პუტინსა და ერდოღანს შორის საუბრის თემები ბევრია, შესაძლოა საქართველოზეც იყოს საუბარი, რადგან როგორც ვიცი მერე თბილისს ეწვევა და თუ ჩამოვა, შეიძლება გარკვეული ინიციატივებიც წამოაყენოს, წინასწარ რა იქნება ამის თქმა ძნელია - ამის შესახებ „რეზონანსთან" სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრაზე საუბრისას.
თურქეთისა და რუსეთის ლიდერები პირისპირ შეხვედრისას რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომს, სირიის კრიზისს და მარცვლეულის ექსპორტის საკითხს, შემდეგ დელეგაციების წევრებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება, სადაც ასევე დაესწრებიან პრეზიდენტებიც.
რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვიც იმყოფება. გავრცელებული ცნობებით, შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია არ გაიმართება. პრესკონფერენცია თურქეთის ლიდერის განრიგის გამო ჩაიშალა.
ანალიტოიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონაანსთან" თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლო განსახილველ თემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ არაა გამორიცხული ერდოღანი საქართველოს ეწვიოს.
„ერდოღანსა და პუტინს შორის საუბრის თემა პირველ რიგში კავკასიაში შექმნილი სიტუაცია იქნება, ანუ 3+3-ის ფორმატი და მთიან ყარაბაღში არსებული რთული სიტუაცია. ასევე სირიის პრობლემა, აუცილებლად იქნება უკრაინის თემაც, განსაკუთრებით საუბარი შეეხება მარცვლეულის ექსპორტს.
„როგორც ცნობილია, უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული სამი გემი გავიდა, ერდოღანისა და გაეროს დახმარებით უკრაინამ და რუსეთმა ფაქტიურად მოილაპარაკეს. თურქეთის პრეზიდენტი პოლიტიკური მედიატორის ჰობითაა შეპყრობილი და პრინციპში მისთვის მომგებიანია. ერდოღანი მისმა პარტიამ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად წამოაყენა და თუ რეგიონში რაღაცნაირად ლიდერის როლს შეასრულებს, ეს მის რეიტინგს ქვეყანაში კიდევ უფრო გაზრდის.
„ერდოღანის ეს ნაბიჯი უფრო აფრიკული ქვეყნებისთვის იყო მიმართული, რაც რუსეთსაც აწყობს, რადგან ამით ჭკვიანი ძალა უკვე აფრიკისკენ წარმართა, მან თითქოსდა კეთილი ნება გამიოიჩინა, რომ მშივრები არ დაეტოვა. დღეს მოსკოვს აფრიკაში არანაკლები ინტერესები აქვს, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.
„პუტინსა და ერდოღანს შორის საუბრის თემები ბევრია, შესაძლოა საქართველოზეც იყოს საუბარი, რადგან როგორც ვიცი მერე თბილისს ეწვევა და თუ ჩამოვა, შეიძლება გარკვეული ინიციატივებიც წამოაყენოს, მაგრამ რა იქნება წინასწარ ამის თქმა ძნელია.
„როგორც ვიცი ერდოღანი აგვისტოში აპირებს ჩამოსვლას, როცა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ანკარაში იყო და კოლეგას შეხვდა, იქ მემგონი ეს საკითხი განიხილეს, არაა გამორიცხული, რომ ეს სოჭის შეხვედრის მერეც მოხდეს.
„ერდოღანი-პუტინის სოჭის შეხვედრები სისტემატიურად იმართება, ბოლო 5 წლის განმავლობაში მემგონი სულ მცირე ოცჯერ მაინც შეხვდნენ, სადაც მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები წყდება, აქ ის ცნობილი ინციდენტი აღმოიფხვრა და განიმუხტა, რომელიც რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებას უკავშირდება. ასევე სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც იხილება,"- განაცხადა მაისაიამ.