ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - "ბი-ბი-სის" რუსულმა სამსახურმა (BBC russian) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით - "რატომ არ გააფრთხილა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლეობა რუსეთის თავდასხმის შესახებ: "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტების გამოკვლევის მთავარი მომენტები".
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
რამდენიმე დღით ადრე, მანამ, სანამ რუსეთის არმიის სატანკო ქვედანაყოფები უკრაინის საზღვარს გადალახავდნენ და კიევის მიმართულებით მოძრაობას დაიწყებდნენ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს მოუწოდა, მშვიდად ყოფილიყვნენ და "სამაისო მწვადებზე" ეფიქრათ. არადა, ამ მომენტამდე, უკვე თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში, დასავლური მედია განუწყვეტლად წერდა კრემლის გეგმებზე უკრაინაში შეჭრის შესახებ.
ამერიკულმა გაზეთმა "ვაშინგტონ პოსტმა" (The Washington Post) 16 აგვისტოს გამოაქვეყნა ვრცელი ჟურნალისტური გამოკვლევა სათაურით - "გზა ომისაკენ: აშშ ყველანაირად ცდილობდა, მოკავშირეები და უკრაინა რუსეთის შეჭრის საფრთხეში დაერწმუნებინა" (ავტორები: შეინ ჰარისი, კარენ დეიუნგი, ეშლი პარკერი), რომელშიც გადმოცემულია, თუ როგორ მიიღო უკრაინის ხელისუფლებამ ინფორმაცია რუსეთის თავდასხმისთვის მზადებაზე და როგორი რეაგირება მოახდინა კიევმა. გაზეთის ჟურნალისტები ესაუბრნენ 30-ზე მეტ წყაროს, მათ შორის - აშშ-ის, უკრაინის, ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების ოფიციალურ, მაღალჩინოსან პირებს, რომელთაგან ზოგიერთმა თავისი სახელის გამხელა არ ისურვა.
გარდა ამისა, "ვაშინგტონ პოსტმა" ინტერვიუ ჩამოართვა თვითონ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც შეეცადა აეხსნა, თუ რა მოტივებით ხელმძღვანელობდა იგი, როცა გადაწყვიტა ბოლო მომენტამდე არაფერი ეთქვა მოსახლეობისათვის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მოახლოებაზე.
"ჭკვიანი ქვეყანა ამაზე არ წავიდოდა"
"ვაშინგტონ პოსტის" მონაცემებით, გასული წლის ოქტომბერში თეთრ სახლში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის - ჯოზეფ ბაიდენის სასწრაფო შეხვედრა სამხედრო სარდლობისა და დაზვერვის ხელმძღვანელებთან, დიპლომატიური სექტორის წარმომადგენლებთან. სხდომა გამოწვეული იყო იმით, რომ ამერიკის დაზვერვამ მიიღო ცნობა უკრაინაზე რუსეთის არმიის თავდასხმის სამზადისზე. მოხსენება შედგენილი იყო თანამგზავრული ფოტოების, მოსმენილი სატელეფონო საუბრების, რადიოინფორმაციის, ასევე, სხვა წყაროების საფუძველზე.
იმ ხანებში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში კიდევ რამდენიმე თათბირი ჩატარდა უკრაინის შესახებ. ამერიკელი მაღალჩინოსნები, რომლებიც თათბირში მონაწილეობდნენ, გაზეთის ჟურნალისტებთან საუბარში ამბობენ, რომ მათთვის ძნელი იყო რუსეთის ლიდერის ამბიციების მასშტაბის გაცნობიერება - "ჩვენ არ გვჯეროდა, რომ ჭკვიან ქვეყანას ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეეძლო".
როგორც "ვაშინგტონ პოსტი" წერს, ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის ჯარებს უკრაინის დიდი ნაწილის დაპყრობა ჰქონდათ დაგეგმილი. კერძოდ, ბელარუსის ტერიტორიიდან შეჭრის შემდეგ, განზრახული იყო ორ-სამ დღეში კიევის ალყაში მოქცევა. რუსეთის სპეცქვედანაყოფს დავალებული ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკის დატყვევება, მისი ჩამოშორება ხელისუფლებისაგან და უკრაინაში კრემლთან მეგობრულად განწყობილი მარიონეტული რეჟიმის დამყარება.
პარალელურად, რუსეთის ჯარები უკრაინაში ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებიდანაც შევიდოდნენ და ცენტრალურ ნაწილში, მდინარე დნეპრამდე მიაღწევდნენ, ხოლო სამხრეთში, ყირიმიდან გამოსული რუსეთის არმიის ქვედანაყოფები უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს (ბერდიანსკი, მელიტოპოლი, მარიუპოლი) დაიკავებდნენ. კრემლის გათვლით, ეს სამხედრო მოქმედებები რამდენიმე კვირას გასტანდა. გარკვეული პაუზის შემდეგ შეტევა გაგრძელდებოდა იმ ხაზამდე, რომელიც მოლდოვასა და ბელარუსს შორის პირობითად იყო გავლებული.
როგორც გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" აღნიშნავს, რუსეთის ოკუპირების გარეშე უნდა დარჩენილიყო მხოლოდ უკრაინის დასავლეთი ნაწილი, სადაც, ვლადიმერ პუტინის აზრით, "გამოუსწორებელი უკრაინელი ნეონაცისტები და რუსოფობები ცხოვრობენ".
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონმა აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ეს მონაცემები კიევს გადასცა, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება მათ სკეპტიკურად მოეკიდა. მოგვიანებით საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ასეთი გულგრილი რეაგირება იმით ახსნა, რომ "ჩვენ უფრო ფართო მასალები მოვითხოვეთ, მაგრამ არ მოგვცესო".
12 იანვარს კიევში მყოფი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი უკრაინის პრეზიდენტს - ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და შეატყობინა, რომ დაზვერვის ცნობებით, რუსეთს განზრახული ჰქონდა ელვისებური დარტყმა მიეყენებინა უკრაინის დედაქალაქისთვის და ცენტრალური ხელისუფლება დაემხო. აშშ-ის დაზვერვა ასევე თვლიდა, რომ რუსეთი დესანტს გადასხამდა კიევთან მდებარე გოსტომელის აეროდრომზე, იქიდან კი დედაქალაქზე შტურმი დაიწყებოდა (სხვათა შორის, ეს პროგნოზი სრულად გამართლდა: რუსეთის არმიის ერთ-ერთ პირველ ოპერაციას გოსტომელის ავიაბაზის ხელში ჩაგდების მცდელობა წარმოადგენდა. აეროდრომზე მიმდინარე ბრძოლების დროს განადგურდა მსოფლიოში უდიდესი სატრანსპორტო თვითმფრინავი "ან-225" – "მრია").
თეთრ სახლში გამართულ საიდუმლო თათბირზე, როგორც "ვაშინგტონ პოსტი" წერს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა, რომ აუცილებელია რუსეთის ლიდერის - ვლადიმერ პუტინის შეკავება ან მასთან დაპირისპირება, თუმცა ამერიკა ამ საკითხში მხოლოდ თვითონ, მოკავშირეებისგან დამოუკიდებლად არ იმოქმედებდა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე - ჯეიკობ სალივანის თქმით, ჯო ბაიდენმა საჭიროდ ჩათვალა მოსკოვში დესპანის გაგზავნა, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, რომ იგი უკრაინასთან ომის შემთხვევაში მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე გაეფრთხილებინა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე, ბრძანა, რომ სადაზვერვო მონაცემები ნატოელი მოკავშირეებისთვისაც გადაეცათ და დაერწმუნებინათ ისინი, რომ რუსეთის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა და უკრაინისადმი დახმარება ერთად უნდა განხორციელებულიყო.
"ქვეყანაში ქაოსი იქნებოდა"
"ვაშინგტონ პოსტისათვის" მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ ამერიკისაგან მართლაც მიიღო ინფორმაცია რუსეთის თავდასხმის საფრთხის თაობაზე. მან ასევე გაიხსენა, რომ იანვარში უილიამ ბერნსს მართლაც შეხვდა. მაგრამ, იმავდროულად, ზელენსკი დაბეჯითებით აცხადებს, რომ დასავლელ პარტნიორებს მისთვის არ მიუციათ უფრო მეტი დამარწმუნებელი მასალები რუსეთის ჯარის მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით და "ისინი ჩემთან მხოლოდ ზოგადი ფრაზებით ლაპარაკობდნენო".
"მე მზად არ ვარ იმისთვის, რომ ახლა თქვენ ყველაფერი გითხრათ, რასაც უილიამ ბერნსი მაშინ მეუბნებოდა, მაგრამ [მისი] მთავარი სიგნალები ჩემს სიცოცხლესთან დაკავშირებულ საფრთხეს ეხებოდა. თუმცა ამაში ახალი არაფერი იყო - ასეთ სიგნალებს ჩვენ თვითონაც ბევრს ვიღებდით - ჩვენი სპეცსამსახურების მეშვეობით, უცხოელი კოლეგებისაგან და ა.შ.", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ინტერვიუში.
ზელენსკი ასევე განმარტავს, თუ რატომ არ აცნობა რუსეთის ჯარის შეჭრის საფრთხე უკრაინის მოსახლებას - იმიტომ, რომ ქვეყანაში ქაოსი და არეულობა არ გამეფებულიყო, არ მომხდარიყო ეკონომიკური პრობლემების პროვოცირება. პრეზიდენტმა ინტერვიუში ასეთი ციფრები დაასახელა: "ახლა უკრაინა ომის შედეგად თვეში 5-7 მილიარდ დოლარს კარგავს. ასეთი დიდი დატვირთვის გადატანას, თანაც ზამთრის პირობებში, გათბობის სეზონზე, ქვეყანა ნამდვილად ვერ შეძლებდა", - დარწმუნებულია ზელენსკი:
"არ შეიძლება [პრეზიდენტისათვის] ასე უბრალოდ თქმა - "მომისმინე, შენ ახლა ხალხის მომზადება დაიწყე და უთხარი, რომ ფული გადაინახონ და საჭმელი მოიმარაგონ". ჩვენ რომ ასე გვეთქვა - და სწორედ ასე სურდათ ზოგიერთებს (მათ გვარებს არ დავასახალებ) - მე თვეში 5-7 მილიარდ დოლარს დავკარგავდი, გასული წლის ოქტომბრიდან დაწყებული. იმ მომენტში რომ ხალხისთვის მეთქვა, რუსები შემოგვიტევენ-მეთქი, ისინი უკრაინას სამ დღეში დაიპყრობდნენ. თუ ჩვენ შემოჭრის წინ ქაოსს დავთესავდით საზოგადოებაში, რუსები ეგრევე შეგვჭამდნენ".
პრეზიდენტი თვლის, რომ თავისი გადაწყვეტილება სწორი იყო. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იმის გამო, რომ მან მოსახლეობას რუსეთის არმიის თავდასხმის დრო არ აცნობა, ამით მან დრო მოიგო - უკეთ მომზადებულიყო წინააღმდეგობის გასაწევად. "იცით, რა მოხდა, როცა რუსეთის არმიის შემოჭრა დაიწყო? ჩვენ უკვე იმდენად ძლიერები და მომზადებულნი ვიყავით, რამდენადაც უნდა ვყოფილიყავით იმ პირობებში", - ამბობს ინტერვიუში უკრაინის ლიდერი.
უკრაინის მეთაური მადლობელია აშშ-ის მიერ გაწეული მხარდაჭერისა, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ქვეყანას მოკავშირეებისაგან უფრო მეტი იარაღი და სამხედრო ტექნიკა ჭირდება, რომ რუსეთის შეტევა წარმატებით მოიგერიოს.
"არანაირი პრეტენზია არ მაქვს იმ მომენტამდე, სანამ ვინმე ასეთი რაღაცების თქმას არ დამიწყებს: "მაგრამ ჩვენ ხომ სიგნალებს გიგზავნიდით". ასეთ ლაპარაკს რომ დამიწყებენ, სიგნალებს გიგზავნიდითო, მე მათ ვეუბნები: "სიგნალები კი არა, იარაღი გამომიგზავნეთ", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ინტერვიუში, - "მე იმ დროს სრულიად მართალი ვიყავი და ამაში დღესაც დარწმუნებული ვარ". წყარო