ახლა წარმოვიდგინე ასეთი მოდელირება:
ნიურნბერგის პროცესი არ ჩატარდა!
ის კი არადა, – გერინგი, გებელსი, რიბენტროპი, შპეერი, როზენბერგი, ზეის-ინკვარტი, კეიტელი, ფრანკი – დაკავებით კი დააკავეს, მაგრამ სასამართლომ გირაოთი გამოუშვა.
ბორმანმა ოჯახთან ერთად საიდუმლო ბუდე მოიწყო არგენტინაში და გერმანელ ხალხს ნოსტალგიურ-ოპტიმისტურ ღია წერილებს წერს.
ჰიმლერი, კალტენბრუნერი და ჰაიდრიხი გაქცეული არიან სადღაც. თუმცა დადის ხმები, რომ მალე დაბრუნდებიან…
ფუნკმა ბიზნესი წამოიწყო ისარელში…
რაც მთავარია, ჰიტლერი განუწყვეტლივ მოგზაურობს. – სამხრეთ ამერიკაში, საუდის არაბეთში, იაპონიაში (რა თქმა უნდა, ამ მოდელირებაში იაპონიაც არ დაუბომბია არავის), ჩინეთში და შვეიცარიაში (მონტროში ისვენებს ზამთარში და ლოზანაში – ზაფხულში)… და წუხს, რომ მისი მმართველობის ბოლო წლებში ჰინდენბურგის მთავრობიდან გადმოყოლილმა და შემოპარულმა ვიღაც ორმა ტიპმა, რომელთაც არც კი იცნობდა პირადად – ვინმე მიულერმა და ვინმე ახმანმა, დიდი ჩირქი მოსცხეს რაიხს, დაახლოებით 6 მილიონი ებრაელისთვის არასათანადო სამუშაო პირობების შექმნით, რის გამოც ეს უკანასკნელნი სხვადასხვა დაავადებებით გარდაიცვალნენ. ჰიტლერი ძალზე წუხს, რომ ეს ორი ნაძირალა დროზე ვერ გაშიფრა და მოითხოვს მათ დაკავებას და სასტიკად გასამართლებას.
საღამოობით, გერინგი, გებელსი და რიბენტროპი “დოიჩე ველეს” თოქ-შოუებში გამოდიან და ადენაუერის ხელისუფლებას სასტიკად აკრიტიკებენ უმუშევრობის ზრდისა და გერმანელი ერის იმედების გაცრუების გამო. შპეერი და შახტი გერმანული ეკონომიკის და მარკის მოახლოებულ კრახზე ლაპარაკობენ. შპეერმა თავისუფალი უნივერსიტეტი დააარსა და ლოზუნგად ნაცნობი ფრაზა შეინარჩუნა – “Arbeit Macht Frei …”
გერმანელი ხალხი დაბნეულია, რადგან ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება განუწყვეტლივ დახაუს, ბუხენვალდს და ოსვენციმს აშუქებს, ხოლო ზოგიერთზე კი ისევ ისე სახეებია და ისევ ის ინსტრუმენტები… გებელსიც კვლავინდებურად მოდაშია და ამტკიცებს, რომ სწორედ ნაცისტური გერმანიის კრახმა უნდა მოახდინოს გერმანელ ხალხში ნაციზმის ხელახალი აღორძინება, რადგან სწორედ ახლა მიხვდება გერმანელი ხალხი, რა საშინელი შეცდომა იყო ჰიტლერისთვის მხარდაჭერის შეწყვეტა და ამით ფიურერის გრანდიოზული რეფორმების შეჩერება…
“ჩვენ დავბრუნდებით! – ამაყად აცხადებენ ნაცისტები – ჩვენ ისევე დემოკრატიულად დავბრუნდებით, როგორც პირველად მოვედით! ჩვენ გვიყვარს დემოკრატია და დემოკრატიაც გვწყალობს ჩვენ!”
- საიდან და როგორ უნდა დაბრუნდნენ?.. მე მგონი, არსადაც არ წასულან… – ამბობს კლაუსი, ზეინკალი, რომელიც ბედნიერია, რომ მიუხედავად ნაციონალ-სოციალისტური პარტიის წევრობისა, სამუშაო არ დაუკარგავს…
P.S. რა უცნაურია ბედისწერა.
როცა მიხეილ სააკაშვილმა მისთვის საბედისწერო არჩევნების დღედ სწორედ 1 ოქტომბერი აირჩია, მან არ იცოდა, რომ ეს დღე მართლმადიდებლურ რელიგიურ კალენდარში “ბიძინობის” დღესასწაულია!
მაგრამ მას კიდევ ერთი რამის ცოდნა არ აწყენდა: 1 ოქტომბერს დასრულდა კაცობრიობის ისტორიაში ალბათ ყველაზე გრანდიოზული სასამართლო პროცესი – 1946 წლის 1 ოქტომბერს, ქალაქ ნიურნბერგში! სწორედ პირველ ოქტომბერს გამოუტანეს ნაცისტებს განაჩენი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის!
- მიშა, ჩაგვიპაჭუნე ახლა თვალი, ჩაგვიპაჭუნე!..