არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია! (წერილი მესამე)

არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია! (წერილი მესამე)

უფლისციხესთან  სისხლისფერი  ყაყაჩოს წვეთი / არა დაღვრილის, - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა / არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი არ გამაჩნია! (მურმან ლებანიძე)

ეროვნული ღირებულებებისა  და  პრიორიტეტების სისტემა

ფაქტია, რომ ეროვნული ორიენტირების ჩამოყალიბება ურთულესი საკითხია. მას ვერც მარტო მწერლები და ხელოვნების წარმომადგენლები გადაწყვეტენ, ვერც მეცნიერები და პოლიტიკოსები, ვერც ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიები. საჭიროა საამისოდ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, საჭიროა გაირკვეს თუ ტრადიციულად რა ფასეულობებზე დგას ჩვენი ქვეყანა და რისი დაცვა გვევალება ეს კი საზოგადოების წინაშე სამსჯავროდ გამოსატანი თემებია.

თუ დემოკრატიულმა ამერიკამ ერთ ფორმულაში, სამ სიტყვაში ჩატია საკუთარი იდეა: “ღმერთი, დემოკრატია, კერძო საკუთრება”; თუ ამერიკულ საზოგადოებაში ცხოვრების წესად ქცეულმა პლურალიზმმა ვერ შეუშალა ხელი სახელმწიფო მანქანას შეექმნა ამერიკელის, როგორც მსოფლიოს მხსნელის მითი, რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ ქართველები დეიდეოლოგიზაციის საკითხში, რომის პაპზე მეტი კათოლიკე?! მით უმეტეს, თუ რაიმე ახალი მსოფლმხედველობითი დოქტრინის შექმნაზე კი არ ვოცნებობთ, არამედ გვსურს უკეთ გავერკვეთ დიდ ისტორიულ მოვლენებში, გვსურს დავიჯეროთ, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, გვსურს დემოკრატია და რაც მთავარია, გვსურს შევინარჩუნოთ ეროვნული თვითმყოფადობა.

ის, რომ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება გარე სამყაროსგან იზოლირებას არ ნიშნავს, ამის ბრწყინვალე მაგალითი მსოფლიოს არაერთმა წარმატებულმა და ცივილიზებულმა ქვეყანამ მოგვცა.

დღეს ქართული სახელმწიფოსთვის ეროვნული იდეოლოგიის საერთო არსობრივი ერთიანობა შეიძლება ერთი ფრაზით გამოიხატოს - ფორმით დასავლური (ამერიკულ - ევროპული) ინსტიტუტების დამკვიდრება და შინაარსით ეროვნული თვითმყოფადობის განვითარება ეკონომიკური აღორძინება-აყვავების ფონზე.  არის კი ეს შესაძლებელი?  არის. 

ამიტომ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნება არა ცალკეულ ადამიანთა, არამედ ქართველი ერის უმეტეს შვილთა უმთავრეს საზრუნავად  იქცეს?

იქნებ დადგა დრო და დავსვათ კითხვა, რათა გამოვთქვათ აზრი - რა ხდის ქართველს ქართველად? ეს საკითხი, რა თქმა უნდა, მყისიერად  ვერ გადაიჭრება, ისიც ცხადია, რომ ამ კითხვაზე ცალ-ცალკე პასუხს ვერ გაგვცემს ვერც ლიტერატურა, თეატრი, ბალეტი, კონოხელოვნება, ქართული სიმღერა თუ მუსიკა, მხატვრობა თუ ფერწერა და ა.შ. აქ უნდა წარმოჩინდეს ქართული კულტურა კომპლექსურად, სხვა კულტურებთან მიმართებაში, როგორც საზოგადოებრივი მექანიზმის სისტემა,  კულტურა, რომელიც ქმნის ღირებულებებს და აყალიბებს ერის სახეს.

ეს კი საზოგადოების წინაშე სამსჯავროდ გამოსატანი თემებია.

ვისურვებდი, ჩვენმა  საზოგადოებამ, ისევე როგორც ეს თავის დროზე გააკეთა ებრაელმა ხალხმა, ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე  დროულად  დაიწყოს  მსჯელობა და გამოთქვას აზრი.!

ასე რომ, იმას, რასაც “იდეოლოგიას“ ვუწოდებთ, მიუხედავად მისი არამეცნიერულობისა, არის საერთო-ეროვნული და სახელმწიფოებრივი ფასეულობის სისტემა, რომელიც საუკუნეებისა და ათასწლეულების მანძილზე იქმნება და ურყევი პოსტულატების სახით მკვიდრდება ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ცნობიერებაში.

იდეოლოგია თვით ადამიანის ადამიანური ბუნების ნაწილია, რომელსაც, ემოციური მომენტის შეტანით, თავად ცხოვრება ითხოვს ყოველდღიურობისათვის.

იგი უწინარეს ყოვლისა ადამიანის - მისი ბუნების, მისი ცნებების მისი საარსებო მოთხოვნილებებისა და მათი დაკმაყოფილებისათვის ბრძოლის ნაირგვარ საშუალებათა ცოდნას ემყარება.

“იდეოლოგია“ ეს არის სულის დისციპლინა, რომელიც მიზანს ღირსეულს ხდის, ხოლო პროგრამას მკაფიოსა და ზუსტს. თავისთავად ძალას კი, რომელიც ადამიანებს ზოგჯერ შეუძლებელს აკეთებინებს, წარმოშობს ქვეყნის სიამაყის გრძნობა, სამშობლოს გულწრფელი სიყვარული.

მაგრამ, როდესაც ვლაპარაკობთ ქვეყნის დაცვის საჭირო მექანიზმზე, რამდენად მისაღებია მას ყველასათვის არაერთმნიშვნელოვნად გაგებული ტერმინი “იდეოლოგია“ ვუწოდოთ? მითუმეტეს, როცა ვიცით ჩვენს საზოგადოებაში იდეოლოგიის გაგონება, როგორც გაუგებრობისა და გაურკვეველი საფრთხის მანიშნებელი, რა უარყოფით განცდებს იწვევს.

ჩვენს საზოგადოებაში ერთნი ამ კითხვაზე მყისიერად გვიპასუხებენ, რომ ამისათვის საჭიროა ჩვენს ერს ჰქონდეს იდეოლოგია და სწორედ იმ ტერმინით, რომელსაც აქამდე იცნობდნენ; ზოგი ამაზეც თანახმაა, რომ თუ სიტყვა იდეოლოგია მაინცდამაინც კომუნისტურ გადმონაშთად მიგვაჩნია, ვიხმაროთ ეროვნული ორიენტირი, ან როგორც ევროპაში და რუსეთში უწოდებენ – იდეა.

ნათქვამია: ზოგჯერ სიტყვებიც ისევე ცვდებიან, როგორც ფოლადის რელსებიო. ამიტომ, ვფიქრობ, ვერც თავად საჭირო და აუცილებელი საქმე მოგვცემს სასურველ შედეგს, თუ მას კომუნისტური და ფაშისტური რეჟიმებისგან დაღდასმულ და გაცვეთილ სიტყვას “იდეოლოგიას“ ვუწოდებთ. ამდენად, სასურველია, თუ იგი შეიცვლება არა მარტო სხვა ტერმინით, ტერმინთან ერთად გაგებული ისეთი ცნებითადაც, რომ ვიწრო პარტიულმა ინტერესებმა სახელმწიფოთა ცხოვრების წესი არ განსაზღვროს. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, ასევე მიუღებელი უნდა იყოს თვალსაზრისი, რომელსაც ეროვნული “იდეოლოგიის“ შენაცვლება შესაძლებლად მიაჩნია ისეთი ნეიტრალური ტერმინით, როგორიც ეროვნული მსოფლმხედველობაა. მართალია, იგი ნაკლებად პოლიტიზებულია და მეტად ფილოსოფიური, რაც ტერმინს ცნებასთან ერთად ელასტიურობისათვის მეტ შესაძლებლობას აძლევს, მაგრამ, ორივე შემთხვევაში, გააზრებადი მნიშვნელობა პროცესს მაინც სიტყვებით ნაგულისხმევ კალაპოტში ამწყვდევს. იმ რთულ ეკონომიკურ-პოლიტიკურ და სოციალურ პირობებში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, არ გვჭირდება რომელიმე თეორიის ან იდეათა ბრმა მიმდევრობა, მედავითნეობა, რომელიც ადრე თუ გვიან ჩიხში ემწყვდევა, არამედ, ისეთი გარემოს შექმნა, რომელშიც საქართველოს თითოეული მოქალაქე თავად გახდება ქვეყნის აღმშენებლობის აქტიური მონაწილე და შემოქმედი.

ამიტომ არ უნდა შევურიგდეთ იმ ვითარებას, როგორც, სამწუხაროდ, ეს კვლავინდებურად დღესაც ხდება ჩვენში,  როდესაც ქართულ სახელმწიფოს არ გააჩნია იდეოლოგიურად შემუშავებული სტრატეგიული კონცეფცია.

ამდენად, ქართულმა საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს ეროვნული ღირებულებებისა და პრიორიტეტების სისტემა და შესაბამისად უნდა შეიმუშავოს საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების კონცეფცია“.

ასეთი თეორიული სისტემის შექმნა კი მრავალმხრივ ცოდნაზე დაფუძნებული მხოლოდ ინტელექტუალური ძალების კოორდინირებით მიიღწევა, რითაც შესაძლებელი ხდება ქვეყნის ტრადიციული გზის ძიება, რომლის მიზანიც იყო და არის სახელმწიფოსთვის, როგორც ხომალდის მუდმივი სვლისთვის, ხელსაყრელი პირობების შექმნა.

ეროვნული უნიკალურობის რაციონალური დაფიქსირება, რომელსაც სხვა სიტყვებით ეროვნულობის იდენტიფიკაციას უწოდებენ, მხოლოდ მეცნიერული კვლევა-ძიებით მიიღწევა. შემდეგში სწორედ ამ გააზრებაზეა დამოკიდებული თუ როგორ გადაწყვეტს სახელმწიფო მის წინაშე მდგარ პრობლემებს. ამ გადაწყვეტილებათა მიღება კი ჩვეულებრივ ხდება ქვეყნის სულიერ-პოლიტიკურ გამოცდილებისა და სამომავლო პერსპექტივების მუდმივი გააზრების ახალი და ახალი ინტერპრეტაციების ფონზე, რაც დაუსრულებელ პროცესს წარმოადგენს.

სახელმწიფოებრივი განვითარების კოცეფციისათვის შემუშავებულ თეორიულ სისტემას შეუძლია ქვეყნის საწყის სულთან მიახლოება და ძალუძს საჭიროების შემთხვევაში (ვამბობ საჭიროების შემთხვევას და არა მის ყოველდღიურ აუცილებლობას), საზოგადოების კონსოლიდაცია. ასეთ ცოდნას კი ამჟამად თვით კონსერვატიული ქვეყნებიც არ ხდიან წერილობითი წესების კრებულად ან კანონთა კოდექსად. ის მათ მოქალაქეთა უფლებაშია მყარად დაფუძნებული, ხოლო როგორ და რა გზით იქმნება ეს ურთულესი ხელოვნება, ამის შესახებ პასუხი შეიძლება ვეძიოთ მხოლოდ მეცნიერულ დარგებში, რომელთა შორისაც განსაკუთრებული ადგილი წარსულის შესახებ ცოდნას უკავია. ამ შემთხვევაში წარსული საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მან უნდა შექმნას მომავალი. ისტორია ხომ არა მარტო ხსოვნაა თაობათა ნამოღვაწარის, საიდანაც კაცობრიობა იღებს მუხტებს ახალი ენერგიისათვის, იგი ამასთანავე, ქმედითი მონაწილეა აწყმოსი, უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ამდენად თუ დავუშვებთ, რომ ისტორია ერთგვარად პოლიტიკაა მიმართული წარსულისაკენ, შეიძლება ითქვას, წარსულიც ასევე მზად არის ჩადგეს დღევანდელობის სამსახურში, ხოლო უშეცდომოდ წარმართული პოლიტიკა კი სხვა არაფერია, თუ არა სწორად გამოყენებული ისტორია.

მაგრამ, ესეც არის, რომ დღევანდელ ადამიანს, რომელიც ატომგულის საიდუმლოს ფლობს და საოცარი სისწრაფით გადაადგილდება საკმარისია კი ისტორიული ცოდნის მიწოდება იმ სახით, რა სახითაც ამას ტრადიციულად  ვაკეთებთ? რა თქმა უნდა, არა. ისტორია თუ მკითხველს ვერაფერს ასწავლის, ეს ისტორიის კი არა, “მკვლევარის“ პრობლემაა. ცხადია, რომ “მოვლენაზე ორიენტირებული“ აღწერითი ხასიათის თხზულებანი მის მოთხოვნებს უკვე დიდი ხანია ვეღარ პასუხობენ. ამიტომაც უდიდესი ყურადღება უნდა მიექცეს ისტორიის იმდაგვარ შესწავლას, სადაც ყოველი ფაქტი საფუძვლიანად იქნება გაანალიზებული. ზუსტად ისევე, როგორც ამას აკეთებს მოჭადრაკე  თითოეული სვლის დროს. მხოლოდ ასეთ ცოდნას შეუძლია დიდი გამოცდილება შეგვძინოს.

თაობათა მიერ დაშვებულ შეცდომებში გარკვევა, ან წარმატებათა მიზეზების ახსნა, განა დღევანდელი დღის გაგებასაც არ გაგვიადვილებს?

ისტორია ხომ დროში ადამიანური ყოფიერების შემეცნების გზაა. რათა გავიგოთ თანამედროვე საზოგადოება აუცილებელია ისტორიული ცოდნა, რომელიც გვიჩვენებს იმ მოვლენებისა და განვითარების ტენდენციებს, რომელთაც ადგილი ჰქონდათ წარსულში.

მხოლოდ ასეთ ისტორიებს და ისტორიკოსთ შეუძლიათ თავიდან აგვაცილონ წარსულში უკვე მომხდარ  შეცდომების განმეორება, რათა შემდგომ დანანებით კვლავაც არ გვეთქვას, რომ ჩვენი ისტორია, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის გაკვეთილები ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების.

ამრიგად, ცოდნის იმ დარგებიდან, რომლიდანაც იქმნება ურთულესი ხელოვნება სულიერი ამაღლებისათვის ისტორია ერთ-ერთია, რომელსაც ხელეწიფება გარკვევა - ვინა ვართ, შეუძლია გვითხრას რა გვინდა და ბოლოს იმ უმთავრესზეც გაგვცერს პასუხი, თუ როგორ უნდა ვიღვაწოთ, რომ სიამაყე - საქართველო უწინარეს ყოვლისა! - რომლითაც შეპყრობილი იყვნენ ერთიანობისთვის მებრძოლი ჩვენი სახელოვანი წინაპრები, ნისლივით კი არ გაქრეს, არამედ თაობათა გულებში განაგრძოს სვლა.

უკვე თავისთავად ის გარემოება, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ძალზე დეტერმინირებულ სამყაროში განვლილი ცხოვრების გააზრება მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ასეთ დროს უცოდინარობა, ან წარსულზე ზედაპირული წარმოდგენა, სულიერ კონტაქტს გვაკარგვინებს წინაპრებთან, ხოლო ჭეშმარიტად დიდი საგანძურის კულტურულ-ისტორიულ ღირებულებათა საფუძვლიანი ათვისების გარეშე შეუძლებელია სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბება.

ქვეყნის წარსულის სწორად გააზრება საფუძველს გვაძლევს მეტი პასუხისმგებლობით მოვეპყროთ იმ მიზნებს, რომლებიც დღეს ჩვენს წინაშე დგას და ითხოვს დროულ და აუცილებელ გადაწყვეტას. ეპოქა კი, რომელშიაც გვიხდება ცხოვრება და მოღვაწეობა საქართველოს ისტორიის მთელ მანძილზე თავისი ადგილითა და როლით უაღრესად რთულია. ეს რომ ასეა, დროის ამ გამორჩეულობას ჩვენი დღევანდელი ყოფაც განაპირობებს.

ამდენად, მოთხოვნილებაც და შესაძლებლობაც, გავიხსენოთ ისტორია, ჩვენშივეა და ამ გაჭირვების ჟამს, იქნებ, ერთად გავერკვეთ ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებში, რათა მივაკვლიოთ გზებს კონსოლიდაციის კვლავაც აღსადგენად. საამისოდ კი, მოგვიწევს ერთხელ კიდევ გადავიკითხოთ წარსული, რათა შევთანხმდეთ რა მემკვიდრეობა გვაქვს, რაზე ვამბობთ უარს და რა უნდა შევინარჩუნოთ. მოგვიწევს ახლიდან გავიაზროთ სახელმწიფოებრივი ცნობიერების ისტორია, მისი ძირითადი ეტაპები. განსაკუთრებით ის მომენტები, როდესაც ჩვენში საფუძველი ეყრებოდა დიდ ისტორიულ საქმეს - ქვეყნის გაერთიანებას. ასე იყო ჯერ კიდევ წინაისტორიულ ხანაში, როდესაც იწყებოდა განცალკევებულ ქართველ ტომთა სახელმწიფოებრივი გაერთიანება. ასე იყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში მეფე ფარნავაზის დროს, ეგრისის მმართველ ქუჯის ნებაყოფლობითი თანხმობა ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებისა იმდროინდელი საზოგადოების მაღალი სახელმწიფოებრივი თვითშეგნების გამოხატულება იყო. ასევე აქტუალურად იდგა ეს საკითხი 900 წლის წინათ, XI საუკუნის ბოლოს, როდესაც ჩვენი სახელოვანი წინაპრები არკვევდნენ საკითხს რაზე დაეფუძნებინათ ახალი ქართული სახელმწიფოებრიობა - ქართულ წესწყობაზე, თუ ბიზანტიურ “პოლისები - მაგისტროსის“ ანდა სპარსულ-არაბულ “სამარზაპანო-საამირო“ წესწყობაზე და ამით ხალხისა და ქვეყნის ცხოვრება კვლავ “უცხო-ტომელთა ბაძითა“ და გავლენით კი არ წარემართათ, არამედ შეექმნათ ქართული სახელმწიფოებრიობისათვის საკუთარი მოდელი. სწორედ ამ ძიების საქმემ  ჩაუყარა საფუძველი ჩვენი ისტორიის ოქროს ხანას თამარისა და რუსთაველის ეპოქას.

სახელმწიფოს ბრძოლის უნარი, გაუტეხელი ნებისყოფა და გამძლეობა თავდაცვისათვის მხოლოდ იარაღით არ იჭედება, არამედ ზნეობრივ-მორალური და კულტურულ-ისტორიულ შინაარსითა და ხარისხით. ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, მის ფიზიკურ გამძლეობას დასაბამი მისცა უსახელოდ დარჩენილ გმირთა მრავალრიცხოვანმა ლაშქარმა, ხოლო შემდეგ გააგრძელეს ჩვენთვის ისე კარგად ცნობილმა სახელებმა როგორებიც იყვნენ: იოანე საბანისძე, გიორგი მერჩულე, იოანე ზოსიმე, გიორგი ათონელი, არსენ იყალთოელი, გიორგი ჭყონდიდელი, ლეონტი მროველი და ა.შ. დიდ საქმეთა პრაქტიკულად განმხორციელებელნი კი ჩვენი სახელოვანი მეფენი: ბაგრატ III, დავით აღმაშენებელი, თამარი, გიორგი ბრწინვალე.... იყვნენ. საქართველოს ისტორიისათვის ეს ის ბედნიერი დროა, როდესაც სიტყვა და საქმე ერთ დიდ მიზანს - სამშობლოს კეთილდღეობას ემსახურებოდა. მაგრამ, ყოველთვის ხომ არ იყო ასე: ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე V საუკუნის ათენის ერთ-ერთი თავკაცი პერიკლე წერდა: პოლიტიკის შექმნა მხოლოდ ერთეულებს ძალუძთ, მაშინ როდესაც მასზე მსჯელობა ყველას შეუძლია. ამდენად, ჩვენი ვალია ვიფიქროთ იმაზეც, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი მსჯელობა და აზრი საჭირო და სასარგებლო ქვეყნისათვის. ამის სურვილს კი ნამდვილად ვიჩენთ.

თავისთავად სახელმწიფო განვითარების კონცეფციის ფორმირებისათვის აუცილებელია, რომ ქვეყანამ ჯერ შეიცნოს თავისი თავი და მოქმედების პროგრამა მხოლოდ ამის შემდეგ დასახოს. ამისათვის კი საჭიროა არსებობდეს პოლიტიკური ნება, რომელიც შესაძლებელს გახდის სისტემატურად შეირჩეს და დამუშავდეს ის კარდინალური პრობლემები, რომლებიც ჩვენი სასიცოცხლო მნიშვნელობის ყველა არსებით მხარეს მოიცავს. დღეს ყველა ფაქტორი გვაქვს რათა მაღალ დონეზე შევასხათ ხორცი სახელმწიფოებრივ იდეებს. ესაა ჩვენი სამეცნიერო კადრები, რომელთა ჩაბმა კონცეფციის შემუშავებაში, და ამდენად სახელმწიფო მშენებლობაში მართვას მეცნიერულს გახდის,  ხოლო პოლიტიკას ქვეყნისათვის მისაღებს. რადგან სახელმწიფოებრივი კონცეფცია მარტო თეორიის სფეროს არ მიეკუთვნება, ამიტომ ყოველი დამუშავებული პრობლემა უნდა გახდეს პოლიტიკური აზროვნებისა და შემოქმედების ნაყოფი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. ასეთი მიზანდასახული კვლევა კი შესაძლებლობას მოგვცემს მობილიზაციური პროექტების არა მარტო დასახვას, არამედ კონკრეტული შედეგების მიღწევასაც არსებულ პრობლემათა დაძლევის მიზნით.

ცხადზე ცხადია, რომ სახელმწიფოებრივი განვითარების კონცეფცია, რომელიც თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მძლავრი საყრდენი გახდება, უნდა დაეფუძნოს ჩვენი ისტორიისა და თანამედროვეობის უნიკალურობას. უწინარეს ყოვლისა, ჩვენი ცხოვრების უმთავრეს წესს - კონსტიტუციას. ასეთი მსოფლმხედველობა უნდა ეყრდნობოდეს და ითვალისწინებდეს საქართველოს მოსახლეობის მრავალეროვნულობას, სახელმწიფოებრივი მოწყობის თავისებურებებს, სხვადასხვა რელიგიური მრწამსის ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას.

რა პრინციპებზე უნდა ავაგოთ სახელმწიფოებრივი განვითარების კონცეფცია და რა შემადგენელ ელემენტებს მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება?

სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარების კონცეფტუალური მოდელის შემუშავება უნდა აიგოს უნივერსალურ ზეპარტიულ პოსტულატებზე, რომლებიც გამოცდილია ისტორიული დროით და უცვლელია. ილიას მიერ საქართველოს ეროვნული მოძრაობისათვის ჩამოყალიბებული ფორმულა: "მამული, ენა, სარწმუნოება" დღესაც გამოხატავს ქართული ეროვნული იდეოლოგიის სამ მთავარ პოსტულატს. მას შეიძლება დაემატოს კიდევ ორი - თავისუფლება, კეთილდღეობა.

სახელმწიფოებრივი განვითარების კონცეფციის უზრუნველყოფა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ იგი დაეფუძნება სწორ მეცნიერულ ანალიზს, იმ მრავალწახნაგოვან შეხედულებებს, ინტერესებს და მისწრაფებებს, რომლებსაც წარმოაჩენს როგორც ეროვნული, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ფართო ინტერესები. ეს აუცილებელი პირობა მითუმეტეს გასათვალისწინებელია, როცა ლაპარაკია პოსტულატებზე.

პოსტულატები

მამული, მისი  მრავალი დეფინიციით: ქვეყანა, სამშობლო, ადამიანთა ერთობისთვის, ხალხისთვის მოცემული გეოგრაფიული გარემო, სასიცოცხლო არეალი, რომლის გარეშეც არ ყალიბდება სოციალური ერთეული - ერი. მიწა, მხარე, ის ერთადერთი ადგილი, სადაც ათასწლეულთა მანძილზე, იბადებიან, მოღვაწეობენ, იკრძალებიან თაობები. სადაც ყოველი მტკაველი, ყოველი საფლავი, ყოველი ნაგებობა და ნანგრევი, ყოველი კულტივირებული მცენარე, ყოველი მდინარე და მთა, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, რაღაც ძალიან საერთოსი, რაღაც ძალიან ძვირფასის სახსოვარია.

ქრისტიანული წარმოდგენით ივერია ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა.  ისტორიულ ქარტეხილებ გამოვლილი, საქართველოს საზღვრები თავისი ცვალებადი თუ უცვლელი მოცემულობით დღემდეა მოყვანილი. ამიტომ მისი ყოველი გოჯის დათმობა მტრისათვის არის ღვთის მიერ მოცემულის, თაობათა ნაამაგარის  განიავება, ღალატი.

ასევე დანაშაულად მიმაჩნია, როცა სხვათა კარნახით თუ ჩვენი უნიათობით სამშობლო მიწის ხელში ჩასაგდებად უცხო ტომელებს ვეპატიჟებით. ჩვენთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება ეს: ევროკავშირის წევრი თუ სხვა  ქვეყნის მოქალაქე,  პარლამენტმა უნდა აკრძალოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების მინიჭების უფლება  უცხოელებისა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირებისათვის.

ამასთანავე, სახელმწიფომ უნდა გაარკვიოს, თუ როგორ, რა გზებით აღმოჩნდა უცხოელთა ხელში მათ საკუთრებაში არსებული მიწები და დაუყონებლივ დაიწყოს მათი გამოსყიდვა. ამ შემთხვევაში, ნაკლებად საინტერესოა მოქალაქეებისათვის “ვირტუალურ ევროკავშირისკენ“ სვლა ამით აჩქარდება თუ შენელდება?  ჩვენ  ჩვენი  ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ.

დღეს საქართველოს საზღვრები ეკლიანი მავთულხლართებით არის განსაზღვრული, რომელიც მუდმივად იცვლება, მაშინ როდესაც ქართული ბევრად უფრო დიდ სივრცეს მოიცავს. ჩვენ გვყავს საგუშაგო პოსტებს მიღმა მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი: აფხაზები და ოსები; თავიანთ ისტორიულ სამშობლოში  დარჩენილი ქართველები: საინგილოში, ტაო-კლარჯეთში, ქალდია-ტრაპიზონში; გვყავს გამოუსწორებელი ტრაგედიის შედეგად მსოფლიოში სხვადასხვა დროს გაფანტული ქართველობა: ფერეიდანში, რუსეთში, ევროპასა და ამერიკაში, რომელთა  რიცხვი, სამწუხაროდ, საკმაოდ დიდია. მათ შორის ქართველების ერთი ნაწილი არის მაჰმადიანი, ზოგიც სხვა კონფესიების წარმომადგენელნი. ბევრ მათგანს, საუკუნეთა მანძილზე მათზე განხორციელებულმა რელიგიურმა დევნამ   მშობლიური ენა დაავიწყა, ზოგსაც სამშობლოსგან ხანგძლივმა განშორებამ ასიმილაციისკენ უბიძგა. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის მიზანიც სწორედ ეს არის - არც ერთი ქართველი არ უნდა დაკარგოს საქართველო.

ენა. ეს არის კომუნიკაციის საშუალება, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. საერთო ენით ვესაუბრებით ერთმანეთს, გარდაცვლილ და მომავალ თაობებს. ქართულად მივმართავთ ღმერთსაც. ღმერთიც ქართულად გვესიტყვება. შემთხვევითი არ არის, რომ ქართველი კაცისთვის ქართული ენა არის ლაზარე, ღვთის საუკეთესო მეგობარი. ქართველს სჯერა, რომ ღმერთს მისი ენისა ყველაზე უკეთ ესმის, რომ მისი ენა პირველადია, უძველესია, რომ მეორედ მოსვლის ჟამს ქართული ენით განისჯება კაცობრიობა.

ეს სრულიადაც არ არის გასაკვირი. მესიანისტური იდეოლოგია მრავალ ერს აქვს. მეცნიერები მართლაც ამტკიცებენ ქართული ენის უძველესობას, მის სიახლოვეს სავარაუდო უძველეს საერთო კაცობრიულ მეტყველებასთან. სულთმოფენობის დღეს სულმან წმიდამ ქართულად აამეტყველა თავად ღვთისმშობელი და ივერია არგუნა განსანათლებლად.

ქართული ენა არის თვითგამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. საკმაოდ მდიდარია ჩვენი ენა.  

ბუნებრივია, როდესაც ენის პოსტულატზე ვსაუბრობთ, იგი გულისხმობს, რომ ქართული ენა ქართული სახელმწიფოს უმთავრესი და უძლიერესი საყრდენია, მაგრამ ეს იმავდროულად ნიშნავს, რომ ასეთივე საყრდენი ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისა არის აფხაზური ენის, ოსური ენის დაცვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა ქვეყნის მიერ. ეროვნულ-უმცირესობების ენებზე მოლაპარაკეთათვის კეთილმყოფელი კულტურულ-ეროვნული ფონის უზრუნველყოფა.

აფხაზთა გაუცხოება, მათი სხვა ეთნოსად გამოცხადება იმ მეცნიერთა სინდისზეა, რომელთაც ნებით თუ უნებლიეთ თავის დროზე კრემლის დაკვეთა შეასრულეს. ამიტომ, ვალდებულნი ვართ გვახსოვდეს და ჩვენი შვილებიც  ამ რწმენით აღვზარდოთ, რამეთუ აფხაზეთი ისეთივე საქართველოა, როგორც ქართლი, კახეთი, სამეგრელო, გურია,  აჭარა, სვანეთი....

რაც შეეხება ოს ხალხს, ჩვენ მათთან ისტორიულად ჩამოყალიბებული არათუ მეგობრობა,  ნათესაობა გვაკავშირებს. დღესაც მრავლადაა შერეული ქორწინებები.  თუნდაც ჩვენს ინტერესებში  საერთო  უფრო მეტია, ვიდრე განმასხვავებელი. შორს არ არის ის დრო, როდესაც ჩვენ ყველანი ერთ ოჯახში დავბრუნდებით.

სარწმუნოება. სარწმუნოების აყვანა უზენაესი სახელმწიფოებრივი პოსტულატის რანგში, ცხადია გულისხმობს, ერთი მხრივ, მართლმადიდებლური რწმენის სიმტკიცის დაცვას, ჩვენი დედა - ეკლესიის  შემდგომ აღორძინებას, მეორე მხრივ კი, ტრადიციული ქართული ტოლერანტობიდან გამომდინარე, რწმენის თავისუფლებას, რელიგიური მრწამსის თავისუფლებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, რამეთუ საზოგადოების სტაბილურობას ურწმუნოება და ინდიფერენტიზმი გაცილებით მეტ საფრთხეს უქმნის, ვიდრე მებძოლი ათეიზმიც კი.

კეთილდღეობა. ჩვენ გვესმის, რომ სახელმწიფოებრივი განვითარების კონცეფციის შემუშავებისათვის აუცილებელია იდეათა ჩამოყალიბება, მისი გამოკვეთა. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თავისთავად იდეის დასახვა როგორი ჰუმანური და პოზიტიურიც უნდა იყოს, შეიძლება საშინელ ტრაგედიად გადაიქცეს, თუ არ არის განსაზღვრული მისი განხორციელების საშუალებანი. საფრანგეთის რევოლუციამ ეთიკური იდეების საფარქვეშ - ძმობის, ერთობისა და თავისუფლების ლოზუნგით - მეტად მკაცრი ტერორი განახორციელა. ბოლშევიკებიც, კაცობრიობის ბედნიერების წადილით შეპყრობილნი, ჟლეტდნენ ადამიანებს.

სამწუხარო  რეალობაა, ისიც,  რომ  21-ე  საუკუნეში საზოგადოება  ჯერ  კიდევ  შეპყრობილია არაფრისმომცემი  თეორიებითა  და   მოძველებული  სტერეოტიპებით,  რაც საგრძნობლად აფერხებს მის ზნეობრივ ინტელექტუალურ განვითარებას. ხშირად  გვესმის მოწოდებები: თავისუფლება, დემოკრატია,  ადამიანური  ღირებულებები, თუმცა ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს მხოლოდ და მხოლოდ მხატვრულად წარმოთქმული სიტყვებია… დაცლილი ყოველგვარი შინაარსისგან.

იმედია ყველა ამ შეცდომამ თუ უკვე რამე გვასწავლა, მაშინ ვალდებულნი ვართ იდეის მიზნად დასახვასთან ერთად ჩვენს ინდივიდუალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი განხორციელებისათვის ვიღვაწოთ კიდეც ისე, რომ არ დაგვავიწყდეს ყველაზე მთავარი, რომ ადამიანი ყველა საგანთა საზომია.

დიახ, ჩვენ ავაშენებთ დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანას, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესი იმპერატივის რანგში იქნება აყვანილი.

თავისუფლება. დღეს, როცა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმა - სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები და ხელშეუხებლობა, ადამიანის უფლებათა ტოტალური   დაცვის  ეპოქაში, ფაქტობრივად, ფიქციად იქცა, როდესაც დაუფარავად ლაპარაკობენ მსოფლიო პოლიტიკური რუკის გადასინჯვაზე, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მსხვერპლად არ ეწირებოდეს ამა ქვეყნის ძლიერთა ახირებას.

ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს რუსეთი არ განიხილავს, ის არაღიარებაზე საერთოდ არაფერს ამბობს. რუსეთის მხრიდან ჯერჯერობით არანაირი შემხვედრი ნაბიჯები არ ჩანს.

ასეთ შემთხვევაში გამოსავალი ერთია: მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, ან ძალა უნდა გავხადოთ სამართლიანი, ან სამართალი ძლიერი; ამას კი იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ჩვენ დემოკრატიულ სამყაროს გვერდით ვიქნებით და აგრესორთან პირისპირ მარტო არ დავრჩებით. მაშინ ტერიტორიების დაკარგვის  რისკიც გაცილებით ნაკლები იქნება.

მაგრამ, დემოკრატიულ სამყაროს გვერდით ყოფნა სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ყოველთვის იდენტური იყოს ევროკავშირის, ამერიკის, ან სხვა სახელმწიფოთა მოსაზრებებთან. თუ  გვსურს საქართველო თავისუფალ სამყაროში" ღირსეულ წევრად ვიხილოთ, მაშინ, როგორც პიროვნულ ისე ეროვნულ თავისუფლების ხარისხზეც  უნდა ვიფიქროთ. სხვა შემთხვევაში ეს საშინელი მოჩვენებითი, ნახევრის - ნახევრული სიკვდილი, დიდი ხანია ჩვენი ხვედრი რომ გამხდარა, ჩვენი ცხოვრების მუდმივ თანამგზავრად დარჩება.

რადგან საუკუნეთა განმავლობაში ევროპულ ცივილიზაციას ვიყავით ნაზიარები და პოლიტიკურად ევროპისკენ ვიცქირებოდით ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავდა  დანარჩენ სამყაროზე უარის თქმას. არადა უკანასკნელ ათწლეულში ქართველობამ გამოკვეთილად პროდასავლური ორიენტაცია აირჩია და დაშორდა  უწინარესად, როგორც ჩრდილოეთს, ისე აღმოსავლურ  სამყაროს.

დღეს მსოფლიოში უმძიმესი კრიზისის პირობებში, სოციალურ ნიადაგზე ხალხის უკმაყოფილებამ არაერთი ქვეყანა მოიცვა, მათ შორის ევროპის კონტინენტზე. გაიზიარებს თუ არა ევროკავშირი საბჭოთა კავშირის ბედს? ამას დრო აჩვენებს. ასეთ პირობებში მემარცხენეობამ, ერთ დროს სანაგვეზე გადაყრილმა უკიდურესი რადიკალური მოძღვრებების ავტორებმა: მარქსმა, ლენინმა, მაოს შრომებმა ახალი სიცოცხლე შეიძინა.

ასეთ გაურკვეველ დროში როგორ შეიძლება ვამაყობდეთ იმით, რომ ქვეყანას დასავლეთის გარდა ალტერნატივა არ გააჩნია? რუსეთის აგრესიისგან შეშფოთებულ და აღშფოთებულ, ზოგჯერ გაოგნებულ დასავლეთს, რეალურად საქართველოს არც ნატოში მიღება უნდა და არც ჩვენი რუსეთისკენ წასვლა სურს.  ურჩევნია სულ მოლოდინის რეჟიმში ვიყოთ. მოლოდინის სტრატეგია კი ჩვენი სტრატეგიული შეცდომაა. ამ ერთგვარ კორიდად ქცეულ სანახაობაში ტორეადორის ხელში წითელ ჩვრად ვიქეცით  დროდადრო ხარის გასაცოფებლად რომ იყენებენ. დროა, როგორც დასავლეთმა, ისე რუსეთმაც იცოდეს, რომ ჩვენ არ გყავს არც მარადიული მეგობრები და არც მარადიული მტრები, რომ  საქართველოს გააჩნია მხოლოდ მარადიული ინტერესები. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ალტერნატივა მხოლოდ რუსული კურსი როდია. ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს, საბედნიეროდ, დემოკრატიული სამყარო,  მხოლოდ დასავლური ცივილიზაციით არ შემოიფარგლება, თანამედროვეობა სულ უფრო და უფრო მეტ ინტერესს იჩენს “ჩინური საოცრების” მიმართ, რომელმაც შეძლო გაეძლო კრიზისებისთვის და ეკონომიკური ზრდის ტემპით თავად დასავლეთიც საგონებელში ჩაეგდო. დანარჩენი  უკვე დიპლომატიის და დიპლომატების საქმეა. ასეთ დროს, ურიგო არ იქნება მაგალითი მოვიყვანოთ   თუ ზოგჯერ როგორ მარტივად წყდება დიდი პრობლემებიც კი დიპლომატიის ენაზე.

ტოკიოს უნივერსიტეტის მხცოვანი პროფესორი გეპ არაი სანი (წარმოშობით ახალ ზელანდიელი), რომელიც მეორე მსოფლიო ომის მერე, მთარგმნელად მუშაობდა მთავრობაში, ერთ ჩვენს თანამემამულესთან ასეთ რამეს იხსენებს: მარშალის გეგმის განხორციელების პროცესში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი წყრომას გამოხატავდა იაპონიის მხრიდან საკუთარი პროდუქციისადმი პროტექციონისტური პოლიტიკის და სხვა "თავნებობების" გამო. ყოველი ასეთი პროტესტის  მერე ხდებოდა ასეთი რამ: იაპონიის პრემიერ მინისტრი ზრდილობიანად გამოისტუმრებდა სტუმარს, ინიშნებოდა სასწრაფო შეხვედრა რუსეთის ელჩთან და იმართებოდა ჩაის სმა-სხვა არაფერი. ბოლოს იაპონიამ გაიტანა თითქმის ყველაფერი რაც მის ნაციონალურ ინტერესებს შეესაბამებოდა.

ჩვენც, ქართველები ისტორიულადაც ხომ ასე ვიყავით. ხსნის და გადარჩენისთვის, ვურთიერთობდით ირანთან და ოსმალეთთან, ემისრებს ვაგზავნიდით რუსეთსა და ევროპაში - ოღონდ ვინმესგან რეალური დახმარება მიგვეღო. ამ მხრივ, ჩვენდა საუბედუროდ,  ვერც დრო და ჟამმა შეცვალა ქვეყნის წინაშე გამოწვევები. ისტორია კვლავაც მეორდება, მაგრამ სწავლებით კი  ვერაფერი გვასწავლა. რატომ?

დიდი ქართველი მეცნიერი დიმიტრი უზნაძე,  კითხვაზე თუ "რა აკლია ქართველს?" პასუხობდა: “ქართველს აკლია “დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა… ქართველ ხალხს ეს თვისება არა ქვს. მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება-ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება… ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით. საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს.

აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო.“

ამდენად, კითხვაზე პასუხის გასაცემად, თუ რამდენად მზად ვართ  როგორც სადღეისოდ, ისე სამომავლოდ ის პოსტულატები, რომლებიც ქვეყანას იდეალებად მიაჩნია, რეალობად იქცეს? ან საამისოდ რა შესაძლებლობები გაგვაჩნია და რისკენ უნდა მივისწრაფოდეთ? ეს ის საკითხებია, ცალკე მსჯელობისთვის რომ გვიწვევს.

მაგრამ რა გავაკეთოთ დღეს, როცა ოთხივე კუთხით გაიხსნა კარები და საინფორმაციო საშუალებათა მეშვეობით გაჩნდა შესაძლებლობა დაუბრკოლებლივ შემოდიოდეს უცხოური მასობრივი კულტურის ნიმუშები, რით დავიცვათ თავი ამ ნიაღვრისაგან? რა საშუალებები გამოვიყენოთ - ქართული კულტურის გადასარჩენად და ასაღორძინებლად? როგორ შევძლოთ ამ მორევში საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნება?

გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოებრივი განვითარების კონცეფციის ობიექტი საქართველოს თითოეული მოქალაქეა, სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის ერთიანი პოლიტიკის გატარება კომპლექსურად გვესახება. გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი უმძლავრესი იარაღი, როგორიცაა სიტყვა, და მისი გადაცემის და გავრცელების საშუალებები: პრესა, ტელევიზია, რადიო, კულტურის ფენომენები (კინო, თეატრი, სახალხო დღესასწაულები, ისტორიული თარიღები, მამულიშვილების, სახელოვანი ადამიანების იუბილეები და ა.შ.), წიგნები, სახელმძღვანელოები, სახელმწიფო ორგანოები, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების პოტენციალი.

საბედნიეროდ, დღეს საქართველოს ჯერ კიდევ ყველა პირობა აქვს (ინტელექტუალური, ფიზიკური და სხვა) სწორად გაიაზროს საკუთარი მიზნები, მისი ადგილი ისტორიაში და რეალობად აქციოს სახელმწიფოებრივი იდეალები. ეს კი მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, თუ ქვეყნის ყოველი მოქალაქე, განურჩევლად ეროვნებისა, შეიარაღდება სახელმწიფოებრივი ცნობიერებით, რათა მარადიული საქართველოსთვის კვლავაც გაგრძელდეს იოანე საბანისძის სიტყვით რომ ვთქვათ “ჩვეულებისაებრ მამულისა სვლაი.“ სხვა შემთხვევაში კი თუ გამოსავალს ვერ ვიპოვით, დაღუპვა გარდაუვალია!

ამიტომაც,  ეს თხოვნა უკვე აღარ არის,  ეს მოთხოვნაა!