ეროვნული სკრინინგ ცენტრის დიდუბის ფილიალის რეაბილიტაცია დასრულდა.
განახლებული ფილიალი დღეს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძემ, კომისიის წევრებმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილმა დაათვალიერეს.
სტუმრები ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცნენ და სკრინინგ ცენტრის დირექტორ ეთერ კიღურაძისგან განხორციელებული სამუშაოებსა და ფილიალის განვითარების სამომავლო გეგმებზე ინფორმაცია მიიღეს.
„მოხარული ვართ, რომ დღეს გმასპინძლობთ ეროვნული სკრინინგ ცენტრის დიდუბის განახლებულ ფილიალში. ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა იმისთვის, რომ ამ ცენტრს ღირსეულად გაეგრძელებინა მუშაობა. შენობა იყო ავარიულ მდგომარეობაში, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო სამედიცინო სერვისების სრულყოფილად მიწოდება. რეაბილიტაციისა და სარემონტო სამუშაოების შედეგად, როგორც ხედავთ, შენობა მთლიანად განახლდა, აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით და მზად ვართ, ხარისხიანი სამედიცინო სერვისები შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს. სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ სკრინინგ ცენტრის ფილიალები, რომელიც გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაის მიზნით დედაქალაქში ოთხ ლოკაციაზეა, მოქალაქეებს სკრინინგული გამოკვლევების დროულად ჩატარების საშუალებას აძლევს. მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, მობრძანდით, დროულად ჩაიტარეთ სკრინინგული კვლევები და იყავით დაცული”- განაცხადა ეთერ კიღურაძემ.
მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გაეროს მოსახლეობის ფონდისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.