აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მას რუს კოლეგასთან გულწრფელი და პირდაპირი საუბარი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეს აშშ-ისა და რუსეთის მთავარი დიპლომატების პირველი სატელეფონო საუბარია.
როგორც ბლინკენმა განაცხადა, მხარეებს შორის სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი თემა რუსეთში დაკავებული ამერიკის ორი მოქალაქის დაბრუნებას ეხებოდა.
27 ივლისს, ტელეკომპანია CNN-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის რუსეთში დაკავებულ ორ ამერიკელზე გაცვლას სთავაზობს.
31 წლის კალათბურთის ვარსკვლავი გრინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება, კანაფის ზეთი ჰქონდა ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში. გრინერს ათწლიანი პატიმრობა ემუქრება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვისთვის.
2020 წელს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამერიკელი პოლ უილანი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 2020 წლის 3 იანვარს დააკავეს.