ნიკოლ ფაშინიანი: სომხურ საზოგადოებაში რუსი სამშვიდობოების მიმართ კითხვები არსებობს

ნიკოლ ფაშინიანი: სომხურ საზოგადოებაში რუსი სამშვიდობოების მიმართ კითხვები არსებობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხურ საზოგადოებაში რუსი სამშვიდობოების მიმართ კითხვები არსებობს.

მისივე თქმით, 2020 წლის ნოემბრის შემდეგ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები, მათ შორის ბოლოდროინდელი მოვლენები სომხურ საზოგადოებაში იწვევს კითხვებს სამშვიდობო ოპერაციის შინაარსთან დაკავშირებით.

„2020 წლის 11 დეკემბერს რუსი სამშვიდობოების თვალწინ აზერბაიჯანმა დაატყვევა სომეხი სამხედროები და დაიკავა სოფლები ხწაბერდი და ჰინ თაღერი, 2022 წლის 24 მარტს კი სოფელი ფარუხი. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახშირებული დარღვევები, მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაშინების შემთხვევები რუსი სამშვიდობოების თანდასწრებით უბრალოდ დაუშვებელია. ამ კონტექსტში ჩნდება საჭიროება, დაზუსტდეს სამშვიდობო ოპერაციის დეტალები. ეს საჭიროება თავიდანვე იდგა, თუმცა აზერბაიჯანმა უარი თქვა სამშვიდობოების მანდატის ხელმოწერაზე. ჩვენ ველოდებით, რომ შეხების ხაზის გადაკვეთის ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება რუსი სამშვიდობოების მიერ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.