ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები მწვავეა, თუმცა არ ველი კიდევ უფრო მწვავე შემოდგომას, თუ რა თქმა უნდა, რაიმე არაორდინალური არ მოხდა. როგორც ჩანს, „ოცნებიდან" წასულ დეპუტატებს აღებული აქვთ ანტიდასავლური გეზი, რასაც არ ექნება ხალხის დიდი მხარდაჭერა. საქართველოში არასტაბილური მდგომარეობა აწყობს მხოლოდ რუსეთს, - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.
„ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები კვლავ მწვავეა, ამაზე მეტყველებს ოცნებიდან წასული დეპუტატების ახალი განცხადებაც. როგორც ჩანს, ის გეზი, რომელიც აიღო მათმა დაფუძნებულმა ორგანიზაციამ „ხალხის ძალა", არ არის პროდასავლური. მხოლოდ ანტიდასავლური განწყობების გაღრმავებას ცდილობენ საზოგადოებაში, რასაც ხალხის მხრიდან არ ექნება დიდი მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ამ განცხადებას არ აქვს არანაირი საფუძველი. ქვეყანაში არსებობენ ანტიდასავლური ძალები. ამიტომ პრორუსული განწყობის ხალხი მიესალმება ამგვარ დამოკიდებულებას დასავლეთის მიმართ, მაგრამ რომ გითხრათ რაიმე სერიოზულს გამოიწვევს საზოგადოებაში, ასე არ იქნება.
„თუ დღემდე ასეთი მტრული დამოკიდებულება ღიად არ ყოფილა ჩვენი მოკავშირეების მიმართ, ახლა უფრო გახშირდება მსგავსი ფაქტები. ვფიქრობ, რომ აქედან არაფერი არ გამოვა, მაგრამ ასეთ მცდელობებს ვერ გავექცევით," - განაცხადა ანალიტიკოსმა.
მან ასევე თქვა, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის გამწვავება აწყობს მხოლოდ რუსეთს და არასტაბილური გარემოც მხოლოდ რუსებისთვისაა ხელსაყრელი. მისივე თქმით, პროცესები შემოდგომითაც ისევე გაგრძელდება, როგორც აქამდე მიმდინარეობდა თუ, რა თქმა უნდა, რაიმე ორდინალური არ მოხდა.
„რაც შეეხება პოლარიზაციას, აქ არაფერ შუაშია აშშ. დღეს თუ ვინმეს ხელს აძლევს პოლარიზაცია, ეს არის რუსეთი და არა დასავლეთი. ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნა პირდაპირ რუსეთის ინტერესებშია, ამის ერთ-ერთი ნაწილი არის პოლარიზაცია. ამიტომ აუცილებელია ოპოზიცია მოიქცეს უფრო ჭკვიანურად ვიდრე აქამდე იქცეოდა.
„შემოდგომით არ ველი რაიმე მწვავე პოლიტიკურ პროცესებს. ვფიქრობ, გაგრძელდება პოლარიზაცია იმ მასშტაბითა და სიმწვავით, როგორც გრძელდება უკვე დიდი ხანია. ამ ეტაპზე არ ჩანს რაიმე ახალი ფაქტორები, თუ ეს ასე დარჩება და რაიმე არაორდინალურთან არ გვექნება საქმე, ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც ახლა. პოლიტიკური პროცესი თუ ისე განვითარდა, როგორც დღეს არის, არ ველი არანაირ მწვავე შემოდგომას," - განაცხადა ძაბირაძემ.