ფლორიდაში დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) 18 „განსაკუთრებული მნიშვნელობის“, 54 „საიდუმლო“ და 31 „კონფიდენციალური“ დოკუმენტი ამოიღო. ამის შესახებ ნათქვამია ამოღებული დოკუმენტაციის აღწერაში, რომელიც ფლორიდის სასამართლომ გამოაქვეყნა.
საერთო ჯამში გამომძიებლებმა ტრამპის სახლიდან 11 000-ზე მეტი სამთავრობო დოკუმენტი ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ „განსაკუთრებული მნიშვნელობის“ გრიფი წვდომის უმაღლეს დონეს გულისხმობს.
გარდა ამისა, ჩხრეკისას ნაპოვნია 88 ცარიელი საქაღალდე, რომელთაგან 48-ში საიდუმლო ინფორმაცია, ხოლო 40-ში კონფიდენციალური ინფორმაცია უნდა ყოფილიყო. არც ამოღებული დოკუმენტაციის აღწერაში, არც აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს შესაბამის წერილში არაა მითითებული, ნაპოვნია თუ არა დოკუმენტაცია, რომელიც ამ საქაღალდეებში უნდა ყოფილიყო.
9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.
დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.
მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.