მიმდინარე კვირას გვაქვს კარგი ამბები ხარკოვის რაიონიდან, ყველა მოქალაქე გრძნობს სიამაყეს ჩვენი მებრძოლების გამო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა 25-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადას, 92-ე მექანიზებულ ბრიგადას და 80-ე საჰაერო სადესანტო თავდასხმის ბრიგადას ხარკოვის რაიონში განხორციელებული წარმატებული ოპერაციების გამო.
„მიმდინარე კვირას არის კარგი ამბები ხარკოვის რაიონიდან. როგორც ჩანს, უკვე ყველამ ნახეთ უკრაინელი დამცველების აქტიურობის შესახებ ინფორმაცია და ვფიქრობ, ყველა მოქალაქე ამაყობს ჩვენი მებრძოლებით. ეს არის დამსახურებული სიამაყე, სწორი განცდა. ახლა ჯერ არ არის იმის დრო, რომ დავასახელოთ ესა თუ ის დასახლებები, სადაც უკრაინის დროშა ბრუნდება. ჩვენი სამხედროების ყოველი წარმატება ამა თუ იმ მიმართულებით ცვლის საერთო მდგომარეობას მთელ ფრონტზე უკრაინის სასარგებლოდ”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან ზელენსკის თქმით, უკრაინის დაზვერვის და სხვა სტრუქტურების დონეზე გამუდმებით მიმდინარეობს რუსების მიერ ტყვედ აყვანილი მოქალაქეების გათავისუფლების მცდელობები.
„დღეს კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მგრძნობიარე. ჩვენ გვახსოვს ჩვენი ხალხი, რომლებიც ოკუპანტებს ჰყავთ დაკავებული. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ჩვენი ტყვეების გათავისუფლებას”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერთან გამართულ საუბარს შეეხო და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გერმანიას და პარტნიორებს ევროკავშირიდან ხუთი მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფისთვის.
მისივე თქმით, წარმატებით მიმდინარეობს უკრაინიდან მარცვლეულის გატანის პროცესი და უკვე უკრაინული პროდუქციით დატვირთული 102 გემი გავიდა უკრაინის პორტებიდან ევროპის, აზიის და აფრიკის მიმართულებით.
„დღეს რუსეთში კიდევ ერთი ცრუ განცხადება გაკეთდა, რომ უკრაინული მარცვლეულის აბსოლუტური უმრავლესობა სავარაუდოდ ევროპის ქვეყნებში გადის. ამ თვის ბოლომდე ჩვენი საზღვაო პორტებიდან მინიმუმ სამი მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი იქნება შესაძლებელი და მნიშვნელოვანი ნაწილი არის ყველაზე ღარიბი და ყველაზე გაჭირვებული ქვეყნებისთვის. რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვაკეთებთ მსოფლიოს რასისტულ დაყოფას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ადამიანს, ყველა ქვეყანას”, - განაცხადა ზელენსკიმ.