ავთანდილ დემეტრაშვილი: „ოცნება“ ვადამდელ არჩევნებზე არ წავა“

ავთანდილ დემეტრაშვილი: „ოცნება“ ვადამდელ არჩევნებზე არ წავა“


ია აბულაშვილი
26.08.2022 
 

„ოცნება" ვადამდელ არჩევნებზე არ წავა, რადგან მყარი პოზიციები გააჩნია და ოპოზიციის პოლიტიკური აქტივობაც დაბალია - ასე აფასებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ოპოზიციის განცხადებებს ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

ოპოზიციაში აცხადებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მნიშვნელოვანია მოხდეს საარჩევნო ბარიერის დაწევა, რაზედაც პარტია „ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მთავარი ფაქტორი, რომელიც ბარიერის დაწევაზე მსჯელობას დაედება საფუძვლად, არის დეპოლარიზაცია.

ავთანდილ დემეტრაშვილი: კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ 3/4-ით, ანუ ამისთვის საჭიროა ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღონ მონაწილეობა სამუშაო ჯგუფებში. თუ ოპოზიცია დათანხმდება, რომ შევიდეს სამუშაო ჯგუფში, სავსებით შესაძლებელი იქნება დაიწყოს მსჯელობა ბარიერის დაწევის თაობაზე. შეიძლება ირაკლიმ 3%-ით დაიწყოს; ვნახოთ, როგორი იქნება ძალთა ბალანსი და შეიძლება 2%-ზეც ჩამოვიდნენ.

„ოცნებას" აწყობს თუ არა ბარიერის დაწევა, არ ვიცი, მაგრამ უკვე გამოჩნდა „ოცნება 2"-ის შექმნის პერსპექტივა და „განდგომილებმა" შეიძლება შექმნან პოლიტიკური გაერთიანება. კოალიციური მთავრობის შექმნის მიზნით კი „ოცნებას" სხვა პატარა პარტიებიც შეიძლება შეუერთდეს. რაც შეეხება ნაცმოძრაობას, ისინი ყოველთვის ამბობენ, რომ მიესალმებიან ბარიერის დაწევას, მიუხედავად იმისა, რომ თავის ამომრჩეველი ჰყავთ. დარჩება თუ არა ნაცმოძრაობას ის 500 ათასი ამომრჩეველი, რომელიც ჰყავდა, ეს დიდწილად მიხეილ სააკაშვილის ფაქტორზეა დამოკიდებული. ანუ დარჩება თუ არა მიშა პოლიტიკაში, გაემიჯნება თუ არა ნაცმოძრაობას? უკანასკნელ შემთხვევაში, ნაცმოძრაობა ან დაიშლება, ან დაკარგავს ამომრჩეველს და დაუდგება სხვასთან ბლოკის შექმნის პრობლემა.

ვადამდელი არჩევნების იდეასთან დაკავშირებით კი ფაქტია, რომ „ოცნება" ამაზე არ წავა. დღეს მას მყარი პოზიციები გააჩნია და ოპოზიციის პოლიტიკური აქტივობაც დაბალია" - განაცხადა „რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.