წვიმების მიუხედავად, დამსვენებლის ნაკლებობას არ უჩივის აჭარა, რომელსაც პოსტსაბჭოთა და მეზობელი ქვეყნებიდან ჩასული დამსვენებლები სტუმრობენ
უამინდობის გამო საქართველოში ტურისტული სეზონი გვიან იწყება. ამ მხრივ ძალიან დაზარალდა ზღვისპირეთი. სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ხშირი წვიმების მიუხედავად, დამსვენებლის ნაკლებობას არ უჩივის აჭარა, რომელსაც პოსტსაბჭოთა და მეზობელი ქვეყნებიდან ჩასული დამსვენებლები სტუმრობენ. ზოგი მათგანი საქართველოში პირველად არის, ზოგმა აქ დასვენება ტრადიციად აქცია, თუმცა ამბობენ, რომ ყოველ სეზონზე განსხვავებული ფასები ხვდებათ, უმეტესად, მომატებული...
"შვილები გვეუბნებიან ევროპაში დაისვენეთო, მაგრამ..."
ანგელა გოვრუზიანი, სომხეთის მოქალაქე: - ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან მთელი ოჯახი საქართველოში ჩამოვდიოდით. ომამდე სოხუმსა და გაგრაში ჩავდიოდით, 90-იანი წლების შემდეგ, აჭარას ვსტუმრობთ. მე და ჩემი მეუღლე მთელი გაზაფხული შეზღუდვების მოხსნის კვალდაკვალ შვებულებას ვგეგმავდით, საქართველოში ჩამოსასვლელად ვემზადებოდით. ბოლო ხუთი წელია ბათუმში ერთსა და იმავე საოჯახო სასტუმროში ვრჩებით. აპრილში ვესაუბრეთ დიასახლისს. გვითხრა, რომ როგორც მთელ მსოფლიოში, ფასები აქაც გაიზარდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, წელს მხოლოდ ნომრის ფასი გადაგვეხადა და კვებაზე თავად გვეზრუნა, რადგან როდესაც დიასახლისმა მთლიანი ღირებულება დაგვიანგარიშა, ძალიან გვეძვირა. ახლა კი, რომ ვუფიქრდებით, ჯობდა სრული მომსახურება აგვეღო. დაახლოებით ათი დღის განმავლობაში 3.000 ლარზე მეტი გვაქვს დახარჯული. ჩვენ უცხოეთში დასაქმებული შვილები გვეხმარებიან, თორემ ამ ფუფუნებაზე უარის თქმა მოგვიწევდა. კი გვეუბნებიან, ევროპაში იმოგზაურეთო, მაგრამ თითქოს საქართველოს შევეჩვიეთ.
წელს სურსათზე, ჰიგიენური მოხმარების საშუალებებზე ძალიან მაღალი ფასები დაგვხვდა. ხილიც ბევრად ძვირია, ვიდრე შარშან იყო, რძის ნაწარმიც. წასვლამდე წინასწარ ვუკვეთდით ჩვენი დიასახლისის ახლობელ ქალს ყველს და თან მიგვქონდა. წელს რომ დავურეკეთ, იგივე რაოდენობა 100 ლარით მეტი გამოდის. გაძვირებულია საზღვაო ნივთებიც. თუმცა, ხალხი მაინც ისვენებს, მათ შორის ადგილობრივებიც. ჩვენმა დიასახლისმა დასვენებისთვის ზოგი ბანკიდან კრედიტს იღებს და შემდეგ მთელი წელი მის გადახდას უნდებაო.
საოჯახო სასტუმროში, ჩვენ გარდა, ყველა რუსია. გვითხრეს, რომ უკრაინაში ომის და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო გეგმები შეეცვალათ. როდესაც იგებენ, საიდან არიან, ზოგი აგრესიას გამოხატავს. მე პოლიტიკისგან შორს ვარ, მაგრამ ასეთ ვითარებაში დასვენებისგან, თავს შევიკავებდი. რამდენიმემ შემოგვჩივლა, რომ საოჯახო სასტუმროებში მიღებაზე უარი უთხრეს, ამიტომ დიდ სასტუმროში გადასვლამ მოუწიათ, რაც ბევრად ძვირია, მაგრამ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ.
"რუსებს მეტისმეტად თავაზიანად ექცევიან"
ირაკლი დოლიძე, დამსვენებელი: - არ ვიცი, სად რომელ ადგილას დახვდნენ რუსებს ცუდად, პირიქით, რასაც შევესწარი, მეტისმეტადაც თავაზიანად ექცევიან. ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელს როდესაც ვუთხარი, ფიანდაზად რატომ ეგებით ამ ხალხს-მეთქი, მიპასუხა, პუტინის გამო უბრალო ადამიანები არ უნდა დაისაჯონო. თუმცა იქვე დასძინა, რომ ძალიან მოუწესრიგებელი, დაბალი კულტურის ხალხია და მათთან საქმის დაჭერა არ სურთ. ყველაფერთან ერთად, ფულის გადახდა არ უყვართ, ხშირად აზიანებენ ნივთებს, ზარალის ანაზღაურებაზე კი უარს ამბობენ. აქეთ გადმოდიან შეტევაზე - სიძვირეა, სხვა გამოსავალი არ გვქონდა, თორემ აქ ჩამოსვლა არ გვინდოდაო, ანუ მადლობა გვითხარით, რომ ჩამოვედითო. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომლებიც აღიარებენ, რომ რცხვენიათ თავიანთი ქვეყნის ხელისუფლების, მაგრამ ასეთი ხალხის ხმა სუსტია და მას ადვილად ახშობენ.
გასული კვირა თითქმის წვიმიანი იყო, მხოლოდ რამდენიმე საათით გამოვიდა მზე და სანაპირო მაშინვე გაივსო, ოღონდ ორი დღე ისე გავიდა, ქართული საუბარი არ მომისმენია. მესამე დღეს დედამ შვილს, 5 წლამდე ბიჭს, ქართულად დაუძახა, ღრმად არ შეხვიდეო და, დაახლოებით ისეთი რეაქცია მქონდა, ფილმ "ჯარისკაცის მამაში" სერგო ზაქარიაძეს რომ აქვს, "ქართველი ხარ, ბიჭო?!" მაშინვე გავესაუბრე დედა-შვილს. ახალგაზრდა ქალი წუხდა, საცხოვრებელი წინასწარ მქონდა დაჯავშნილი, მაგრამ შარშანდელთან შედარებით 500 ლარით მეტმა მომიწიაო. მაშინ მე რაღა მეთქმის - ბინა ავიღე ზღვის ხედით, ოღონდ ფანჯრიდან ვუყურებ, მხოლოდ სამჯერ მოვახერხე წყალში ჩასვლა.წელს აპარტამენტში ვარჩიე დასვენება და წინა სეზონებთან შედარებით 1,5-ით მეტი გადავიხადე. ტელეფონიც ცუდად იჭერს და ინტერნეტიც. სანაპიროზე მაღაზიაში ერთ ბოთლ წყალში 6 ლარამდე გადავიხადე. ალკოჰოლურ სასმელში, რომელიც თბილისში 30 ლარამდე ღირს, 47 ლარი გადავიხადეთ, იმავეს თქმა შეიძლება ლუდის ფასზეც... გამყიდველი გამეხუმრა, ფასები იმიტომ არის ასეთი მაღალი, რომ კოვიდჩავარდნების ამოღებას ვცდილობთო. ალბათ, ასეც არის.
"ქართველი დამსვენებელი ცოტაა"
მარიკა ბერდიანაშვილი, დამსვენებელი: - ანაკლიაში მინდოდა წასვლა. მითხრეს, რომ განმუხურში, რომელიც იქვეა, ძალიან სუფთა ზღვაა, მაგრამ გადაუღებლად წვიმს და ამიტომ ბათუმში გადავწყვიტეთ დასვენება. აქ უამინდობის მიუხედავად ქალაქში მაინც გაერთობი. ყველა ჩივის, რომ ზღვაზე დასვენება ძალიან გაძვირდა. როგორც ამბობენ, ივლისი-აგვისტო ცხელი იქნება და ფასებიც მოიმატებსო... ასე რომ, ისევ მაღალი ფასები და დაბალი ხარისხის მომსახურება დაგვხვდა. პრობლემები იგივეა: მოუწესრიგებელი სველი წერტილები, ცუდად მოწყობილი სამზარეულო, დაბალი სიხშირის ინტერნეტი და სხვა... ამ ფასად თურქეთშიც დავისვენებდი, მაგრამ ორი მცირეწლოვანი ბავშვით ავტობუსით მგზავრობა ძნელია, თან გზაში დრო იხარჯება, მე კი ორკვირიანი შვებულება მაქვს. სამწუხაროდ, ქართველი დამსვენებელი ცოტაა, არაბულ და რუსულენოვან დამსვენებლებს აქვთ აღებული აქაურობა და, ალბათ, სიძვირეზეც არ წუწუნებენ, თორემ ხომ არ ჩამოვიდოდნენ.
"ეს ბიზნესია და ადამიანს ეროვნების მიხედვით ვერ გამოვარჩევ"
ლია აფაქიძე, საოჯახო სასტუმროს მფლობელი: - ვცდილობ არ შევაშინო დამსვენებელი და ძველ ფასებს ვინარჩუნებ, მაგრამ ყველაფერი გაძვირდა. დამლაგებელს ან მზარეულს ადრე 800-1000 ლარად ვქირაობდი, წელს კი მეუბნება, რომ 1.200 მაინც უნდა გადავუხადო - ანუ ხარჯი გვეზრდება და იძულებული ვართ ფეხი ავუწყოთ. ყველა ქვეყნიდან მყავს დამსვენებელი, წელს ძალიან ბევრია ბელარუსიდან, სომხეთიდან და ირანიდან. უკვე ჯავშნიან პოლონეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან. რუსები არ ეხატებათ გულზე და ვეცადე დროში ერთმანეთს არ დამთხვეოდნენ, პრობლემები არ მჭირდება. ეს ბიზნესია და ადამიანს ეროვნების მიხედვით ვერ გამოვარჩევ. დამსვენებლებთან პრობლემები ჯერ არ მქონია, თუ მექნება, შენიშვნასაც მივცემ და სახლის დატოვებასაც მოვთხოვ.
"რუსი დამსვენებლები სულ უკმაყოფილოები არიან"
ათუკა დოლბანძე, სასტუმროს მფლობელი: - ჯერ სეზონი არც დაწყებულა და რუსეთიდან ჩამოსული მეხუთე ნაკადი გავისტუმრეთ უარით. იყო შემთხვევები, როდესაც პრინციპულად რუსული დროშითა და სიმბოლიკებით დადიოდნენ და ამას პრობლემები მოჰყვა. მოუწესრიგებელი არიან, სანაპირო ზოლზე იმდენ ნაგავს ტოვებენ, ვხვდები, რომ რუსეთის მოქალაქეები არიან. სულ უკმაყოფილოები არიან. ერთი სიტყვით, მათთან ურთიერთობა შარია.
ავტორი: