ჩინური მედია: ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტის ფონზე, ჩინეთის საზღვაო ძალების ორმა ავიამზიდმა მუდმივი ბაზირების ადგილი დატოვა

ჩინური მედია: ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტის ფონზე, ჩინეთის საზღვაო ძალების ორმა ავიამზიდმა მუდმივი ბაზირების ადგილი დატოვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტის ფონზე, ჩინეთის საზღვაო ძალების ორმა ავიამზიდმა მუდმივი ბაზირების ადგილი დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინური სამთავრობო მედია ავრცელებს.

1-ელ აგვისტოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტი ჩინეთის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა იქნება.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ მოელის, რომ ჩინეთი უახლოეს დღეებში გააძლიერებს თავის რეაგირებას ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტზე და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ არ შეშინდება.

ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტაივანის მიმართულებით სამხედრო აქტივობა გააძლიერა. ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ხოლო ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

გასული წლის 16 ნოემბერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ „მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია, ტაივანი ჩინეთის ნაწილია, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი კანონიერი მთავრობაა, რომელიც ჩინეთს წარმოადგენს“.