ძალიან მკაფიო ნაბიჯი გადადგეს, საკუთარ პარტიაში ყველა და ყველაფერი მიატოვეს და ცალკე გამოეყვნენ, არ გამოვრიცხავ იმას, რომ მათ საფუძველზე ახალი პარტიული ჯგუფი შეიქმნას. რაც შეეხება იმ ვარიანტს, რომ ისინი უკან დაბრუნდნენ, ეს ცოტა კომიკური იქნება და ალბათ ასეთი წინ და უკან სიარული მათ ავტორიტეტს არ გამოადგება - ამის შესახებ „რეზონანსთან" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ იმ ოთხეულის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა, რომელიც „ოცნებას" სულ ცოტა ხნის წინ გამოეყო. საუბარია საზოგადოებრივი მოძრაობაზე „ხალხის ძალა".
„რეზონანსი": პრემიერი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ყოფილი თანაგუნდელების დასავლეთის კრიტიკაც და პოლემიკაც მოისმინა და აცხადებს, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა, მისი გაღრმავება და გადაჭარბება ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რასაც ოპოზიცია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ოცნებამ" „პლასტინკა გადაატრიალა"...
რამაზ საყვარელიძე: ჩვენ ყველა დეტალი რა თქმა უნდა არ ვიცით-ხოლმე, პოლიტიკურ კი არა, საოჯახო სამზარეულოშიც ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც ადამიანი მერე მხოლოდ სუფრაზე ეცნობა. ასეთ პოლიტიკურ სუფრაზე ჩვენ რამოდენიმე რამ მოგვიტანეს. ერთი ელჩის მიმართ კრიტიკა იყო, როგორც ჩანს შიგნით რაღაც პროცესები მოხდა და კრიტიკაზე დასავლეთს რეაქცია ჰქონდა. შიგნითაც რაღაც პროცესები მოხდა და ავად თუ კარგად გადაწყვიტეს, რომ ის ხაზი, რასაც დეგნანი ბეჯითად აგრძელებდა (პირობითად ენმ-ს მხარდაჭერის ხაზი რომ დავარქვათ), როგორც ჩანს, ამის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
თუ ოთხეულის მიზანი სავარაუდოდ მიღწეულია, მაშინ რა თქმა უნდა ურთიერთობის ზედმეტი გამწვავება არცერთ ქვეყანასთან და მითუმეტეს ისეთ პარტნიორთან, როგორიც ამერიკაა, არ ღირს. მაგრამ საერთოდ ადამიანთა ურთიერთობაშიც ხდება-ხოლმე, რომერთი ადამიანი მეორეს საყვედურს ეტყვის და როცა შედეგს გამოიღებს, მერე ერთმანეთს არ შორდებიან და ნორმალურ ურეთიერთობას აგრძელბენ.
„რ": ახლა რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს ოთხეულს, თუ ჩავთვლით, რომ მათი მიზანი მიღწეულია?
რ.ს: მათ ძალიან მკაფიო ნაბიჯი გადადგეს, საკუთარ პარტიაში ყველა და ყველაფერი მიატოვეს და ცალკე გამოეყვნენ. არ გამოვრიცხავ იმას, რომ მათ საფუძველზე ახალი პარტიული ჯგუფი შეიქმნას. რაც შეეხება იმ ვარიანტს, რომ ისინი უკან დაბრუნდნენ, ეს ცოტა კომიკური იქნება და ალბათ ასეთი წინ და უკან სიარული მათ ავტორიტეტს არ გამოადგება.
თუ „ოთხეული" რაღაც დამოუკიდებელ პოლიტიკურ სახეს შეიძენს, ჯგუფს შექმნიან, შანსი აქვთ, რადგან მათ პოზიციას ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა და იმ პოზიციის აქტუალობა დაკარგული არაა, რომ პარტნიორებს საკუთარ სურვილებზე უნდა ელაპარაკო. პარტნიორობა კი დათმობას არ ნიშნავს, ბიზანტია პარტნიორი იყო და ომი გვქონდა.
ამ ოთხეულს რაღაც ანალოგიური სულისკვეთება უკავიათ და ამ სულისკვეთებამ შესაძლოა ბევრ ადამიანში გამოძახილი ჰპოვოს და რაღაც პოლიტიკური (ჯგუფი) შეიქმნას. თუ ასეთი რამ შეიქმნება, ეს პრორუსულ ძალებს ბევრ მხარდამჭერს წაართმევს. ეს ჯგუფი ქართულ ცხოვრებაში ამერიკის ზედმეტად ჩარევას უპირისპირდებოდა, მაგრამ მეორეს მხრივ ეს დაპირისპირება რუსეთის მხარდაჭერით არ იყო გამოწვეული. ასეთი ადამიანები, რომლებიც ამერიკასაც აკრიტიკებენ და რუსეთის ფაქტორიც მიუღებელია, შესაძლოა მათ გვერდით გაჩნდნენ და ამან ისეთ პრორუსულ ძალას მხარდამჭერების დიდი ნაწილი გამოაცალოს, რომლებიც აგრეთვე საქართველოში არიან.
„რ": რამდენად შეიძლება, რომ „ოთხეული" ისეთი ძალა გახდეს, რომელიც ხელისუფლების მიმართ ისეთივე კრიტიკული იქნება, როგორიც მაგალითად გახარიას პარტიაა?
რ.ს: ჯერჯერობით ეს ხაზი არ ჩანს, რომ შიდა ურთიერთობებში მას ოპოზიციური ნიშა ექნება. გახარიაც დიდად წარმატებული მაგალითი შეიძლება არ იყოს, რადგან ფაქტია, რომ ჩაქრა და ისეთი პოპულარული აღარაა, როგორიც დასაწყისში იყო.
მეეჭვება, რომ ეს ჯგუფი „ქართული ოცნებას" ოპოზიციაში დაუდგეს, უფრო ფრაქციის ტიპის ჯგუფი იქნება, რომლებსაც „ოცნების" მიმართ გარკვეული შენიშვნები ექნება, ოღონდ არა პრინციპული დაპირისპირება.