მექსიკაში „გვადალახარას კარტელის“ ლიდერი რაფაელ კარო კინტერო დააკავეს

მექსიკაში „გვადალახარას კარტელის“ ლიდერი რაფაელ კარო კინტერო დააკავეს

მექსიკაში, სინალოას შტატის ქალაქ ჩოისში სამხედრო-საზღვაო ძალების თანამშრომლებმა დააკავეს 69 წლის ნარკობარონი რაფაელ კარო კინტერო, რომელიც აშშ-ის მიერ ძებნილთა პირველ ათეულში შედის. ამის შესახებ BBC იტყობინება.

მექსიკის ხელისუფლებას გაცემული აქვს კინტეროს დაკავების ორი ორდერი და ასევე მისი აშშ-ში ექსტრადირების ნებართვა. აშშ-ის გენპროკურორის, მერიკ გარლანდის თქმით, ქვეყანა კინტეროს დაუყოვნებლივ ექსტრადირებას მოითხოვს.

რაფაელ კარო კინტერო „გვადალახარას კარტელის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. მას ბრალად ედება 1985 წელს აშშ-ის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის აგენტის, ენრიკე კამარენას წამება და მკვლელობა. ამ ბრალდებით მას მექსიკაში 40-წლიანი სასჯელი ჰქონდა მისჯილი, თუმცა 2013 წელს მექსიკის სასამართლომ მას სასჯელი შეუმცირა და ციხიდან გაათავისუფლა. მოგვიანებით უზენაესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა, თუმცა ამ დროისთვის კინტერო უკვე მიიმალა და ის მხოლოდ 9-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც სამართალდამცველებს კინტეროს დაკავების საშუალებას მისცემდა, ოფიციალურმა ვაშინგტონმა $20 მილიონიანი ჯილდო დააწესა.