თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ მოელის, რომ ჩინეთი უახლოეს დღეებში გააძლიერებს თავის რეაგირებას ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტზე და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ არ შეშინდება.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ჩინეთის ქმედებები შეიძლება მოიცავდეს ტაივანის მახლობლად რაკეტების გასროლას ან ფართომასშტაბურ საჰაერო ან საზღვაო აქტივობებს.
„სპიკერს უფლება აქვს, ტაივანს ეწვიოს და [წარმომადგენელთა] პალატის სპიკერი ადრეც იყო ტაივანში ვიზიტით, რასაც ინციდენტი არ მოჰყოლია. არ არსებობს მიზეზი, რომ პეკინმა შესაძლო ვიზიტი, რომელიც შეესაბამება აშშ-ის გრძელვადიან პოლიტიკას, რაღაც კრიზისად ან კონფლიქტად გადააქციოს, ან გამოიყენოს იგი როგორც საბაბი, რათა გაზარდოს აგრესიული სამხედრო აქტივობა ტაივანის სრუტეში ან მის გარშემო.“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.
თეთრი სახლი ჩინეთისგან შემდგომ „უპასუხისმგებლო რიტორიკას“ მოელის ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა პეკინთან კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნებას შეეცდება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტი ჩინეთის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა იქნება.
„ეს ძალიან სერიოზულ მოვლენებსა და შედეგებს გამოიწვევს. ჩვენ გვსურს კიდევ ერთხელ განვუცხადოთ შეერთებულ შტატებს, რომ ჩინეთი მზადყოფნაშია, ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმია გულხელდაკრეფილი არ იჯდება და ჩინეთი მტკიცე პასუხს გასცემს და ძლიერ კონტრზომებს მიიღებს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, - აღნიშნა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტაივანის მიმართულებით სამხედრო აქტივობა გააძლიერა. ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ხოლო ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
გასული წლის 16 ნოემბერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ „მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია, ტაივანი ჩინეთის ნაწილია, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი კანონიერი მთავრობაა, რომელიც ჩინეთს წარმოადგენს“.