ყირიმის ხიდის 227 მ სიგრძისა და 80 მ სიმაღლის თაღი - უკრაინელი მერაკეტეების სავარაუდო სამიზნე
ფილიპ მარკ ბრიდლავი მსოფლიოს უმაღლეს სამხედრო წრეებში მიღებული ამერიკელი ოთხვარსკვლავიანი გენერალია, რომელიც 2013-2016 წლებში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის მეთაურისა და ევროპაში ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის პოსტებს ითავსებდა. თადარიგში გასვლის შემდეგ გენერალმა მწვავედ დაიწყო გლობალური სამხედრო-პოლიტიკური მოვლენების ანალიზი, რასაც მაღალ თანამდებობებზე ყოფნისას თავს არიდებდა. სხვათა შორის, გენერალი ბრიდლავი მომხრეა საქართველოსა და უკრაინის ნატოს რიგებში მიღების, კატეგორიულად გმობს რუსეთის აგრესიას და უკრაინელ კოლეგებს შიგადაშიგ საინტერესო რჩევებსაც აძლევს. მისი ბოლო რჩევა ასეთია: რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების დაუნდობელი სარაკეტო დაბომბვების საპასუხოდ უკრაინელებს სრული უფლება აქვთ, სამიზნედ ყირიმის ხიდი აირჩიონ და ის შორი მანძილიდან გაშვებული "ჰარპუნის"“ რაკეტებით ააფეთქონ.
გაითვალისწინებენ თუ არა ამერიკელი გენერლის ამ რჩევას უკრაინელი სამხედროები? ყოველი შემთხვევისთვის რუსეთის გენშტაბმა „"როსგვარდიასთან"“ ერთად უკვე დაიწყო ფართომასშტაბიანი სამუშაოები, რათა ყირიმის ხიდი უკრაინელების წარმატებული სარაკეტო დარტყმების სამიზნე არ გახდეს.
ყირიმის ხიდის ისტორია დაკავშირებულია 2014 წლის გაზაფხულზე რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ჯერ ოკუპაციასა და შემდგომ ანექსიასთან: რუსეთს სასწრაფოდ სჭირდებოდა სახმელეთო-სატრანსპორტო კომუნიკაცია ტამანის ნახევარკუნძულიდან ქერჩამდე, რათა ანექსირებულ ყირიმში შეიარაღება და საბრძოლო მასალები შეეტანა და უკრაინაზე რუსეთის სხვადასხვა მიმართულებიდან ფართომასშტაბიანი თავდასხმის დროს ქვეყნისთვის ყირიმიდანაც შეეტია. სწორედ ანექსირებული ყირიმიდან წარმატებული რუსული შეტევების შედეგად დაეცა მარიუპოლი, ოკუპირებულია მელიტოპოლი, ბერდიანსკი, ხერსონი და საფრთხე ემუქრება ნიკოლაევსა და ოდესას.
2016-2019 წლებში აშენებული ყირიმის 19 კმ-იანი ხიდი, ფაქტობრივად, პარალელურად მიმავალი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალია, რომლის შუაში 227 მ სიგრძის თაღია დატანებული, რათა ხიდის ქვეშ დაუბრკოლებლად შეძლოს გაცურვა 35 მ სიმაღლის გემმა შავიდან აზოვის ზღვაში ან პირიქით. ყირიმის ხიდის აგებით რუსეთმა, ფაქტობრივად, ჩაკეტა აზოვის ზღვაში შესასვლელი, ხოლო მარიუპოლისა და ბერდიანსკის დაპყრობით აზოვის ზღვაზე სრული კონტროლი დაამყარა. ყირიმის ხიდის აფეთქებას უკრაინელებისთვის ორი მიზანი შეიძლება ჰქონდეს: პირველი - რუსეთმა სარკინიგზო ეშელონებით ვეღარ შეძლოს რუსეთიდან ანექსირებულ ყირიმში მძიმე საბრძოლო ტექნიკისა და საჭურველის შეზიდვა, თუმცა მარიუპოლი-მელიტოპოლის გზის დაპყრობის შემდეგ რუსეთს ყირიმში მოსახვედრად როსტოვის ოლქიდან ალტერნატიული საშუალებაც გაუჩნდა. მეორე მიზანი კი პოლიტიკური და პროპაგანდისტულიც შეიძლება იყოს, რადგან უკრაინის მიერ ყირიმის ანექსირების სიმბოლოს, ყირიმის ხიდის აფეთქებას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ყირიმის ხიდის ყველაზე კონტრასტული მონაკვეთი სწორედ მისი 227 მ სიგრძის თაღია, რომელიც წყლის ზედაპირიდან 80 მ სიმაღლეზეა აწეული და საუკეთესო სამიზნეა როგორც რადიოლოკაციური, ისე ოპტიკური დამიზნების სისტემების მქონე მართვადი რაკეტებისთვის.
უკრაინელების შეიარაღებაში სამამულო წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო "ნეპტუნების"“ გარდა, ამერიკული "ჰარპუნებიც"“ გამოჩნდა, რომელთა ფრენის მაქსიმალური მანძილი 280 კმ-მდეა. ფრონტის ხაზზე, რომელიც უკრაინის სამხრეთში ზაპოროჟიედან დონეცკამდეა გადაჭიმული, არის ადგილები, საიდანაც ყირიმის ხიდამდე მხოლოდ 250-260 კმ-ია ანუ არსებობს თეორიული და პრაქტიკული შანსიც კი, რომ უკრაინელებმა "ნეპტუნები" და "ჰარპუნები" ყირიმის ხიდის მთავარ თაღს მიაწვდინონ, მაგრამ ეს მანძილი მხოლოდ პირდაპირი ხაზით გადის დაპყრობილი მელიტოპოლის, ბერდიანსკის, მარიუპოლის სიახლოვეს, სადაც რუსებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები აუცილებლად ექნებათ განთავსებული და დიდი შანსია, მათ დაბალ სიმაღლეზე მფრენი ეს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები თითქმის ოცწუთიანი ფრენის პერიოდში სადმე ჩამოყარონ ანუ უკრაინელების რაკეტებს, საწვავის მარაგიდან გამომდინარე, რჩებათ ძალიან მცირე შესაძლებლობა, ფრენის მარშრუტზე ხშირი მანევრირება შეძლონ. მიუხედავად ამისა, შეიძლება გარისკვა ღირდეს, ან შეიძლება უკრაინელები ელოდებიან, რომ ბრიტანელები გადასცემენ "ჰაიმარსის" 300 კმ-მდე მფრენ რაკეტებს. ისე, ყირიმის ხიდის ასაფეთქებლად ყველაზე ეფექტიანი საშუალება 500 და 1 500 კგ კალიბრის ბეტონმნგრეველი საავიაციო ბომბები იქნებოდა, მაგრამ უკრაინულ ბომბდამშენებს ყირიმის ხიდამდე მიღწევის ძალზე მცირე შანსი აქვთ, უკან დაბრუნებისა კი, ალბათ - არა.რუსებმა ყირიმის ხიდის შენიღბვა დაიწყეს, - ყირიმის ხიდის მიმდებარედ სპეციალურ კვამლის ღრუბლებს უშვებენ, რომლებიც გარკვეული პერიოდი ხიდის თაღის ძირითად ნაწილს უხილავს ხდის.ჩანს, რუს სამხედროებს იმედი აქვთ, რომ უკრაინული რაკეტების სტარტს დროულად აღმოაჩენენ და ასეთი შემნიღბავი ხელოვნური ღრუბლების გაშვებას მოასწრებენ. რადიოლოკაციური დამიზნების, იმავე "ჰარპუნის" მოსატყუებლად კი ყირიმის ხიდის სიახლოვეს დააყენეს ბარჟა, რომელზეც ალუმინისგან დამზადებული სპეციალური კუთხოვანი ამრეკლებია დამონტაჟებული, რომელთა მიერ არეკლილმა რადიოტალღებმა უნდა გადაფაროს ხიდის რადიოლოკაციური სურათი და რაკეტა, ხიდის ნაცვლად, ამ ბარჟა-სატყუარას დაემიზნოს.