აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტს პეკინის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა და კუნძულთან ახლოს საზღვაო და საჰაერო წვრთნებს მართავს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ვიზიტი უდროო იყო, მაგრამ, იმედოვნებენ, რომ სიტუაცია მეტად არ დაიძაბება, ჩინეთი აშშ-ს უკრაინით არ უპასუხებს და რუსეთის სამხედრო დახმარებას არ გაუწევს, რადგან პეკინმა კიევს არაერთხელ დაუდასტურა, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
პელოსის ვიზიტის გასაპროტესტებლად, აშშ-ის ელჩი ნიკოლას ბერნსი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. ოფიციალური პეკინი აცხადებს, რომ პელოსის "ვიზიტის ბუნება უკიდურესად მანკიერია, „შედეგი ძალიან მძიმეა" და „ჩინური მხარე გულხელდაკრეფილი არ იქნება".
ჩინეთის საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ „აშშ-ს მთავრობას უნდა შეეკავებინა პელოსის არაკეთილსინდისიერი ნაბიჯი" და ხელი შეეშალა მისთვის „ისტორიული ტენდენციის წინააღმდეგ წასვლისგან". ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შიეი ფანის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი შეცდომისთვის ფასი უნდა გადაიხადოს.
„ბიბისის" ინფორმაციით, ვიზიტის გამო ჩინეთი ტაივანთან ახლოს საზღვაო და საჰაერო წვრთნებს მართავს. ტაივანის ხელისუფლებამ კი ჩინეთის სამხედრო წვრთნები მკაცრად დაგმო. განაცხადეს, რომ ჩინეთის ქმედებები კუნძულის ტერიტორიულ სივრცეში შეჭრაა და ტაივანის საჰაერო და საზღვაო ბლოკადაში მოქცევას ისახავს მიზნად.
აღნიშნულს რუსეთიც გამოეხმაურა, ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ვაშინგტონის მხრიდან მიზანმიმართული მცდელობაა, რომ ჩინეთი გააღიზიანოს.
„ასეთი მოულოდნელი გაღიზიანების წარმოქმნისთვის, მე მიზეზს ვერ ვხედავ, რადგან კარგად ვიცი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის ეს რას ნიშნავს", - განაცხადა ლავროვმა.
რაც შეეხება თავად ვიზიტის დეტალებს, ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინ-ვენს შეხვდა, შეხვედრისას პელოსიმ განაცხადა, რომ ტაივანი აშშ-ის სანდო პარტნიორია და აშშ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორებთან მუშაობას აგრძელებს და არ მიატოვებს. ტაივანის პრეზიდენტმა კი პელოსის ურყევი მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა.
„ტაივანის მიმართ სოლიდარობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და დღეს ჩვენ ამ მესიჯით ჩამოვედით ტაიპეიში", - განაცხადა ნენსი პელოსიმ.
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პელოსის ვიზიტი არასწორ დროს შეირჩა, პეკინი უპასუხებს, თუმცა არა უკრაინაში რუსეთის სამხედრო დახმარების სახით.
„ჩინეთის შეიარაღებული ძალების პრინციპია, რომ ომი ბრძოლის გარეშე მოიგოს, გუშინ ჩინეთმა მაღალი კეთილგონიერება გამოიჩინა, აქ უკვე ვინ დარჩება გამარჯვებული ცალკე საუბრის თემაა, რადგან ეს ვიზიტი თავად თეთრმა სახლმაც დაგმო, იძულებული იყო გამოსულიყო და ეღიარებინა, რომ ისინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტს უჭერენ მხარს და არა ტაივანის. ეს უკვე მოგებულის მომენტი აღარაა.
„ჯერ ერთი პელოსი აშშ-ის ოფიციალური პირი არაა და აშშ-ის კონსტიტუციით საერეთაშორისო ურთიერთობებში ქვეყანას არ წარმოადგენს, მაინც ეს პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის პრეროგატივაა. პელოსი დამოუკიდებელი პოლიტიკოსია და ის თავისი მოსაზრებებიდან გამომდინარე იქცევა. ჩინეთს ამით არაფერი დააკლდა, პირიქით - სამხედრო პოტენციალი აჩვენა.
„ეს ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, მაგრამ ის, რომ ჩინეთს აიძულებენ რუსეთს შეეკრას, ეს ალიანსი კი აშშ-სთვის უკვე სერიოზული ძალა იქნება, ამიტომ ამ ვიზიტით ვინ მოიგო და ვინ არა, ეს ჯერ კიდევ არავინ იცის", - განაცხადა მაისაიამ.
კთხვაზე, რამდენად შეიძლება, რომ ახლა ჩინეთი რუსეთს უკრაინაში დაეხმაროს და რითი, მაისაიამ აღნიშნა, რომ ჩინეთი ჭკვიანი აქტორია და უკრაინის საქმეებში არ ჩაერევა.
„ჩინეთი საკმაოდ ჭკვიანი გეოპოლიტიკური აქტორია და უკრაინის საქმეებში არ ჩაერევა. არ ნიშნავს, რომ ახლა მაინცდამაინც კიევის წინააღმდეგ წავა და ომში ჩაერევა, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ჩინეთმა და რუსეთმა ერთობლივი ალიანსი ჩამოაყალიბონ.
„ახლა მაგალითად ჩინეთის სატანკო ნაწილები მოსკოვში ჩავიდნენ და სამხედრო ოლიმპიადაზე მიიღებენ მონაწილეობას, რუსეთმა შემოიღო ასეთი რამ - სპორტული სანახაობის კონტექსტში სამხედრო ძალა აჩვენონ, ეს უკვე ჭკვიანი ძალაა.
„ჩინეთს ახლა სანქციებში მოყოლილი რუსეთი აწყობს, რადგან როგორც კი ცენტრალურ აზიაში მოსკოვის პოზიციები შესუსტდა, ეგრევე საკმაოდ საინტერესო გეოპოლიტიკური სიტუაციის გადაჭერა განახორციელა და უკვე ჩინეთი დომინირებს და რუსეთს უკან დახევა მოუწია, ის კავკასიის რეგიონშიც შემოდის. ჩავთვალოთ, რომ ჩინეთმა რუსეთს გეოპოლიტიკური სილა არაფორმალურად გააწნა.
„ჩინეთი რუსეთი არაა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოს წინაშე ომში წავიდეს. მან ჭკვიანი ძალა აჩვენა. შესაძლოა წყნარი ოკეანეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში ჩინეთი და რუსეთი გაერთიანდნენ და აშშ-ს საკმაოდ სერიოზული დისკომფორტი შეუქმნან, ესაა და ეს. ის უკრაინის ომში არ ჩაერთვება, პირიქით, მან არაერთხელ დაადასტურა, რომ მხარს მის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს",-განაცხადა მაისაიამ.
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ნენსი პელოსის ვიზიტი უდროო იყო და რომ ახლა მნიშვნელოვანია რუსეთს ყველა პოტენციური პარტნიორი ჩამოაცალო და არა პირიქით.
„ბოლო 25 წლის განმავლობაში აშშ-ს ოფიციალურ პირებს ტაივანში ვიზიტი არ განუხორციელებია, ჩემი აზრით ნენსი პელოსის ეს ვიზიტი მაინც უდროო იყო. დღეს ყველაზე მნიშვნელოვბანია, რომ რუსეთს პოტენციური პარტნიორი ჩამოაცილო, მათ შორის ჩინეთი. 2018 წელს რუსეთმა და ჩინეთმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს, აქ მონაწილეობა მიიღო 300 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.
„ამ ფონზე, მგონია, რომ ეს ვიზიტი შეცდომა იყო, როცა საეთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების მთავარი მტერი რუსეთია და არა ჩინეთი. ჩინეთი შესაძლოა დემოკრატიული სახელმწიფო არაა, მაგრამ ის რუსეთისგან განსხვავებით, თავის საგარეო პოლიტიკური სტრატეგიით რომელიმე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ ემუქრება.
„ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია რუსეთს უკრაინაში გარკვეული შეიარაღება მიაწოდოს, მით უმეტეს დღეს რუსეთი შეიარაღების დეფიციტს განიცდის, ირანი მაღალტექნოლოგიური განვითარებით არ გამოირჩევა, მაგრამ პუტინი ჩავიდა და დრონებს სთხოვდა, ჩინეთს მითუმეტეს ორმილიონიანი არმია ჰყავს და სამხედრო ტექნოლოგიები უფრო მეტად აქვს განვითარებული.
„მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ჩინეთი სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ რუსეთის მხარეს არ ჩაერთვება. პელოსის ჩასვლა ჩინეთის საერთაშორისო პრესტიჟზე ნეგატიურად აისახება. სხვათა შორის იგივე აშშ ტაივანის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, ამ დროს ამ ტერიტორიაზე აშშ-ის წარმომადგენელი ჩადის",-განაცხადა მან.
ანალიტიკოსი იმედოვნებს, რომ ჩინეთი-აშშ-ს ურთიერთობაში ეკონომიკური ფაქტორები გადამწყვეტ როლს ითამაშებენ და საქმე არ გამწვავდება.
„მაინც იმედს ვიტოვებ, რომ აშშ-სთან ურთიერთობებში ეკონომიკური ფაქტორები გადამწყვეტ როლს შეასრულებენ და ჩინეთი მაინც აშკარად რუსეთს მხარს არ დაუჭერს, რადგან ეკონომიკური თვალსაზრისით შარშანდელი მონაცემებით ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ეკონომიკური ბრუნვა დაახლოებით 700 მილიარდ დოლარს, რუსეთსა და ჩინეთს შორის ამავე წელს 147 მილიარდ დოლარი შეადგინა. ევროკავშირტან კი 500 მილიარდი ევრო.
„შესაძლოა ჩინეთმა სამხედრო წვრთნები ჩაატაროს, ძალის დემონსტრირება განახორციელოს, შესაძლოა აშშ-ში ჩინეთის ელჩიც კონსულტაციებისთვის გამოიძახოს, მაგრამ ამ დაპირისპირებამ დიდხანს არ გასტანოს. ასეთი პრეცენდენტი 1999 წელსაც იყო,როცა ნატოს ავიაცია იუგოსლავიას ბომბავდა, ერთ-ერთი ჭურვი ჩინეთის საელჩოს მოხვდა, ამას ჩინეთში პროტესტი მოჰყვა, მაგრამ იმის გამო, რომ დასავლეთის ეკონომიკაზე დიდიწილად იყო დამოკიდებული, საბოლოო ჯამში დაძაბულობა ჩაცხრა.
„რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე პელოსის ვიზიტი აუცილებელი არ იყო, აზიაში ტურნე გასაგებია და მნიშვნელოვანია, თუმცა ჩინეთის გაღიზიანება არ ღირდა. საერთო ჯამში მგონია, რომ ეკონომიკური ფაქტორები და პრაგმატიზმი გაიმარჯვებს",- განაცხადა ჩიტაძემ