მსოფლიოს უძლიერესი გიტარისტების წიაღში, სადაც ბლუზ-როკ ტენდენციებს, ძირითადად ინგლისურენოვანი მუსიკოსები წარმართავენ, გამორჩეული ადგილი უკავია მექსიკური წარმოშობის გიტარისტ კარლოს სანტანას, რომელმაც გასული საუკუნეების 70-ების მუსიკალური სივრცე, ლათინური გიტარის ჰანგებით შთაბერა.
მამამისმა - პროფესიონალმა მევიოლინე ხოსე სანტანამ გადაწყვიტა, რომ პატარა კარლო, ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკში ვიოლინოზე დაკვრისთვის და მუსიკალური თეორიის საფუძვლებისათვის ეზიარებინა.
მამის დახმარებით, 8 წლის ასაკში, პატარა ბიჭი გიტარაზე დაკვრასაც ეუფლება და როკ’ნ’როლ ბუმის პეიროდში, თანდათანობით მისი კუმირები ბი ბი კინგი, ჯონ ლი ჰუკერი და ტი ბონ უოლკერი ხდებიან. ჯერ კიდევ მოზარდ პერიოდში სანტანას ეპატიჟებიან სხვადასხვა ბარებსა და კლუბებში, მაგრამ მის ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა სანტანების ოჯახის სან-ფრანცისკოში გადასვლამ. სწორედ აქ, ჰიპების აღზევების პერიოდში, სკოლის დამთავრებისთანავე კარლოს სანტანამ საკუთარი ჯგუფი Santana Blues Band ჩამოაყალიბა.
კოლექტივში მასთან ერთად წამყვან როლს მომღერალი და კლავიშებზე შემსრულებელი გრეგ როლი ასრულებდა. მალე შედგა Santana Blues Band -ის ოფიციალური დებიუტი ცნობილი „ფილმორ უესტის“ დარბაზში, ჯგუფის სახელწოდება Santana-თი შეიცვალა და 1969 წელს მუსიკოსის დისკოგრაფიაში პირველი და თანაც საკონცერტო ალბომი - The Live Adventures Of Al Kooper And Michael Bloomfield გამოჩნდა.
ვირტუოზული ტექნიკა, პერკუსიის მრავალფეროვანი სპექტრი, და ჰიპურ ფსიქოდელიური მუსიკის შესატყვისი ხანგრძლივი ჰამონდ და გიტარ სოლოები, განსაკუთრებული ეფექტით გაჟღერდა ვუდსტოკის ფესტივალზე, რამაც სანტანას გამოსვლა სხვა მუსიკოსებისაგან ერთ-ერთი გამორჩეული და განსხვავებული გახადა.
1969 წლის ნოემბერში გამოდის სადებიუტო სტუდიური ალბომი Santana, მაგრამ უდიდესი წარმატება წინ იყო, როდესაც 1970 წლის უკვე მეორე ალბომი Abraxas, ამერიკის ჩარტებს ჩაუდგა სათავეში. განსაკუთრებული პოპულარობით აქ გადამღერებული სიმღერები - ტიტო პუენტეს Oye Como Va და პიტერ გრინის Black Magic Woman სარგებლობდა. Black Magic Woman დღემდე სანტანას საკონცერტო ჰიტია. ათწლეულების განმავლობაში დაკრულმა მისმა სრულიად განსხვავებულმა ვერსიებმა კი, გარდა იმისა, რომ საუცხოოდ დაგვანახა კარლოს სანტანას ტალანტი, გამოაჩინა პიტერ გრინის ორწუთიანი ქმნილების ისეთი მასშტაბურობა, რასაც ალბათ თავად მისი ბლუზმენი (და ექსპერიმენტატორი)ავტორიც კი ვერ წარმოიდგენდა. სანტანამ ფაქტობრივად „აართვა“ Black Magic Woman პიტერ გრინს, რასაც იმავდროულად გასული საუკუნის 70-იანებიდან მოყოლებული ამ უკანასკნელის მუსიკალური სცენიდან კარგა ხნით გაქრობამაც შეუწყო ხელი.
მეორე ალბომმა აშკარად წარმოაჩინა სანტანას სწრაფმავალი პროგრესი, როგორც მუსიკალური თვალსაწიერის გაფართოების, ასევე გემოვნების დახვეწის თვალსაზრისით, რაც თურმე სულ მალე, მომდევნო ორ ალბომში უნდა გამჟღავნებულიყო.
1971 წლის ნამუშევარი Santana III როკის (ზოგჯერ მძიმე), ფანკის, სოულის, ლათინური ელფერით გაჯერების ყველა დროის შედევრად იქცა. ამის ნათელ მაგალითად ალბომის თუნდაც ერთადერთი სიმღერის No One To Depend On მოყვანაა საკმარისი. ალბომი მთლიანობაში იმდენად ეფექტურად ჟღერს, რომ სანტანას მრავალი მოყვარულის აზრით, იგი მისი საუკეთესო ნამუშევარია. თუმც ეს მხოლოდ დაშვებაა, რადგან Santana III-ს ერთი წლის შემდეგ, უფრო მეტად ჯაზ-როკ ფიუჟენის განხრით გადაწყვეტილი კიდევ ერთი შედევრი Caravanserai მოჰყვა.
სანტანას ეს ორი ალბომი ერთგვარი ინდიკატორის როლს ასრულებს 1970-ების მუსიკალური მეინსტრიმის კვლევის თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდებოდა და არანჟირებისა თუ ჟანრობრივი ცვლილებები ლამის ქვეცნობიერად იპყრობდნენ მსმენელის გემოვნებას, მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსების ახალ ნამუშევრებში ინერგებოდა მომავალი ტენდენციები და ამგვარად ისინი ზოგჯერ უარყოფით როლსაც კი ასრულებდნენ პოპ მეინსტრიმის დაკნინების თვალსაზრისით, თანდათანობით სპობდნენ რა განუმეორებელი 1970-ების საწყის პერიოდს თავთავიანთ შემოქმედებაში...
Caravanserai ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ერთის მხრივ აქ იგრძნობა ჰარდ-როკის ტენდენციების სამომავლო შესუსტება, მეორეს მხრივ კი მაგალითად სიმღერაში All The Love Of The Universe, შემდგომში King Crimson-ის ჯონ უეტონის პერიოდის ვოკალური იდეები... სიმღერის მეორე ნაწილში სანტანა აიწყვიტავს და მისთვის ჩვეული ფილიგრანული სოლოთი აბედნიერებს მსმენელს. დაუსრულებელი სოლოს ტენდენცია ხომ მისი შემოქმედების განუყოფელი ნაწილია. სანტანას აქ მხარს ჰამონდ სოლოთი ვუდსტოკის გმირი, გრეგ როლი უბამს. დიდებული ტანდემისთვის Caravanserai ბოლო ნამუშევარი აღმოჩნდა. შესანიშნავ პიანისტთან ერთად, ჯგუფი სანტანას მეორე გიტარისტმა ნილ შონმაც დატოვა, შექმნა რა Journey. მომდევნო ალბომში Welcome კი, კომპოზიციაში Flame – Sky, ჯონ მაკლაფლინს ვუსმენთ. 11 წუთიანი ზღაპრული იმპროვიზაცია, მომავალში სანტანა-მაკლაფლინი ინსტრუმენტული ალბომის Love Devotion Surrender საწინდრად იქცა.
ამავე პერიოდის მნიშვნელოვან ერთობლივ ალბომებად სანტანასა და ჯიმი ჰენდრიქსის დრამერ ბადი მაილსის Live! და ალისა კოლტრეინთან ერთად ჩაწერილი Illuminations იქცა.
იდეების გარდა, ეს მუსიკოსები გურუ შრი ჩინმოის სწავლებებმაც გააერთიანა. სანტანამ დაკარგა ძველებური პროფესიონალური მიდგომა საქმესთან და მისმა გაფანტულობამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც მედისონ სკვერ გარდენში დაგეგმილი კონცერტების წინ, ჯგუფი პერკუსიონისტის (!) გარეშე დარჩა. ეს კი იგივე იქნებოდა, The Beatles ვოკალისტის გარეშე რომ დარჩენილიყო. ფუნქცია სანტანას ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა, ჯეიმს ლიუისმა იკისრა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და 1975 წელს მუსიკალურ სამყაროს შესანიშნავი სამდისკიანი საკონცერტო ალბომი Lotus მოევლინა.
დროებითი კომერციული ჩავარდნა მალევე დაიძლია. ამაში დიდი როლი ახალმა მენეჯერმა ბილ გრემმა ითამაშა. ახალ მომღერალ ბილ უოკერთან ერთად ჩაწერილ ალბომ Amigos -ში ბლუზური ტენდენციებია გამოხატული.
1977 წელს საკონცერტო ალბომით ფრთაშესხმულმა სანტანამ ორი ალბომი Festival და Moonflower ჩაწერა, რასაც მოჰყვა ერთი წლის შემდეგ Ted Nugent, Foreigner, Aerosmith, Frank Marino & The Mahogany Rush-თან ერთად California Jam II ფესტივალზე მონაწილეობა.
80-იანი წლებიდან აშკარად გამოირჩეოდა 1981 წელს ჩაწერილი ჰიტებით აღსავსე Zebop!, 1985 წლის Beyond Appearances კი საერთოდ ოქროს ჩანაწერის სტატუსის გარეშე დარჩა. სანტანა თითქოს გადაიღალა, მაგრამ ძალიან დიდი როლი მის „დაბრუნებაში“ მეორე მეუღლემ იქონია, რომელმაც პირველი ცოლის გურუსეული ზეგავლენებისგან განსხვავებით, სანტანას ცნობიერება ქრისტიანობისაკენ მიმართა.
1999 წლიდან მოყოლებული, დიდი მუსიკოსი სულიერად დამშვიდდა, ერთიმეორის მიყოლებით 8 გზის გრემის ნომინანტად იქცა და სულ ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ ვუდსტოკის პერიოდის ჯგუფის შეკრებას აპირებს და რომ ლამის ორმოცწლიანი პაუზის შემდეგ, რეალურია მისი თანამშრომლობის აღდგენა პიანისტ გრეგ როლისთან და გიტარისტ ნილ შონთან.
ერთი კია, რომ რამდენიმე წლის წინ სანტანამ ისიც თქვა, რომ 67 წლის ასაკიდან იგი ჰავაიზე ეკლესიის აშენებას და იქ სასულიერო მოღვაწეობას აპირებს. 67 წელი მუსიკოსს, მომავალ წელს უსრულდება...