შემოდგომა კარს გვიკაკუნებს, თუმცა ოპოზიციის გეგმები, დაანონსებულ „ცხელ შემოდგომაზე" კონკრეტულად რას აპირებენ, ჯერ კიდევ გაჟღერებული არაა. როგორც ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, სამოქმედო გეგმას იმიტომ ვერ ამზეურებენ, რომ ოპოზიცია დღეს ერთიანი არაა და რომც გაერთიანდეს, ჯამურად მათი რეიტინგი „ოცნებას" ვერ დაამარცხებს, რაც თავადაც გაცნობიერებული აქვთ. ნაწილი ანალიტიკოსებისა კი მიიჩნევს, რომ მიუხედავად აზრთა სხვაობისა და პიროვნებათაშორისი კონფლიქტებისა, ოპოზიცია საჭირო მომენტში გაერთიანებას შეძლებს.
„თანმიმდევრული ნაბიჯები იქნება გადადგმული კომპლექსურად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, ოპოზიციურ პარტნიორ პოლიტიკურ ძალებთან ერთად. შესაბამისად, გეგმა გვაქვს, სტრატეგია გვაქვს, ნაბიჯები განსაზღვრული გვაქვს. ქაოტურობა და სპონტანურობა, არასერიოზულობა არის მთავარი მოკავშირე „ქართული ოცნების" და მისი სტრატეგიის. ჩვენი გეგმაა, სისტემურად ვიმუშაოთ კომპლექსური სტრატეგიით, რომლის კონკრეტულ ჩარჩოებს თქვენ დაინახავთ.
დაგეგმილი და გათვლილია ნაბიჯები. ამ კვირიდან დავიწყებთ ნაბიჯების გადადგმას როგორც 12 პუნქტთან მიმართებით, ისე საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. რაც შეეხება პროტესტს, ამის დროც მოვა, მის გარეშე რა თქმა უნდა შეუძლებელია, მაგრამ პირველი ნაბიჯი პროტესტი ვერასდროს იქნება, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს საზოგადოების მხრიდან ფართო ნდობის მოპოვება, რაც ოპოზიციას ნამდვილად სჭირდება," - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
„პოლიტიკურ პროცესში ყველანაირი წახნაგი გასააქტიურებელი და გამოსაყენებელია. ზურა ჯაფარიძეს აქვს სრული უფლება თქვას ის, რაც თქვა, მე გულწრფელად გეტყვით, ის პერფორმანსები, რაც იყო, ჩემთვის არაფერს ცვლის, მას შეუძლია დადგას ეს პერფორმანსები, აზომოს პარლამენტი, კანცელარია, გაზომოს ყველაფერი, იმღეროს, ეს ყველაფერი შესაძლებელია და ყველას აქვს ამის უფლება. ჩვენ ერთიან პოზიციაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა მოვიმხროთ იმ ადამიანების უმრავლესობა, ვისაც უნდა ევროპა, არ უნდა „ქართული ოცნება", მაგრამ ჯერჯერობით არის მერყევი, მათ შორის, არაძალადობრივი პროტესტით, ეს აჩვენა 20 ივნისმა, როცა „ქართული ოცნების" ძალიან ბევრი ამომრჩეველი იყო ქუჩაში," - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები რომც გაერთიანდნენ, „ოცნების" დამარცხების შანსი არ ჩანს, რაც თავად ოპოზიციასაც გააზრებული აქვს.
„ოპოზიციის შემადგენლობა უფრო მრავალფეროვანი გახდა, ვიდრე ეს რამდენიმე ხნის წინ იყო. ვგულისხმობ პერიოდს, როცა ენმ ოპოზიციური ის ღერძი იყო, რომლის გარშემო ახალი პარტიები ჩნდებოდნენ. დღეს კი არიან პარტიები, რომლებიც „ნაცმოძრაობაზე" მიბმულები არ არიან, მაგრამ პატარა პარტიები არიან. იმ ფონზე, როცა ეს პარტიები რაოდენობის მხრივ პარლამენტში ამინდს ვერ ქმნიან, მათი ერთიანობის აუცილებლობა არ ჩანს. დავუშვათ რომც ყველა გერთიანდეს, იმის შანსი არ იკვეთება, რომ თუ ყველა ერთად იქნება, „ოცნებას" დაამარცხებენ. მათი ჯამური რეიტინგიც კი ისეთი პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ იძლევა, რაც მერე ოპოზიციას აალაპარაკებს, რომ ტექნიკური მთავრობა ან კოალიცია შევქმნათო.
„ამ ყველაფრის პირობები არ იქმნება, რადგან ოპოზიციამ ზოგადად სახელი გაიფუჭა. ხალხმა აღმოაჩინა, რომ ქვეყანაზე არ ზრუნავენ, რომ შეიძლება ომიც კი მოუნდეთ. ეს ენმ-ს ეხება, მაგრამ ყველაზე ძლიერია და ამიტომ დანარჩენებზეც ვრცელდება. ოპოზიციას უახლოესი გეგმების დადებაც კი უჭირს, როგორ შეიძლება ხალხმა ქვეყნის მართვა იმ პოლიტიკურ ჯგუფებს მიანდოს, რომლებიც გეგმასაც კი ვერ დებენ.
„ბევრი ისეთი პრობლემაა, რაც სრულიად გასაგებს ხდის, რომ მოსახლეობას არ აქვს ოპოზიციისთვის ხმის მიცემის სურვილი, თვითონ ოპოზიციის მიერ დაშვებული შეცდომების გამო და არა იმიტომ, რომ „ქართული ოცნებაა" მოსახლეობისთვის იდეალური პარტია. ფაქტია, რომ, ასეა თუ ისე, ოპოზიციური ერთობა მათთვის პოლიტიკური შედეგის მომცემი არ იქნება და, შესაბამისად, საეჭვოა, რომ გაერთიანება გაერთიანებისთვის მოხდეს.
„როგორც კი ისეთი ძალის ოპოზიციური პარტია გამოჩნდება, რომელიც მოსახლეობას დააჯერებს, რომ მას ქვეყნის მართვა და გამარჯვება შეუძლია, ბევრი რამ შეიცვლება. როცა ხელისუფლებასთან იბრძვი, ათი თავით მაღლა უნდა იდგე. როგორც კი ხალხმა ივანიშვილში ის ძალა იგრძნო, რომ მას ქვეყნის მართვა შეუძლია, მას 2012 წელს მოსახეობის უდიდესი ნაწილი გვერდში დაუდგა. იგივე ხალხს ასეთი ერთიანობა არ ჰქონდა 2007-2009 წლებში, რადგან ოპოზიციაში ეფექტური მმართველი არ ეგულებოდა.
„გარდა ოპოზიციონერობისა, ამ ჯგუფებმა მოსახლეობას უნდა დააჯერონ, რომ მათ არა მარტო დამარცხება, არამედ მართვაც შეუძლიათ. ძალიან ბევრი კრიზისი, რაზედაც ოპოზიცია ლაპარაკობს, მათი იმ რეიტინგითაა გამოწვეული, რომელიც მაგ სახელისუფლებო როლთანაა დაკავშირებული. კარგი მმართველის გამოჩენა დიდ შანსს იწვევს საიმისოდ, რომ იგი ხალხის მხარდაჭერას მოიპოვებს", - განაცხადა საყვარელიძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახლა პროდასავლური პარტიების კოორდინაცია აუცილებელია. ფიქრობს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საჭირო მომენტში გარკვეული პარტიები გაერთიანებას შეძლებენ.
„პროდასავლური პარტიების ურეთიერთკოორდინაცია აუცილებელია, არაა გამორიცხული, რომ ეს აუცილებლობა არჩევნების წინ დადგეს, ერთიანი ბლოკით თუ ალიანსით. შესაძლოა სტრატეგიასა და ტაქტიკასთან დაკავშირებით განსხავებული მოსაზრებებია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ დღეს კოორდინაცია აუცილებელია. კონფლიქტი ახლა აბსოლუტურად მოიღებელია.
„მოიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა და პიროვნებათაშორისი კონფლიქტისა, პარტიები საჭირო მომენტში ერთიანობას შეძლებენ, ესენია: ენმ-ს, „სტრატეგია აღმაშენებელი", „ლელო" და „გირჩი-მეტი თავისუფლება". ფაქტია, რომ ისინი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე თანხნმდებიან, ასევე რიგ სხვა საკითხებზე. „მოქალაქეები" და „გირჩი" პარლამენტშია და ხელისუფლებისადმი ლოიალობას ავლენენ იმის გამო, რომ 2024 წლამდე პარლამენტში დარჩნენ.
„აქციები შესაძლებელია, მაგრამ ეს უნდა იყოს მოქმედების ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი ფორმა. შესაძლოა ერთ დღით ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდეს, მაგრამ სხვა დღით არა. აუცილებელია, არჩევნებისათვის მოემზადონ, თუნდაც ვადამელის, რისთვისაც საჭიროა რომ საკონსტიტუციო ცვლილებებში მიიღონ მონაწილოება, რომელიც სააჩევნო კანონმდებლობას დაუკავშირდება.
„მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ოპოზიციის ერთობას ემხრობა, თუმცა ნაწილი არა. „ნაცმოძრაობის" მომხრეები, მაგალითად, „ლელოს" აკრიტიკებენ. ამიტომაც საჭიროა მოსახლეობა დაარწმუნონ იმაში, რომ ოპოზიციის ერთობაა საჭირო. ამავე დროს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც არც ოპოზიცია უნდა და არც ხელისუფლება, დაარწმუნონ თუ რატომაა ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა უკეთესი. ასევე დაარწმუნონ საზოგადოება, რომ მოსაზრება თითქოს ოპოზიციას საქართველოს ომში ჩათრევა სურს, ეს აბსოლუტური ტყუილია.
„ხელისუფლების პროპაგანდა მუშაობს და ამიტომაც ოპოზიციის მხრიდან ამ მიმართულებით სამუშაოა ჩასატარებელი, რომ ხალხი რეალური ფაქტებით დაარწმუნონ. ის ხალხი უნდა გადმოიბირონ, ვისაც დღევანდელი ხელისუფლება არ მოსწონს, მაგრამ ენმ-ს დაბრუნების შიშით ისევ „ოცნებას" აძლევს ხმას. ან მეორე ნაწილი, რომელიც არჩევნებზე არ მიდის.
„დღეს ინფორმაცია იგებს და სწორი საინფორმაციო პოლიტიკის გატარება ამა თუ იმ პოლიტიკუირი პარტიის გამარჯვებას. მხოლოდ აქციები საკმარისი არაა. იგივე ენმ-მ ჭორების გაფანტვაზე უნდა იმუშაოს, რომ იყო რაღაც გადაცდომები, თუმცა ბევრი ბრალდება ტყუილი იყო და დღევამდელსა და მაშინდელ ხელისუფლებას შორის გნასხვავება დაანახონ", - განაცხადა ჩიტაძემ.