აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანი-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბური პროვოკაცია მოაწყვეს.
როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებდნენ ტერიტორიების დანაღმვას აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებსა და მომარაგების გზებს შორის.
„ჩვენი ქვედანაყოფების მიერ ამ ქმედებების აღსაკვეთად გატარებული გადაუდებელი ღონისძიებების შედეგად, მოხდა სამხედრო შეტაკება. აზერბაიჯანის არმიის ზოგიერთი პოზიციები, თავშესაფრები და საყრდენი პუნქტები დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის ტერიტორიაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მხრიდან ინტენსიური დაბომბვის სამიზნე გახდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ აუცილებელ ზომებს იღებენ სომხეთის შეიარაღებული ძალების საცეცხლე წერტილების ჩასახშობად და სამხედრო შეტაკებების მასშტაბების გაფართოების თავიდან ასაცილებლად.