ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი მზად უნდა იყოს ადრე თუ გვიან რუსული გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი მზად უნდა იყოს ადრე თუ გვიან რუსული გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთი არ არის ენერგორესურსების სანდო მიმწოდებელი და ევროკავშირი მზად უნდა იყოს ადრე თუ გვიან რუსული გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტისთვის.

„კრემლი არ არის ენერგომომარაგების საკითხში ევროპის საიმედო პარტნიორი. „გაზპრომი“ მიზანმიმართულად აკავებს გაზის მიწოდებას. იმავდროულად, რუსეთი მხოლოდ ნაწილობრივ აწვდის გაზს ან საერთოდ არ აწვდის მას ევროკავშირის 12 წევრ სახელმწიფოს. ამიტომ ევროპა მზად უნდა იყოს ყველაზე ცუდი სცენარისთვის - ადრე თუ გვიან გაზის მიწოდების სრული შეჩერებისთვის“, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსული გაზის შეწყვეტის შედეგების შესამცირებლად, ევროკავშირი გეგმავს დაზოგოს გაზის მოხმარების 15% მომავალი წლის მარტამდე, ხოლო ევროკავშირის უპირველესი მიზანია რუსეთის გაზის იმპორტისაგან სრულიად დამოუკიდებელი გახდეს არაუგვიანეს 2027 წლისა.