თბილისი კონტრასტების ქალაქია. ზუგდიდიც, ქუთაისიც, თელავიც... საქართველო კონტრასტების ქვეყანაა. სომხეთიც, აზერბაიჯანიც, თურქმენეთიც, ყირგიზეთიც და, ალბათ, ნაურუც. მაგრამ ჩვენ საქართველო გვაინტერესებს და აქაური კონტრასტები უკეთ ვიცით - ზღვას რომ მთა მოსდევს, ჭაობს რომ უდაბნო ცვლის და დათბილული ბათინკების შემდეგ პირდაპირ შლოპანცებზე რომ გადავდივართ.
სად კვერცხები და სად შლოპანცები?
ეგეც გავიარეთ... მივეჩვიეთ და გავიარეთ. ალბათ, უფრო, დავიკიდეთ და დავივიწყეთ და აი, ამ ამბავში, რომ დაიკიდებ და დაივიწყებ, საქართველო ისეთი კონტრასტების ქვეყანაა, მეორე ასეთი რომ არ არსებობს და, მართლაც, პოეტსაც ხომ უთქვამს, სხვა საქართველო სად არისო?
მართლაც არ არის, და რომც იყოს, ერთმანეთისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გვექნებოდა გამოცხადებული, მაგრამ სხვა საქართველო არ არის, მაგრამ, კარგად რომ დაფიქრდე, ამ საქართველოშიც რამდენი საქართველოა! რაღა შორს წავიდეთ, გუშინ თუ გუშინწინ არ იყო, ილია ჭავჭავაძე და ფილიპე მახარაძე გვერდიგვერდ რომ განისვენებდნენ?! ეგ გუშინ თუ გუშინწინ იყო, ბევრმა იქნებ არც იცოდეს და ბევრს იქნებ აღარც ახსოვდეს, გრძელი ენა და მოკლე მეხსიერება ხომ ჩვენი დამახასიათებელი თვისებაა, ეგეც ხომ კონტრასტია, მაგრამ პირიქითაც ხომ არის ზოგიერთი - ყველაფერი ახსოვთ და ხმას არ იღებენ.
აბა, ოქროს საწმისი ჩვენთვის ფინთი გოიმებივით რომ არ აეხიათ, ხომ ვიპოვნიდით ოქროს შუალედს და ხომ არ ვიქნებოდით კონტრასტების ტყვეობაში?
ახლა კი, კონტრასტების ტყვეობაში ვართ - მწერალმა წერა არ იცის, რეჟისორი კინოში ბატი-ბუტის საჭმელად დადის, მსახიობს ოდენ პოკერის თამაში ეხერხება და ა.შ. ასევე, უფლებადამცველთა ფართო მასები იცავენ უფლებადარღვეულთა ფართო მასებს, მაგრამ ერთი, ცალკე აღებული ადამიანის ბედი არაფერში ადარდებთ, გარემოს დამცველები იცავენ ტყეებს, მაგრამ არც ერთ მათგანს ჯერ ერთი ხეც არ დაურგავს.
კონტრასტი-მეთქი...
ნეტა, ვინ არის ის ახალგაზრდა, ქვაზე რომ ძინავს? ეს ის არის, მატროსოვზე ერთ ჩვეულებრივ საკანში რომ ეძინა, მაგრამ ის ახალგაზრდა ვიღაა იმ საკანში ახლა რომ ძინავს? ის ახალგაზრდა არის ვანო მერაბიშვილი და ამიტომ ის საკანი უკვე აღარ არის ჩვეულებრივი საკანი, რადგან მასში ქვეყნის ხერხემალი უტელევიზორობით იტანჯება.
უძაანმაგრესი კონტრასტია - ყველას უთვალთვალებდა, ყველას უსმენდა, ყველაფერი იცოდა, ჰქონდა წონა, ახლა კი ვაკუუმშია და უწონადობას ებრძვის.
სხვაც ბევრია. მაგალითად ეს - „მეგის სერგოს ძე ქარდავას შინაგანაწესი“, რომელიც 1987 წლით თარიღდება და მასში სკოლის მოსწავლე მეგის ქარდავას დღის განრიგია აღწერილი: „1. დღეში 4–ჯერ კვება მშობლების მითითების მიხედვით; 2. დილის 8 საათზე სკოლისთვის მომზადება; 3. სკოლაში გაკვეთილებზე ყურადღებით მოსმენა, შესვენების ნორმალურად გამოყენება ამხანაგებთან თამაშში მონაწილეობის გარეშე; 4. მეცადინეობის დამთავრების შემდეგ ფრთხილად სახლში წასვლა; 5. სკოლიდან დაბრუნების შემდეგ 1 საათი შესვენება, მერე სხვადასხვა სათამაშოებით გართობა 1 საათს. ფეხბურთის თამაში ოთახში აკრძალულია, ამისთვის გამოიყენება ეზო“.
ყველაფერი გავიგე, გარდა ერთისა - „შესვენების ნორმალურად გამოყენება ამხანაგებთან თამაშში მონაწილეობის გარეშე“.
მგონი, აქ არის ძაღლის თავი დამარხული და კონტრასტსაც სწორედ ეს განაპირობებს, იმ კონტრასტს, როცა იქნება, ოფიცერ მეგის სერგოს-ძე ქარდავას დღის განრიგის პოვნის შემდეგ რომ შევიგრძნობთ.
„დღეში ოთხჯერ კვება პრეზიდენტის მითითების მიხედვით; დილის 8 საათზე პრეზიდენტის გაკვეთილებისთვის მომზადება; პრეზიდენტის გაკვეთილების ყურადღებით მოსმენა...“
თავისთავად, კონტრასტული აქ არაფერია - ადამიანი ყოველთვის იკვებება, სულ სწავლობს, ისვენებს, ერთობა და თამაშობს... მაგრამ საქმეც იმაშია, ვის გაკვეთილებს ისმენს, რადგან დასვენებაც, თამაშიც და გართობაც ამაზეა დამოკიდებული. ადამიანების ბედით თამაში, ადამიანების წამებით გართობა... შენი მასწავლებელი ვიღა იყო, მიშა მასწავლებელო?
მიშამ თქვა, შემოპარულები იყვნენო. ასე მაშინ ლაპარაკობენ, როცა გაეპარებათ ხოლმე. ასეთებისთვის არსებობს ეზო - სასჯელაღსრულების დაწესებულების ეზო, რომლისკენაც გზა სასამართლოზე გადის, სასამართლომდე არის გამოძიება, გამოძიებისთვის საჭიროა ჩვენებები და ნივთმტკიცებები. ნივთმტკიცებების განადგურება არ შეიძლება.
ჩემი ნება იყოს, შევქმნიდი ტელეკომპანიას „ნივთმტკიცება TV“, რომლის ეთერშიც მხოლოდ ნივთმტკიცებები იტრიალებდნენ და ალბათ ხვდებით, ვისთვისაც იქნებოდა ეს არხი განკუთვნილი. ისე გავუხდიდი საქმეს, რომ მხოლოდ ერთი მოთხოვნით გამოაცხადებდნენ შიმშილობას - „მოვითხოვ, გაიტანონ საკნიდან ტელევიზორები“. დიახ - ტელევიზორები, ბევრი ტელევიზორი, საითაც არ გაიხედავენ ტელევიზორს უნდა ხედავდნენ, ხოლო ტელევიზორში უნდა ხედავდნენ იმას, რაც რამდენიმე დღის წინ მთელმა დიპლომატიურმა კორპუსმა ნახა, მეორე დღეს კი, ჩვენ, ჟურნალისტებს გვიჩვენეს.
ეგეთი არაფერი გენახოთ და არც გაგეგონოთ! ეგეთი არაფერი ხდებოდეს!
ვიღაცამ იკითხა - „რატომ გვაჩვენებთ ამ კადრებს?“ ეს ის შემთხვევაა, როცა ამოცანა კი არ გვეკითხება, არამედ ამოცანა თავად არის პასუხი. ჩვენი ამოცანაა, რომ მსგავსი და ოდნავ მიმსგავსებულიც კი აღარასოდეს მოხდეს.
რატომ გვაჩვენეს ეს კადრები? ვფიქრობ, გვაჩვენეს იმიტომ, რომ გვცოდნოდა და სხვებისთვის მოგვეყოლა. „ნახე?“ - მკითხეს მეზობლებმა. „ვნახე“ - ვუთხარი მე. „რა ნახე?“ - მკითხეს და რაც ვნახე, ის მოვუყევი. განა რამდენნი იყვნენ? ხუთი თუ ექვსი ზრდასრული მამაკაცი, სიტყვა რომ ეთქმით და ჭკუა რომ მოეკითხებათ. დუმდნენ. მხოლოდ ერთმა შეიგინა ხმადაბლა და მოგუდულად. დუმდნენ და ალბათ ფიქრობდნენ, მოეყოლათ თუ არა სხვებისთვის ის, რაც მე მათ მოვუყევი.
ხანდახან ასეც ხდება - ერთმანეთის გულებს რომ გავუფრთხილდეთ, ამისთვის ერთმანეთს გულებს ვუხეთქავთ ხოლმე. სიმართლე ხომ მწარეა, მაგრამ მაინც ხომ სინათლეა?!
რატომ გვაჩვენეს? აი, ამიტომაც გვაჩვენეს, რომ იქ, სადაც მტყუან-მართალი უნდა ირჩეოდეს, იქ სადაც მართლმსაჯულება უნდა სრულდებოდეს და სადაც მთელი ეს წლები მოსამართლედ იყო ჯალათი, კარგად უნდა იცოდნენ, რომ არაფერია დამალული, რომ ყველამ ყველაფერი იცის და რომ სამართალი უნდა აღსრულდეს.
ცხვარი ცხვარიაო, მაგრამო... და მერე იწყება კონტრასტები.
საქართველო კონტრასტების ქვეყანაა.