ულტიმატუმებს კი არ ვაყენებთ, უბრალოდ აჯობებს, მათ შორის რეპუტაციისთვის, რომ აქ ღრუბელი გაიფანტოს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ აშშ-ის ელჩის წარმომადგენლის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის ელჩზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მისთვის პატივსაცემ ადამიანს როგორი რეპუტაცია ექნება სულ ერთი არ არის.
„ჩემთვის პატივსაცემ ადამიანს როგორი რეპუტაცია ექნება, ჩემთვის ხომ სულ ერთი არ არის, ხომ ყველა ასე ვფიქრობთ? ჩემი აზრია, რომ რაკი მოსამართლემ თქვა, რომ ამერიკის საელჩოს თანამშრომელი იყო მოსული, რაღაც მკითხა, ანგარიში მომთხოვა და რაღაცები, ამასთან დაკავშირებით თუკი მეტი სიცხადე იქნება. ვინმეს შეიძლება არ სჯერა ჩხიკვაძის განცხადების, ვიღაცას შეიძლება სჯერა, რატომ უნდა დარჩეს ეს საკითხი? თუ ეს უსაფუძვლოა და არავითარი მიზეზი არ აქვს ასეთ განცხადებას, რაც მე გამიხარდება, რა თქმა უნდა, ეს უნდა ითქვას კონკრეტულად და მკაფიოდ. ულტიმატუმებს კი არ ვაყენებთ, უბრალოდ აჯობებს, მათ შორის რეპუტაციისთვის, რომ აქ ღრუბელი გაიფანტოს, მე მაგალითად ბედნიერი დავრჩები და გამიხარდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში ევროკავშირის ყოფილ ელჩზე კარლ ჰარცელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკმაყოფილოა მისი მოღვაწეობით, რადგან მიუცია საკუთარი თავისთვის უფლება, რომ ღიად გაეკრიტიკებინა, თან აბსოლუტურად უმართებულოდ ძალიან მაღალი თანამდებობის პირები.
„დღეს ითქვა ამაზე და მეც მივცემ ჩემ თავს უფლებას და ვიტყვი, რომ არც მე ვარ მაინცდამაინც კმაყოფილი ისევე, როგორც ბევრი ჩემი კოლეგა და ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, ბატონი ჰარცელის მოღვაწეობით, ხშირ შემთხვევაში აძლევდა თავს უფლებას, რომ მათ შორის ცოტა ზედმეტი უფლება მიეცა საკუთარი თავისთვის. მათ შორის მიუცია საკუთარი თავისთვის უფლება, რომ ღიად გაეკრიტიკებინა აბსოლუტურად უმართებულოდ მათ შორის საქართველოს ძალიან მაღალი თანამდებობის პირები“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.