რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი განკარგულებით, ფაქტიურად, ფარული მობილიზაცია გამოაცხადა. ეს და ბოლო დღეების სხვა მოვლენები იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი და კიევი ომის შემდეგი ფაზისთვის ემზადებიან. ამის პარალელურად საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგურისკენაა მიმართული. უკრაინული მხარის ცნობით, აეს-ზე ფიქსირდება დაზიანებები, რამაც წყალბადის გაფრქვევისა და რადიაციის გაჟონვის საფრთხე გააჩინა.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშებს არ წყვეტს. უკრაინის „ენერგოატომის" განცხადებით, რუსულმა ძალებმა ოკუპირებული ზაპორპოჟიეს ელექტროსადგური არაერთხელ დაბომბეს და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის რისკი არსებობს, მაღალია ხანძრის საშიშროებაც. ანალიტიკოსთა შეფასებით, რისკი მართლაც ძალიან მაღალია და შესაძლოა ჩერნობილის ხელოვნური სცენარი განმეორდეს. თან ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის სიმძლავრე ჩერნობილისას დაახლოებით ათჯერ აღემატება და შავი ზღვის სანაპიროსთან უფრო ახლოსაა.
ამასთან, ანალიტიკოსები იმის აუცილებლობაზე საუბრობენ, რომ ზაპოროჟიეს აეს-ი დემილიტარიზებულ ტერიტორიად გამოცხადდეს და სრული განიარაღება განხორციელდეს. მათი თქმით, სასურველი იქნება, თუ იქ გაეროს გიდით სამშვიდობო კონტინგეტი ჩადგება, ან საერთაშორისო დამკვირვებლები მაინც შევლენ.
რა ხდება ფრონტის ხაზზე
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ომის 185-ე დღეს ოკუპანტები ძალების მობილიზებას ორი მიმართულებით ახორციელებენ. სევერსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს დასავლეთის სამხედრო ოლქის ცალკეული ქვედანაყოფების შეკავებას ბრაიანსკის და კურსკის ოლქების სასაზღვრო რაიონებში. სუმის ოლქის სოფელი ტოლსტოდუბოვო ქვემეხი არტილერიიდან დაბომბეს.
მათივე ინფორმაციით, ვოლინისა და პოლესეს მიმართულებებით გრძელდება მტრის რადიოელექტრონული ძალებისა და საშუალებების მობილიზება.
რუსი აგრესორების მიერ ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ სოფელ კამენკას დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იყვნენ მოყოლილი.
ამის პარალელურად უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთს ოკუპირებულ ყირიმში მძიმე სამხედრო ტექნიკა გადააქვს. მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილება ყირიმის ხიდთან დააფიქსირეს. კერძოდ, თვითმხილველების განცხადებით, კოლონა შედგება „ტ-72" და „ტ-80" ტანკებისგან; 152 მმ-იან და 122 მმ-იან „2-ეს-19 მსტა" და „გვოზდიკას" თვითმავალ საარტილერიო დანადგარებისგან, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისგან, სატვირთო მანქანებისგან, საწვავის ავზებსა და საინჟინრო სპეცტექნიკისგან.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო აცხადებს, რომ რუსეთში მაღალი სიზუსტის იარაღის მარაგი უკვე ამოწურვის ზღვარზეა და დარჩათ იმ რაკეტების 45%, რაც ომის დაწყებამდე ჰქონდათ. ზოგიერთი ტიპის რაკეტების შემთხვევაში კი რეზერვი პრაქტიკულად აღარ დარჩა. კერძოდ, რთული ვითარებაა „კალიბრთან", „ისკანდერთან" და „კინჟალებთან" დაკავშირებით.
„ხელოვნური ჩერნობილის" რისკი
უკრაინის სახელმწიფო ენერგოოპერატორი, „ენერგოატომი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, ზაპოროჟიეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს აეს-ზე რუსული ძალების დაბომბვების შედეგად ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის რისკი არსებობს.
„პერიოდული დაბომბვის შედეგად დაზიანებულია სადგურის ინფრასტრუქტურა. არსებობს წყალბადის გაჟონვისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაფრქვევის საშიშროება. მაღალია ხანძრის საშიშროებაც. ელექტროსადგური მუშაობს რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით", - ნათქვამია ოპერატორის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ზაპოროიჟიეს ელექტროსადგურზე ამ დრომდე რუსული საოკუპაციო ძალებია განთავსებული. კიევი მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რომ რუსეთი აიძულოს და ელექტროსადგური გაათავისუფლოს. პირველად 25 აგვისტოს, დაბომბვების შედეგად ზაპოროჟიეს ელექტროსადგური ელექტროქსელიდან მთლიანად გაითიშა, უკრაინის ელექტრო ქსელთან დაკავშირება კი მხოლოდ მეორე დღით 26 აგვისტოს მოხერხდა.
უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საფრთხე დიდია და შესაძლოა ხელოვნური „ჩერნობილი" განმეორდეს, ამიტომაც აუცილებელია, რომ ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდეს და იქ სამშვიდობო კონტინგეტი შევიდეს.
„შესაძლოა „ხელოვნური ჩერნობილი" მოხდეს, რაც ძალიან დიდი ტრაგედია იქნება. ზაპოროჟიეს აეს-ს ჩერნობილისაზე დაახლოებით ათჯერ მეტი სიმძლავრე აქვს, საკმაოდ ძლიერი ობიექტია, თავის დროზე სპეციალურ კონტროლზე იყო აყვანილი.
„ეს ტერიტორია დემილიტარიზებულ ზონად უნდა გამოცხადდეს და სრული განიარაღება განხორციელდეს. სასურველი იქნება, თუ გაეროს ეგიდით სამშვიდობო კონტინგეტი ჩადგება. აქ პასუხისმგებლობა როგორც რუსულ, ისე უკრაინულ მხარეს ეკისრება, მაგრამ რუსულმა მხარემ მისი მილიტარიზაცია მოახდინა, სამხედრო კონტინგეტი შეიყვანა და უკრაინელები ცდილობენ, რომ დაიბრუნონ.
„ახალი ინიციატივების შემუშავება აუცილებელია. სამშვიდობო კოინტინგეტი შეიყვანონ, ან საერთაშორისო დამკივირვცებლები მაინც შვიდნენ. მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტზე გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა და „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ" პირადი კონტროლი აიღონ. მხოლოდ უკრაინის საფრთხე არაა, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იქნება.
„ჩვენც გვეხება, ზაპოროჟიე საქართველოსთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ჩერნობილი. ნარჩენების კუთხითაც კი შესაძლოა რადიოლოგიური დაბინძურება მოხდეს და ამას ბირთვული აფეთქების და მისი რადიაციული ფონის კიდევ უფრო დიდი მასშტაბით გაშლა დაემატოს.
„ძალიან საშიში სიტუაციაა. საქართველოს მთავრობამაც თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს. ასე უნდა მოიქცეს ყველა ქვეყანა, ვისაც ეხება და არ ეხება. მე, როგორც ბირთვული უსაფრხოების სპეციალისტი, აღნიშნულზე დიდ შეშფოთებას გამოვხატავ და ჩვენს მთავრობას მოვუწოდებ, ამასთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა განცხადება გააკეთოს. ეს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხცოებას ეხება. გააკეთოს განცხადება თუნდაც პრეზიდენტმა",- განაცხადა მაისაიამ.
დიდ საფრთხეზე საუბრობს „რეზონანსთან" შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძეც. მისი აზრით, თუ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიოაქტიურმა ნივთიერებებმა გაჟონა, შესაძლოა საფრთხე შეექმნას არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელს შავი ზღვის რეგიონს.
„საფრთხე დიდია. ზაპოროჟიეს აეს-ი ევროპაში ერთ-ერთი უმძლავრესია და მისი პოტენციალი ჩერნობილის ელექტროსადგულისას აღემატება. 1986 წელს ვიცით რა კატასტროფაც მოხდა. როცა ჩერნობილის რადიაციულმა ღრუბელმა უკრაინისა და ბელარუსის ტერიტორიას გადაუარა და შვედეთამდე მივიდა, დიდი პრობლემები შეიქმნა.
„ზაპოროჟიეს აეს-ზეც იგივე საფრთხეა და თუ რადიოაქტიურმა ნივთიერებებმა გაჟონა, შესაძლოა საფრთხე შეექმნას არა მხოლოდ უკრაინას, არამედ შავი ზღვის რეგიონს. უარესი სცენარის შემთხვევაში, შესაძლოა ღრუბელმა საქართველომდეც მოაღწიოს. რუსეთი ამ პრობლემას სპეკულაციისთვის იყენებს.
„გაეროს სპეციალიზირებული ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო პრობლემის აღმოფხვრის მიმართულებით მუშაობს, ერთი პერიოდი გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ელექტროსადგური უკრაინის ელექტროსისტემას შეუერთდა. რუსეთი ყველაფერზეა წამსვლელი და არაფერი არაა გამორიცხული, ამიტომაც საფრთხე რეალურია",-განაცხადა ჩიტაძემ.
მზადება ომის შემდეგი ფაზისთვის
ანალიტიკოსებმა ფრონტზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს.
„ფრონტის ხაზზე სიტუაცია თითქმის იგივეა. პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტატო რიცხოვნობის 137 000 სამხედრო მოსამსახურით გაზრდის შესახებ და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები უკრაინის კონფლიქტზე პირდაპირ იქნებიან მიბმული. ფაქტიურად, ფარული მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთი, როგორც ჩანს, ომის მესამე ფაზისთვის ემზადება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ რუსეთს რაკეტების პოტენციალის 45% დარჩა და ახლა უკრაინას უფრო მეტი პოტენციალი აქვს, თუმცა არც იმდენი, რომ მასირებული კონტრშეევა შეძლოს.
„ფრონტის ხაზზე ვითარება ეტაპობრივად იცვლება უკრაინის სასარგებლოდ. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთს რაკეტების პოტენციალის 45% დარჩა, მათ შორის პრობლემაა „ისკანდერებზე", რომელთა მოქმედების რადიუსი 300 კმ-ს აღემატება, ასევე რაკეტა „კინჟალი", რომელიც ასევე საფრთხის შემცველია.
„ვითარება ნელნელა უკრაინის სასარგებლოდ უკეთესობისკენ იცვლება. ჩემი აზრით, ომი მეოთხე ეტაპზე გადადის. პირველი ეტაპზე რუსეთმა გარკვეული ტერიტორიები დაიკავა, მეორე ეტაპი იყო, როცა უკრაინამ კონტრშეტევით ათასზე მეტი დასახლებუილი პუნქტი გაათავისუფლა. მესამე ეტაპი იყო რუსეთის კონცენტრაცია დონბასში. ახლა მეოთხე ეტაპია, როცა ფაქტიუარდ მოწინააღმდეგეები ერთმანეთის ტერიტორიებს ბომბავენ.
„ახლა უკრაინას უფრო მეტი პოტენციალი აქვს, რადგან მას „ჰაიმარსები" აქვს. ჩემი აზრით, დაახლოებით 2-3 თვის განმავლობაში დაბომბვები და ნერვების თამაში იქნება. უკრაინის სარაკეტო პოტენციალი ივსება და რუსეთის იცლება, მაგრამ უკრაინას ჯერ არ აქვს ის პოტენციალი, რომ ფართო კონტრშეტევა დაიწყოს იგივე ხერსონზე. მაგრამ იმედია, რომ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომავალში კონტრშეტევებს შეძლებს",-განაცხადა ჩიტაძემ.