის გამო, საქართველოს რისი გაკეთება შეუძლია?
- ჩვენ დამოკიდებული ვართ ენერგორესურსების იმპორტზე, რაც ყოველწლიურად 1,3 მილიარდ დოლარს აღემატება. ამაში შედის ნავთობი, გაზი, ელექტროენერგია, ქვანახშირი. ჩვენი ნავთობის ადგილობრივი წარმოება მოხმარების 2,2%-ს ფარავს. მეორე საკითხია გაზსადენებისა და ნავთობსადენების გამოყენება. როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენი იყო ბაქოში ჩასული, იქ გადაწყდა, რომ ევროპის მიმართულებით აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდება გაორმაგდება. თუმცა ამას დრო დასჭირდება. ცხადია, ის გაივლის საქართველოზეY. ეს ჩვენი წვლილი იქნება ევროპისთვის დახმარების გაწევაში.
- არის შანსი, რომ რუსეთის არგაღიზიანების მიზეზით საქართველოს ხელისუფლებამ ამის საშუალება არ მისცეს?
- ერთი ცნობილი ისტორიული პირის გამონათქვამის პერიფრაზირებას მოვახდენ - მთავრობები და ხელისუფლებები მიდიან და მოდიან, ხოლო ნავთობსადენები და გაზსადენები რჩება. ამიტომ ეს კონიუნქტურაზე არ არის დამოკიდებული, ეს გრძელვადიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმაა და ამის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს.
- საქართველოზე გამავალ მილსადენებს რა რესურსი აქვთ? ევროპის უზრუნველყოფა რამდენი პროცენტით შეიძლება სრული დატვირთვის შემთხვევაში?
- ბოლო მონაცემებით, ევროპა რუსეთისგან 180 მილიარდ კუბ/მ-მდე ბუნებრივ აირს ყიდულობდა. აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით დაძრული გაზის მოცულობა 12-დან 16 მილიარდ კუბ/მ-მდე შეიძლება გაიზარდოს. დაახლოებით 10%-ის ჩანაცვლებაა შესაძლებელი. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა და რუსეთს არ სურს, რომ თურქმენეთისა და ყაზახეთის ენერგორესურსებმა მისი გვერდის ავლით გაიაროს ევროპისკენ. თუ ეს პრობლემა დაიძლევა, იმის მიხედვით, როგორ გადაწყდება უკრაინაში საომარი მოქმედებების ბედი, კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს სატრანსპორტო როლი. რაც შეეხება მაქსიმალური გატარებას, უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით ალბათ 1,5-ჯერ გაზრდა იქნება შესაძლებელი. ცხადია, ეს ამ ზამთრისთვის ვერ მოესწრება, მაგრამ ინგლისური ანდაზაა, დაზოგო პენი, ნიშნავს, გამოიმუშაო კიდევ ერთი პენი. რესურსების რაციონალურად გამოყენება ნიშნავს, რომ მოთხოვნებიც უფრო რაციონალურად დაკმაყოფილდება, და იმ რესურსს, რომელიც დღეს აქვს ევროპას, უფრო დიდხანს გამოიყენებს.