ოპოზიციური ფლანგი სცოდავს, როცა იწყებს მოსაზრებების კრიტიკას - გარკვევით უნდა უთხრას ხელისუფლებას, დადეთ დოკუმენტი და მერე ვიმსჯელოთო. მოსაზრებებზე კრიტიკა არარელევანტურია - აცხადებს „რეზონანსთან" მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის ანალიზისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.
„რეზონანსი": „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ გეგმას სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილი არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ „ოცნების" ინიციატივა არის თაღლითური სქემა, რომ მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ „ფოჩიან კანფეტებს" ოპოზიცია არ გადაყლაპავს.
ვახტანგ ძაბირაძე: გასაგებია, რომ ოპოზიციას აქვს ეჭვი და არ ენდობა ხელისუფლებას. არც საზოგადოება ენდობა ხელისუფლებას. ინიციატივა გააჟღერა მდინარაძემ, არ ვიცით, რას იტყვის კობახიძე, ბიძინა კი საერთოდ დუმს, ამიტომ, თუ ოპოზიცია არ ენდობა, უნდა მკაფიოდ თქვას - დადეთ დოკუმენტი და მერე ვიმსჯელოთო. საზოგადოება აფასებს პოლიტიკურ სპექტრს და ამ სპექტრში შედის ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. ახლა ხელისუფლება გეუბნება, არ ვერევი, შენ თვითონ აირჩიეო, შენ კი მოსაზრებების კრიტიკით ხარ დაკავებული. არ არის ეს რელევანტური. სცოდავს ოპოზიციური ფლანგი, როცა იწყებს მოსაზრებების კრიტიკას. როდესაც ასეა ორივე მხარე ერთმანეთთან დაპირისპირებული, უნდა დაიდოს მყარი არგუმენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთანხმება ამ საკითხზე ვერ მოხდება და პროცესიც გაჭიანურდება.
„რ": ოპოზიციის სამომავლო გეგმებში ბოიკოტი კვლავ რჩება, თუმცა საპარლამენტო ოპოზიცია 6 სექტემბერს პარლამენტის პირველ სხდომას მაინც დაესწრება.
ვ.ძ: 12-პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით ორი პარალალური პროცესი მიდის, ხელისუფლება ცალკე მუშაობს, ოპოზიცია - ცალკე. როგორც ვიცი, ოპოზიციას უკვე მომზადებული აქვს 12-პუნქტიან რეკომენდაციებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები და ამის როგორც ალტერანტიული კანონპროექტების წარმოადგენა უნდა და დარეგისტრირება. პროცესი იქნება ხანგრძლივი და ოპოზიციას მოუწევს დააჯეროს საზოგადოება, რატომ არის მისი კანონპროექტები უფრო დამაჯარებელი.
„რ": ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებსაც აანონსებს. რატომ დადგა ეს საკითხი ისევ ოპოზიციის დღის წესრიგში და რამდენად იქნება ვადამდელი არჩევნების ჩატარების იდეა მხარდაჭერილი საზოგადოების მიერ?
ვ.ძ: ვადამდელი არჩევნების იდეა არც არასდროს მოხსნილა ოპოზიციის დღის წესრიგიდან. ორი წელია, ეს თემა გრძელდება და 2024 წლამდე მუდმივად იქნება. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, რადგან არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა. რაც შეეხება საზოგადოების მხარდაჭერას, საზოგადოებაში ამის სიმპტომებიც არ არის. საზოგადოება საერთოდ გაუცხოვდა პოლიტიკის მიმართ, პოლიტიკა თავისით მიდის, საზოგადოება - თავისით.
„რ": სააკაშვილის თემა კვლავ აქტუალურია, ადოკატები მისთვის ერთი წლით სასჯელის გადავადებას მოითხოვენ. დათანხმდება ამას ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს, რათა მცირე ეჭვის ნიშნებიც კი არ დარჩეს სააკაშვილის ჯანმრთელობის ირგვლივ?
ვ.ძ: საზოგადოებაში იმ დონეზეა სააკაშვილის პოლიტიკური რეიტინგი, ნულის დონეზე, რომ ხელისუფლებისთვის ის საშიში აღარ არის, ამიტომ იმ ნაბიჯს გადადგამს, რაც მისთვის პოლიტიკურად მომგებიანი იქნება.