„ქართული ოცნებიდან" გასულმა „ოთხეულმა" მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც კვლავ აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციაა ნახსენები. როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ოთხეულის აქტიურობა მინიმუმ 2024 წლის არჩევნებამდე გაგრძელდება და მათი რიტორიკა იმაზე იქნება დამოკიდებული, უკრაინაში მოვლენები როგორ განვითარდება, ანუ რა ბედი ეწევა დასავლეთ-რუსეთის ურთიერთობას.
საქართველოს პარლამენტის წევრები - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი კვლავ საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს პასუხობენ და აღნიშნავენ, რომ ელჩის მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები „მორიგი აღიარებითი ჩვენებაა".
მათი განცხადებით, „დეგნანი „ნაცმოძრაობის" მეშვეობით შემოგდებული მესიჯებით გველაპარაკება - საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას". მათი შეფასებით, „ელჩის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, თუ სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან".
გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ არასმათავრობო ორგანიზაციებს „ისფედსა" („სამართლიანი არჩევნები") და „სირცხვილიას" რევოლუციის მცდელობა ორჯერ ჰქონდათ. პირველი შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა 2020 წლის 1-ლ ნოემბერს „ისფედმა" პარალელური დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რაც, საბოლოო ჯამში, მცდარი აღმოჩნდა. მეორე შემთხვევად კი ოთხი დეპუტატი 2022 წლის ივნისის აქციებს და „სირცხვილიას" კლიპს ასახელებენ, რომელზეც წერენ, რომ „თავისი შინაარსით პოლიტიკურიც იყო და რევოლუციურიც".
წერენ ასევე ე.წ. გავრილოვის ღამეზე, რომ „ღამით ერთი მხრიდან პარლამენტში საელჩოს ერთი ფავორიტი, ნიკანორ მელია იჭრებოდა, ხოლო მეორე მხრიდან ადამიანებს დამიზნებით საელჩოს კიდევ ერთი ფავორიტი, გიორგი გახარია ესროდა".
როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, მოსალოდნელია, რომ დასავლელი პარტნიორების კრიტიკის კუთხით ოთხეული კიდევ უფრო გაატიურდება. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" შეტევა სამი მიმართულებით დაიწყო.
„ეს ოთხეული „ქართულმა ოცნებამ" სწორედ მაგიტომ შექმნა და ვითომ დამოუკიდებელი გუნდის ფუნქცია მიანიჭა, რომ მან სწორედ ის საქმიანობა განახორციუელოს, რასაც აკეთებს. მათი ძირითადი ფუნქცია, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების კრიტიკაა. მათი ლოგიკა მთლიანად რუსულ სცენარში ჯდება. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ისინი კიდევ უფრო გააქტიურდებიან და მათი აქტიურობა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ უკრაინაში პროცესები როგორ განვითარდება, ანუ რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებოი როგორი იქნება.
„თუ შეხედავენ, რომ დღეს არსებული ვითარება შენარჩუნებული იქნება, რა თქმა უნდა, ეს ოთხეული ამ მიმართულებით ეპისტოლარულ მოღვაწეობას და ანტიდასავლურ კრიტიკას გააგძელებს მინიმუმ 2024 წლის არჩევნებამდე. შემდეგ ამ ოთხეულის ფუნქციონირება იმის მიხედვით იქნება, თუ პარლამენტსა და ქვეყანაში სიტუაცია როგორ დალაგდება.
„ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ" შტურმი არა მხოლოდ ჩვენი დასავლელი პერტნიორების მიმართულებით, არამედ კიდევ ორი მიმართულებით დაიწყო. ჩვენი პარტნიორების წარმოჩენა ისე ხდება, რომ ისინი ლამის „ნაცმოძრაობის" ავანგარდში არიან. მეორე მიმართულება არასამთავრობო სექტორია და მესამე - პარტიული ოპოზიციური მედია. ეს სამი ფაქტორი მინიმუმ არჩევნებამდე იქნება. ყოველგვარი „ცოდვა" აეკიდება აშშ-ს, არასამთავრობო სექტორს და პარტიულ მედიას", - განაცხადა ძაბირაძემ.
კითხვაზე, რა რეაცია შეიძლება მოჰყვეს ამას დასავლეთისგან, ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ დასავლეთი ჯერჯერობით ამის იგნორირებას ამჯობინებს, შემდეგ კი სიტუაციას დააკვირდება.
„როგორც ჩანს, ჯერჯერობით დასავლეთი ამის იგნორირებას ამჯობინებს. ელჩი რაღაცეებს პასუხობს, მაგრამ დასავლეთი ცდილობს, რომ არ გაამწვავოს და კრიტიკულ ზღვრამდე არ მიიყვანოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ ევროპა ამ ზამთარს როგორ გადაიტანს. თუ ევროპამ შეძლო და ზამთრის პრობლემა ნაკლებად მტკივნეული გახადა, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება.
„მაგრამ აქ ერთი ფაქტორია - რუსეთი რა თქმა უნდა შეეცდება, რომ ზამთარში ევროპისთვის თავისი ენერგორესურსები ან მინიმუმამდე შეამციროს, ან სრულიად შეწყვიტოს. ამ შემთხვევაში დღის წესრიგში რუსეთისთვის ალტერნატიული დერეფნის პრობლემა დგება, ეს ალტერნატიული დერეფანი, არის ჩინეთი, შუა აზია, აზერბაიჯანი, საქართველო. ამიტომ როცა ეს ოთხეული ცდილობს წარმოაჩინოს, რომ დასავლეთი თითქოს საქართველოში დესტაბილიზაციის მომხრეა, შესაძლოა დღეს სინამდვილეში ყველაზე ორგანულად დესტაბილიზაციით რუსეთია დაინტერებული, მაგრამ „ოცნება" ცდილობს პროცესი ისე წარმართოს, რომ რაიმეზე უარი თავად კი არ თქვას, დასავლეთს ათქმევინოს, მაგალითად ჩვენთან ურთიერთობებზე.
„ვფიქრობ დასავლეთი სიტუაციის შესაბამისად უნდა მოიქცეს, ისევე როგორც ძალიან დიდი სიფრთხილე და მოქნილება მართებს ოპოზიციას. ცხელ შემოდგომას რომ აანონსებს და არანაირი ელექტორალური მზაობა არაა, ძალიან ჩქარობენ და ამით ხელს უწყობს „ოცნებას", რომ ვითარება მართოს ისე, როგორც მას უნდა. ზოგიერთ მიმენტში შესაძლოა ხელოვნური „ცხელი შემოდგომის" შექმნა რუსეთს ხელს აძლევდეს. ამიტომ ოპოზიციასაც ზუსტი მოქმედებები და ადეკვატური პასუხები მართებს", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".