მიანმარში, სამხედრო ხუნტამ დემოკრატიული ძალების ოთხი აქტივისტი სიკვდილით დასაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხივე აქტივისტს „ტერორისტული აქტების" ჩადენაში ედებოდა ბრალი.
სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რის გამოც უფლებადამცველი ჯგუფები პროცესს აკრიტიკებენ.
2021 წლის 1-ელ თებერვალს მიანმარში სამხედროებმა სახელმწიფო მრჩეველი, აუნ სან სუ ჩი და ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ მიინი დააკავეს. სამხედროებმა ქვეყანაში ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სატელევიზიო მიმართვაში სამხედროებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო მიიღეს. სამხედროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ძალაუფლება შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ მინ აუნ ხლაინს გადაეცემა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი, მიინტ შვე დანიშნეს.