ივნისში, გეზის პარკის პროტესტის შედეგად, ახალი თურქეთი დაიბადა. ამ რევოლუციას ჩვენს ქვეყანაში არანაირი გამოძახილი არ ჰქონია - ქართული მასმედიისა და ექსპერტებისთვის ბედუკაძის „ღირსება“ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე „ტექტონიკური“ ძვრები ჩვენს სამეზობლოში.
გეზის სკვერი სტამბოლის ევროპულ ნაწილში ბოლო წვეთი აღმოჩნდა თურქი მოქალაქეების მოთმინების ფიალაში. მის დასაცავად მოწყობილი მჯდომარე აქცია „სტამბულის ვუდსტოკი“ გახდა: ერდოღანის საწინააღდეგო მანიფესტაციაზე, ჯინსებსა და მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდობა ყველა სტილში მღეროდა, როკიდან დაწყებული და ფოლკით დამთავრებული; ისლამიზაციის მიმართ პროტესტის ნიშნად, ასობით წყვილი ტანგოს ცეკვავდა და ერთმანეთს საჯაროდ კოცნიდა. ფემინისტები აბორტის აკრძალვას აპროტესტებდნენ; ქემალისტები - ისლამური ფასეულობების დაბრუნებას; დალევის მოყვარულები - ალკოჰოლის გაყიდვაზე აკრძალვის შემოღებას...
სკვერის დასაცავად გამოსული ახალგაზრდობა თურქეთის პრემიერმა, ერდოღანმა ჩაპულჯუებად მონათლა. „ჩაპულჯუ“ თურქულად ავაზაკს, მაროდიორსა და მძარცველს ნიშნავს, მაგრამ ამ სიტყვამ ერთ დღეში შეიცვალა დეფინიცია და სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი მოჯანყის აღმნიშვნელი გახდა. ახალი სიტყვა მთლმა მსოფლიომ აიტაცა: მხცოვანმა ამერიკელმა ფილოსოფოსმა, ანარქისტმა ნოამ ხომსკიმ სოლიდარობა გამოუცხადა თურქ მანიფესტანტებს და ბანერზე წააწერა: „მეც ჩაპულჯუ ვარ“. შეიქმნა ამ ჟარგონის ინგლისური ვარიანტები chapuller, chapulling. ბოსფორის უნივერსიტეტის სტუდენტურმა ჯაზ-ბენდმა ჩაპულჯუებზე ხალხური თქმულება დაწერა და ქორალის სტილში, მრავალ ხმაში დაამღერა.
თურქული ზაფხულის ბირთვი ახალგაზრდობა გახდა.
საიტ www.globalgezi.tk-ს მეშვეობით, მათ თხუთმეტ ენაზე მიმართეს მსოფლიოს: „ქუჩაში გამოდით 8-9 ივნისის უქმეებზე! მხარი დაგვიჭირეთ! მხუთავმა გაზმა, რომელიც სტამბოლში გამოიყენეს, საერთოდ აღარ დაგვიტოვა სასუნთქი სივრცე. ჩვენ, უკან მოვითხოვთ ჩვენს ქუჩებს, პარკებს, სკვერებს - ყველაფერი ეს სწორედ ჩვენ გეკუთვნის!“
ამ მოკლე ტექსტში სამოქალაქო საზოგოების უმთავრესი პრინციპია ასახული - მართლაც, ქალაქი ხალხს ეკუთვნის!
„ოკუპაი გეზის“ მხარდასაჭერად უამრავი ქალაქის მოსახელობამ მოაწყო აქცია ამერიკაში, კანადაში, ბრაზილიაში, ევროპასა, თუ ჩრდილოეთ აფრიკაში. პროტესტი გლობალური კონტრ-კულტურული მოძრაობის ჩამოყალიბებით გაგრძელდა, რომელიც დღეს სოციალურ სამართლიანობას და ეკოლოგიური რისკების შემცირებას მოითხოვს.
ქემალ ათათურქის რეფორმების შემდეგ, „ოკუპაი გეზი“ პროტესტი თურქეთის ევროპული გეზის ყველაზე შთამბეჭდავი დასტური გახდა: თურქებმა აჩვენეს, რომ ევროპის მსგავსად, ისლამურ ქვეყანაშიც შესაძელებელია ძალუმად ფეთქავდეს ფხიზელი საზოგადოებრივი ცნობიერება. სწორედ ეს ცნობიერება, მოსახლეობის თუნდაც მცირე ჯგუფის ინტერესების დასაცავად, მომწამვლავი გაზითა და ბრანდსპოიტებით შეიარაღებულ ხელისუფლებას აღუდგება წინ - ეს უკვე დასავლეთია!
ქემალ ათათურქმა ისლამური სახელმწიფო ევროპული მოდერნიზაციის გზაზე დააყენა და იმდროინდელ თურქულ იდენტობას შეუბრალებელი ომი გამოუცხადა. მან ქვეყნის სახე შეცვალა - მეჩეთი და სახელმწიფო გამიჯნა, არაბული გრაფიკა მხოლოდ ყურანში დატოვა და მთელი ქვეყანა ლათინურ შრიფტზე გადაიყვანა. განდევნა ფესკა, ჩალმა, ხალათი და ჰიჯაბი. დახურა დერვიშთა ორდენები, თურქეთი საპარლამენტო რესპუბლიკად აქცია.
მისი პოლიტიკური იდეოლოგია, ანუ ქემალიზმი, იგივე ათათურქიზმი „ექვსი ისრის“ მეტაფორას ეყრდნობა და დღეს, თანამედროვე პოლიტოლოგთა აზრით, მესამე ქვეყნების განვითარების ყველაზე ეფექტურ მოდელს წარმოადგენს. რა არის ეს „ექვსი ისარი“, ანუ მიმართულება, რომელიც თურქეთის 1937 წლის კონსტიტუციით არის გამყარებული? - ღირებულებები! რესპუბლიკანიზმი, ანუ უმაღლესი ხელისუფლების არჩევითობა და მისი ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე; ნაციონალიზმი, ოღონდ არა „ეთნიკური“, არმედ - „პოლიტიკური ერის“ იდეოლოგია, რომლისთვისაც თურქული ეროვნების ცნება საერთო ისტორიას, საერთო ტერიტორიას, წარმომავლობას, მენტალობას, ენასა და მოქალაქეობას მოიცავს; კიდევ ერთი ისარი - ხალხი, რაც წოდებრივი პრივილეგიებისა და სოციალური უთანაბრობის წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს. მეოთხე, ყველაზე მთავარი ისარი, სეკულარიზმია - საერო კანონები შრიათის ნაცვლად და განათლების სამინსიტროს დაქვემდებარებული სკოლები რელიგიური განათლების ნაცვლად. ამას გარდა, პროისლამისტური ორინტაციის პარტიების სამართლებრივი დევნა: „ჩვენ პატივს ვცემთ რელიგიას, მოწიწებით ვეკიდებით მას; არ ვეწინააღმდეგებით აზრსა და აზროვნებას, მაგრამ ნუ აურევთ რელიგური საქმეებს სახელმწიფოსა და ხალხის საქმეში, ჩვენ ვერ დავუშვებთ რეაქციონერთა დაბრუნებას“ - ეს ქემალ ათათურქის სიტყვებია.
მისი „მეხუთე ისარი“ ეტატიზმია, ანუ შერეული ეკონომიკა ძლიერი სახელმწიფო რეგულირებით და მეექვსე ფასეულობა - რევოლუცია, რაც ვესტერნიზაციას, ტრადიციული საზოგადოების ადათებთან ბრძოლას, განათლებასა და პროგრესს გულისხმობს: „ჩვენი პოლიტიკა, მისწრაფებები და ტრადიციები იქითკენ იქნება მიმართული, რომ თურქეთის დასავლური ორიენტაცია არ შეიცვალოს“ - ნათქვამი აქვს ათათურქს ფრანგი ჟურნალისტისთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ქემალიზმის სადარაჯოზე ცერბერებივით დადგნენ არმიის გენერლები და მოსამართლეები - განათლებული პოლიგლოტები, ათეისტები, თავიანთი საქმის უბადლო მცოდნენი.
მოსამართლეები ისლამისტურ პარტიებს არსებობის საშუალებას უსპობდნენ, მაგრამ დემოკრატიამ ისლამისტებსაც მისცა პოლიტიკური ასპარეზი.
ერდოღანი ისლამისტური პარტიის პირველი პრემიერია.
ქართული წარმოშობის ერდოგანი სტამბულის უბან ბეიოღლუში დაიბადა, სწორედ იქ, სადაც გეზის პარკი მდებარეობს. ისეთი რელიგიური იყო, მეტსახელად ხოჯას ეძახდნენ. სიღარიბისგან თავის დასაღწევად, ქუჩაში ვაჭრობდა. მერე ეკონომიკისა და კომერციული მეცნიერებების ფაკულტეტი დაამთავრა მარმარისის უნივერსიტეტში. მოგვიანებით, პროისლამისტური პარტიის ახალგაზრდულ ფრთას ჩაუდგა სათავეში, არმიაშიც იმსახურა, საკუთარი ბიზნესიც გამართა; ყველაფერს აკეთებდა კანონის ფარგლებში; ჩამოაყალიბა „კეთილდღეობის პარტია“; სტამბოლის მერადაც აირჩიეს 1994-97 წლებში.
პარადოქსია - გეზი პარკის გაჩეხვის მოსურნე ერდოღანი 20 წლის წინ თურქეთის დედაქალაქს ამწვანებდა, მანვე მოაწესრიგა ნაგვის გატანის სისტემა და წესიგში მოიყვანა წალმომარაგება.
ისლამისტური შინაარსის ლექსის საჯარო ციტირებისთვის ერდოღანს მერის პოსტის დატოვება და ციხეში წასვლა მოუწია: სასამართლომ მას ათთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მისი პარტია კი აკრძალა, მაგრამ 1999 წელს ერდოღანმა „ზნეობის პარტია“ ჩამოაყალიბა - ისიც აკრძალეს; შემდეგ - „სამართლიანობისა და განვითარების ისლამისტური პარტია“, რომლის წევრებმა სამ წელიწადში მთავრობა დააკომპლექტეს.
2003 წლიდან ერდოღანი თურქეთის პრემიერია; მის ღირებულებებზე პარტიების სახელწოდებებიც მიუთითებს: „კეთილდღეობა“, „ზნეობა“, „განვითარება“, „სამართლიანობა“. თამამად შეგვიძლია რეჯებ ტაიპ ერდოღანი ისლამური პროტესტსანტიზმის მამად - მუსულმან კალვინად, ან მარტინ ლუთერად ჩავთვალოთ, რომელმაც განვითარებული კაპიტალიზმი და ისლამი ერთმანეთს მოარგო.
ერდოღანის მმართველობის 10 წელიწადში შეჩერდა თურქული ლირის დევალვაცია. დღეს ინფლაცია მხოლოდ 4-5%-ია; ეკონომიკა ყოველ წელს იზრდება: მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 1999 წლის 6200 დოლარიდან 2011 წელს 14 700 დოლარამდე გაიზარდა. ერდოღანმა კორუფციას გამოუცხადა ბრძოლა - შეავიწროვა გენერლები, რომლებიც ექსპორტს აკონტროლებდნენ, სურვილისამებრ ცვლიდნენ საბაჟო ტარიფებს და ფულის გაუფასურებით დიდ მოგებას ნახულობდნენ.
ერთი შეხედვით, პარადოქსულია: ერდოღანს სწორედ ის ხალხი - საშუალო კლასი უპირისპირდება, რომელმაც ყველაზე მეტად ისარგებლა მის მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმებით. (სწორედ ერდოღანის პერიოდში ჩამოყალიბდა დიდ ქალაქებში მატერიალურად უზრუნველყოფილთა დიდი ფენა). აქ გასაკვირი არაფერია - როგორც მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, სწორედ საშუალო კლასი ვერ ეგუება ავტორიტარიზმის გამოვლინებას და მეტ სამოქალაქო თავისუფლებებს მოითხოვს.
სამოქალაქო საზოგადოებად მომწიფებამდე თურქეთის რესპუბლიკის მოსახელობას 80 წელი დასჭირდა. საინტერესოა, რა დრო დაგვჭირდება ქართველებს სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის?