საქართველოს მთავრობა არ უნდა აძლევდეს ამა თუ იმ შესაძლებლობას ან საბაბს რუსეთს, რომელზეც მას შეუძლია საკუთარივერსიების განვცრობა - დასავლეთის ლიდერების მასობრივი კრიტიკა, რუსეთთან დაკავშირებული საკითხების გამო "თითის წვერებზე სიარული", ბრალდებები, რომ რადგან სხვები რუსეთის წინააღმდეგ მტკიცე წინააღმდეგობას გამოხატავენ, ეს, როგორღაც, საქართველოს ომში ითრევს - არ ვფიქრობ, რომ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ჭკვიანურია,- ამის შესახებ საქართველოში „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ყოფილმა დირექტორმა და გერმანიის მარშალის ფონდის, "დემოკრატიის დაცვის ალიანსის" ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.
მან ისაუბრა გაეროში, რუსეთის ელჩის მოადგილის, დიმიტრი პოლიანსკის განცხადებაზე, რომ ომი 2008 წელს საქართველომ დაიწყო და ამასთან, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ "აღიარა სულელური შეცდომა, რომელიც სააკაშვილმა დაუშვა". კითხვაზე, როგორ შეაფასებს რუსეთის მხრიდან საქართველოს მთავრობისადმი პოზიტიური განცხადებებს და რატომ და როდის შეიცვალა ეს დამოკიდებულება, ლორა თორნტონი განმარტავს, რომ მგავსი განცხადებები საშიშია.
„ვფიქრობ [ასეთი განცხადებები] ძალიან საშიშია, თუმცა არც ისაა ახალი, როდესაც რუსეთი ისტორიის გადაწერას ცდილობს. მათ შეცვალეს ნარატივები საქართველოს შესახებ, იგივე გააკეთეს ყირიმში. მათ ისტორიის გადაწერა სურთ და თუ ბრალის ასარიდებლად ისინი იპოვიან იმ ხელჩასაჭიდს, რომ საქართველოში ვიღაცამ რაღაც თქვა და ამას დაეყრდობიან, მას განავცრობენ, ისინი ამას აუცილებლად გააკეთებენ.
ვფიქრობ ის, რაზეც თქვენ მიუთითებთ კითხვის მეორე ნაწილში, ძალიან ბევრ ჩვენგანს აშფოთებს. საქართველოს მთავრობა არ უნდა აძლევდეს ამა თუ იმ შესაძლებლობას, ან საბაბს რუსეთს, რომელზეც მას შეუძლია [საკუთარი ვერსიების] განვცრობა. ასე რომ, როდესაც რუსეთთან ურთიერთობაზეა საუბარი, ძალიან ნათელი უნდა იყოს ყველაფერი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს ადგილი ყოყმანის, დაბნევის, ან რბილად საუბრისთვის“,- აღნიშნავს ლორა თორნტონი.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს მიზეზებს აძლევს, თორნტონი განმარტავს, რომ დასავლეთის ლიდერების მასობრივი კრიტიკა და რუსეთთან დაკავშირებული საკითხების გამო "თითის წვერებზე სიარული" ჭკვიანური არ არის.
„ სულ უფრო და უფრო რთული ხდება ჩემთვის და სხვა იმ ადამიანებისთვის, ვისაც საქართველოს დემოკრატიაზე გული შესტკივა, რომ მათ [საქართველოს მთავრობას] ამ ეჭვების მიუხედავად, მათ დავუჯეროთ. დასავლეთის ლიდერების მასობრივი კრიტიკა, რუსეთთან დაკავშირებული საკითხების გამო "თითის წვერებზე სიარული", ბრალდებები, რომ რადგან სხვები რუსეთის წინააღმდეგ მტკიცე წინააღმდეგობას გამოხატავენ, ეს, როგორღაც, საქართველოს ომში ითრევს - არ ვფიქრობ, რომ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ჭკვიანურია. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა თუნდაც შეკითხვებს უნდა სვამდეს ამ თემებთან დაკავშირებით. ვიმეორებ, ძალიან ნათელი უნდა იყოს როგორია მათი პოზიცია. ფაქტი, რომ არსებობს თუნდაც ეჭვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არიან ისინი რუსეთის მომხრეები, ძალიან ხელისშემშლელია.
სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის ამბობდა, რომ ისინი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეები არიან და ეს ისევ არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულება. მაგრამ, რატომ აყენებენ ჩრდილს ამას? რატომ აკრიტიკებენ დასავლელ მეგობრებს და მოკავშირეებს? რატომ არ არიან გაბედულები, როდესაც რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულ კითხვებზე უწევთ პასუხის გაცემა? მოკავშირეებისთვის ეს მხოლოდ ართულებს საქართველოს მხარდაჭერას“,- აღნიშნავს თორნტონი.