დემოკრატია გამჭვირვალობას გულისხმობს და დგება ხოლმე მომენტი, როცა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და საჯაროდ ითქვას ის, რაზეც დიდი ხანია პირად საუბრებში მსჯელობენ. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია ახლა, როცა სასწორზე ქვეყნის ეროვნული ინტერესები დევს.
ცოტა ხნის წინ, „ქართული ოცნების” სამი დეპუტატი - ბატონები ხუნდაძე, სუბარი და ყაველაშვილი - დამოუკიდებელ პარლამენტარებად მოგვევლინნენ, ადგილობრივი ფილოსოფოსიც შეიამხანაგეს და, პოლიტიკური უმწიფრობის აფიშირებით, საჯარო დისკუსია გააჩაღეს შეერთებული შტატების ელჩთან. რატომღაც მოველოდი, რომ ამ ყველაფერში მთავრობა ჩაერეოდა და დაშვებულ შეცდომას გამოასწორებდა. მაგრამ როცა მთავრობის პასუხი აგვიანებს, ვფიქრობ, ყველამ, ვისთვისაც ეს საკითხი მნიშვნელოვანია, ჩემი ჩათვლით, საკუთარი მტკიცე პოზიცია უნდა გამოხატოს. ოცდაათ წელზე მეტია, სხვა კოლეგებთან ერთად, სხვადასხვა რანგში, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე ვმუშაობ. პრაქტიკულად ნულიდან დავიწყეთ და მტკიცე და მეგობრულ პარტნიორობას აგურ-აგურ ვაშენებდით.
„ავს თუ ავი არ ვუწოდო“
დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლებაში მყოფი ძალა მართავს და ოპოზიცია - სასურველია, კონსტრუქციული და რესპექტაბელური - მმართველი პარტიის ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს. ხელისუფლება თავისივე თავის ოპოზიცია ვერ იქნება. ჩემი აზრით, სამი დეპუტატის მიერ „ქართული ოცნების” რიგების დატოვება იმისათვის, რომ, როგორც თავად აცხადებენ, ევროპა და შეერთებული შტატები აკრიტიკონ, თანაც ისე, რომ ამისათვის პასუხი ხელისუფლებას არ მოეკითხოს, გვაფიქრებინებს, რომ მმართველი პარტია საკუთარ პოლიტიკურ გზავნილებს ვითომ დამოუკიდებელ პარლამენტარებს ახმოვანებინებს. ამ „ტრიოს“ ფილოსოფოსი შათირიშვილიც შეუერთდა, რომლის კონსპიროლოგიურმა დაკვირვებებმა და დასკვნებმა პირადად ელჩი დეგნანისა და აშშ-ის წინააღმდეგ, ცეცხლზე ნავთი დაასხა. სხვა დროს, ალბათ, ყველას ვურჩევდი, გაბრაზების ნაცვლად, თანაგრძნობით მოჰკიდებოდნენ ამ უცნაურ პოლიტიკურ უნისონსა და ყოვლისმცოდნე თავდაჯერებულობას, როცა შიშველ მეფეს თავი საუკეთესოდ შემოსილი ჰგონია. ეს უგვანო ფარსი და პოლიტიკურ კლოუნადა, საკმაოდ იაფფასიანად გამოიყურება. რატომღაც ჰგონიათ, რომ საზოგადოება ამას დაიჯერებს. ეს ყველაფერი კი სერიოზულ პოლიტიკურ რისკებსაც შეიცავს.
შეუძლებელია, ეს სამი პარლამენტარი, როგორც თავადვე აღიარებენ, „სრულად იზიარებდეს” „ქართული ოცნების” შეხედულებებს და, იმავდროულად, დამოუკიდებელიც იყოს. ეს ორი რამ ერთმანეთს გამორიცხავს. დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიციონერი პარლამენტარები, რასაკვირველია, ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ზოგჯერ კონსტრუქციულად, ზოგჯერ - ნაკლებად, მაგრამ ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში პარლამენტარები საჯაროდ არ ესხმიან თავს უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს და მათ ანგარიშს არ სთხოვენ, რადგან დიპლომატები საკუთარ სახელმწიფოსა და ხალხს წარმოადგენენ და მხოლოდ მათ წინაშე არიან ანგარიშვალდებული. საგარეო პოლიტიკა თვითაღიარებულ დამოუკიდებელ მოაზროვნეთა თავშესაქცევი გასართობი არ არის. უფრო მეტიც, ამ სამ დეპუტატსა და ფილოსოფოსს არ აქვთ სათანადო გამოცდილება, ლეგიტიმაცია ან უფლებამოსილება, რომ ამგვარ დისკუსიებში ჩაებან. მათ პატრიოტულ გრძნობებში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ამ საკითხების ცოდნით აშკარად ვერ დაიკვეხნიან. როცა ისინი ზიანს აყენებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკას, მმართველი პარტია ვალდებულია, მათ განცხადებებს გაემიჯნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავიჯერებთ, რომ ხელისუფლება მათ უსიტყვოდ ეთანხმება.
პოლიტიკური სპექტაკლის მიღმა
შავი ზღვის რეგიონში განვითარებული უმძიმესი მოვლენების ფონზე, საქართველო სტაბილურობისა და კანონის უზენაესობის ოაზისი შეიძლება ყოფილიყო. ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს სომხეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან, ამიტომ საქართველოს შეუძლია, რეგიონული სტაბილურობის ხელშემწყობის ფუნქცია იკისროს. საქართველო მნიშვნელოვანი როლს ასრულებს სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპისათვის ენერგორესურსების მიწოდების თვალსაზრისითაც. სხვა შემთხვევაში, ეს ქვეყნები მთლიანად რუსეთზე იქნებოდნენ დამოკიდებული. ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი დამაკავშირებლის როლი ვიტვირთოთ ევრაზიის კონტინენტზეც, რაც ასე საჭიროა ახლა, როცა რუსეთის რკინიგზა და პორტები სანქცირებულია. მაგრამ თუ კონსტრუქციული როლის შესრულება გვსურს, სათანადოდაც უნდა ვიქცეოდეთ. ელჩების მიმართ საჯარო ეპისტოლეები ამ საქმეს ნამდვილად არ წაადგება, რადგან ეს წამოწყება, უბრალოდ, აბსურდულია. თუმცა, „სამი ამიგოსა“ და, განსაკუთრებით, „დოქტორი დუმისაგან“, რომელიც ფიქრობს, რომ დიდი გეოპოლიტიკის იდუმალ არსს ჩასწვდა და გლობალური ეკონომიკის საიდუმლოებები ამოხსნა, მეტს არც უნდა მოველოდეთ.
ახლად გამომცხვარი „კონსტრუქციული ოპოზიციის” ნარატივის მთავარ საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ისინი ცდებიან, როცა ამტკიცებენ, რომ საქართველოსათვის ახლა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების დრო არ არის. უნდა გვიხაროდეს, რომ ევროკავშირს ჯერ საქართველოზე ხელი არ ჩაუქნევია და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ. მათ, ვისაც რატომღაც ჰგონია, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს და წევრობა თავისთავად მოხდება და ეს ჩვენი „ბედისწერაა“, უბრალოდ, ბევრ რამეზე წარმოდგენა არა აქვთ. გარდაუვალი არაფერია იმ მიზეზთა გამო, რომელთა განხილვასაც ახლა საჯაროდ არ დავიწყებ. თუ შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა, ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, თორემ მერე გვიან იქნება.
რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო ამ სამეულის მოწინავე წევრია. ჩვენ უკვე გავატარეთ რეფორმები, რომელთა განხორციელებასაც მოლდოვასა და უკრაინაში კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება. მხოლოდ გაუთვითცნობიერებელ ადამიანს თუ გაუჩნდება კითხვა კანდიდატის სტატუსს დაჩქარებული წესით მიღების ავ-კარგიანობაზე. ბალტიის ქვეყნები ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები მაშინ გახდნენ, როცა რუსეთი ძალიან იყო დასუსტებული და მათთვის ხელის შეშლა ვერ მოახერხა. ისინი რომ „უკეთეს მომენტს” დალოდებოდნენ, ახლა რუსეთის ნაწილი იქნებოდნენ. დრო ყოველთვის ჩვენს სასარგებლოდ არ იმუშავებს და ხელსაყრელ მომენტს ვერ დაველოდებით. მოქალაქეები ხელისუფლებასა და ოპოზიციას იმისათვის ირჩევენ, რომ ასეთ მნიშვნელოვან დროს მათ სათანადო გადაწყვეტილებები მიიღონ და შესაბამის ანგარიშვალდებულებასაც ითხოვენ. იმავდროულად, ყოველთვის გამიჯნული უნდა იყოს, ვინ საუბრობს ხელისუფლების სახელით და ვინ - ოპოზიციის. ამ სიცხადის საკითხი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგება.
ელჩ დეგნანს ვურჩევდი, ყურადღება არ მიაქციოს „სამი ამიგოსა“ და „დოქტორი დუმის“ ღია წერილებსა და განცხადებებს და პასუხისათვის მთავრობას მიმართოს. საქართველოს სერიოზული და გამოცდილი დიპლომატიური სამსახური ჰყავს. ისინი დასავლეთისა და რუსეთის უსამართლობას ერთმანეთს არასოდეს შეადარებენ, რადგან, გარდა გულუბრყვილობისა, ეს არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელიც არის (ეს ყველაზე უწყინარი სიტყვაა, რაც მახსენდება). დასავლეთში საქართველოს პოზიციების გასამყარებლად ამ ადამიანებს არაფერი გაუკეთებიათ, ბევრ ჩვენგანს კი, ვინც ამ საქმეს შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი შეალია, უფლება გვაქვს, ხმა ავიმაღლოთ, რათა საქართველოს სანდო პარტნიორის სახელი გადავარჩინოთ.
ვფიქრობ, ეს მთავრობის მოვალეობაც არის და ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავრობა მსგავს აბსურდს არ უარყოფს და არ ემიჯნება. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენმა დიპლომატიამ, პრემიერ-მინისტრებმა და პრეზიდენტებმა, ათწლეულების მანძილზე მოახერხეს და საქართველო ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის რადარზე შეინარჩუნეს. ამერიკელი გადასახადის გადამხდელებმა ექვს მილიარდ დოლარზე მეტი სრულიად უშურველად გაიღეს ქართველი ხალხისათვის და სანაცვლოდ რეგიონში დემოკრატიული და ერთგული მოკავშირის ყოლის იმედი მაინც უნდა ჰქონდეთ. „სამ ამიგოსა“ და „დოქტორ დუმს“ არ უნდა მივცეთ იმის უფლება, დაანგრიონ ის, რასაც ათწლეულების მანძილზე რუდუნებით ვაშენებდით.
ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამერიკის საელჩო ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში არ ერევა. ვაშინგტონი საქართველოს მხოლოდ არჩევანს სთავაზობს და არა - ინსტრუქციებს. თუ ვინმე ინსტრუქციებს იძლეოდა, ეს, საბჭოთა რეჟიმის დროს, სწორედ მოსკოვი იყო. რუსული დეზინფორმაცია ამერიკას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბალტიის ქვეყნებში, გერმანიასა თუ ცენტრალურ ევროპაშიც აშფოთებს. მიხარია, რომ კარგ წრეში ვართ და ვაშინგტონი მზადაა, ამ საფრთხესთან საბრძოლველად სათანადო რესურსიც გაიღოს. კონსპიროლოგიასა და მჩხიბაობას კი ნამდვილად უნდა შევეშვათ.
სტრატეგიული გამოწვევები
საგარეო პოლიტიკა მხოლოდ ლიტონი სიტყვები და დეკლარაციები არ არის. საქართველო მწვავე რეგიონული დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდა, სადაც ერთ-ერთი მხარის არჩევა მოუწევს. გლობალური ვაჭრობის, კომუნიკაციებისა და ტრანსეროვნული თანამშრომლობის განვითარებაზე დიდი დრო და რესურსი დავხარჯეთ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, რომელსაც ორმხრივი კონფრონტაცია არ წაადგება. ჩვენ მულტილატერალიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ, რუსეთი კი ამ წესებით არ თამაშობს. ჩვენ რუსეთის პროვოცირებას არ ვახდენთ. ჩვენი მიზანი მხოლოდ საკუთარი თავის დაცვაა და ამისათვის მეგობრები გვჭირდება. იმის ფიქრი, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი, ქართველების გულის მოსაგებად, ერთმანეთს ებრძვიან, გულუბრყვილობა იქნებოდა. ჩვენ თავად ვართ პასუხისმგებელი საკუთარ საგარეო პოლიტიკაზე. მათ, ვისაც საგარეო პოლიტიკა არ ესმით, უნდა გააცნობიერონ, რომ ამ სამყაროში გადასარჩენად, მუდმივად უნდა ვიმოძრაოთ. იმედია, ამ მარტივ ჭეშმარიტებას მაინც გაიგებენ: ჩვენ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არჩევანს კი არ ვაკეთებთ, არამედ ჩვენი არჩევანის უფლებისთვის ვიბრძვით.
ნამდვილად შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ საგარეო პოლიტიკაში სიტყვა მხოლოდ პროფესიონალებს ეთქმოდეთ. ეს დემოკრატიას არ შეშვენის. ყველა პოლიტიკურ სისტემას, შვეიცარიიდან ვაშინგტონამდე, თავისი კონსპიროლოგი ჰყავს. მე მხოლოდ მათი პასიურობა მაშფოთებს, ვისი მოვალეობაც ქვეყნის მართვაა. სწორედ მათი პასუხისმებლობის საკითხია საქართველოს ერთიანი ოფიციალური პოზიცია, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის მიმართ რწმენასა და ნდობას განამტკიცებს. ჩვენი დიპლომატიური სამსახურისა და საგარეო პოლიტიკის მესვეურთა პროფესიონალიზმს ნამდვილად ვაფასებ და პატივს ვცემ. მყვირალა მარგინალები, ჩემი აზრით, საქართველოს ძალიან ცუდ სამსახურს უწევენ. იმედია, ჩვენს პარტნიორს იძულებულს არ გავხდით, ეს ძალები ოდესმე სერიოზულად აღიქვას.
საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე