ოპოზიცია „ცხელ შემოდგომას" აანონსებს, თუმცა სამოქმედო გეგმა საზოგადოებისთვის ჯერაც არ წარუდგენია. მხოლოდ ლიდერთა განცხადებები ისმის ბოიკოტზე, დაუმორჩილებლობასა და ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებზე, ასევე - მინიშნებაც, რომ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება მიღწეული არ არის. რატომ ვერ შეთანხმდა ოპოზიცია სამომავალო გეგმაზე და იქნება თუ არა „ცხელი შემოდგომა?" ამ საკითხებზე „რეზონანსი" პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.
პაატა ზაქარეიშვილი: საპროტესტო აქციების გამართვა შეუძლია ნაცმოძრაობას, მაგრამ მცირე მასშტაბისა და ცოტა ხნით. ამიტომ დანარჩენ ოპოზიციას იმედი აქვს, რომ ნაცმოძრაობა იქნება ლოკომოტივი. რაც შეეხება გეგმას ფართომასშტაბიან აქციებზე, ვფიქრობ, რომ წინასწარ განწირულია. სასწაული უნდა მოხდეს, რომ დიდი აქციები დაიწყოს და თანაც დიდი ხნით. ხალხმრავალი აქცია იყო მაშინ, როცა კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, მაგრამ ხალხი ქუჩაში არც პარტიებს გამოუყვანია და არც - არასამთავრობო სექტორს.
ქართულ „ოცნებასაც" მეტი რა უნდა, ყველაფერს გააკეთებს, კანდიდატის სტატუსი რომ ვერ მივიღოთ და საზოგადოებაში შექმნის განცდას, რომ ოპოზიციის ბრალია. ამიტომ ვისაც ოდნავ გონიერება ჰყოფნის და ანალიზის უნარი აქვს, „ქართულ ოცნებასთან" უნდა ითანამშრომლოს არა იმიტომ, რომ ღირსია, არამედ იმიტომ, რომ როგორმე მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
„რ": ოპოზიციის სამომავლო გეგმაში, როგორც ჩანს, ბოიკოტს მთავარი ხაზი უკავია, რადგან „ნაციონალების" ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა უკვე მოუწოდა დანარჩენ ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ.
პ.ზ: ბოიკოტი იქნება ვოდევილი. ამ ზაფხულს მთელი საქართველო შემოვიარე და ვნახე, რა განწყობაა ხალხში. არ არის ოპოზიცია პოპულარული საზოგადოებაში. სად არ ვიყავი, პროტესტი არ იგრძნობა. მესმოდა, რომ არჩევნების წელი არ არის და ნახეთ, „ოცნება" მაინც მუშაობსო. გზებს აგებს, 2024 წელს ეს მაგისტრალიც გაიხსნება, თბილისში ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდება, ანუ ეფექტურად მუშაობს. ოპოზიცია რას სთავაზობს ხალხს? არაფერს, მხოლოდ ლაპარაკი ბოიკოტზე და აქციებზე. დაღვინებაა საჭირო, მაგრამ ნაცმოძრაობაში სააკაშვილის ფაქტორი ისევ მნიშვნელოვანია. ავადმყოფ ადამიანზე არ შეიძლება ნიშნისმოგებით ლაპარაკი, მაგრამ სააკაშვილი აწვალებს პარტიასაც და ქვეყანასაც. თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თქვას, სანამ ციხეში ვარ, მიხედეთ პარტიას, ან რასაც მე ვიტყვი, ყველაფერი ისე იქნებაო.
„რ": პოლიტიკურ სცენაზე ახალი პარტია ან კონფიგურაციები ხომ არ გამოჩნდება? არის ხმები, რომ "ოცნებიდან" განდეგილებმა შეიძლება ახალი პარტია შექმნან.
პ.ზ: ხალხი იმედნად მოწყურებულია მესამე ძალას, რომ დიდი ხანია, ელოდება, მაგრამ არ ჩანს. ეს ოთხეული „ოცნებიდან" კი არ წამოვიდა, უფრო ჩაღრმავდა „ოცნების" ბნელ კუთხეებში. ყველამ რომ დატოვოს პარტია, ეგენი იქნებიან ბოლო, ვინც „ოცნებაში" შუქს გამორთავს.
„რ": საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვთ, დაწევს ხელისუფლება ბარიერს?
პ.ზ: ეჭვი მეპარება, „ოცნებამ" ბარიერი დაწიოს. აწყობს თავისი საყვარელი ნაცმოძრაობა, როცა სჭირდება, კარგადაც ურტყამს. პატარა პარტიებს კი ახმაურებს, აჭიჭიყინებს, მაგრამ 5%-იან ბარიერს არ დათმობს.