ლიეტუვა ევროკომისიის რეკომენდაციას შეასრულებს და მატერიკული რუსეთიდან კალინინგრადში სანქცირებული საქონლის ტრანზიტს დაუშვებს

ლიეტუვა ევროკომისიის რეკომენდაციას შეასრულებს და მატერიკული რუსეთიდან კალინინგრადში სანქცირებული საქონლის ტრანზიტს დაუშვებს

ლიეტუვა ევროკომისიის რეკომენდაციას შეასრულებს და მატერიკული რუსეთიდან კალინინგრადში სანქცირებული საქონლის ტრანზიტს დაუშვებს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

13 ივლისს ევროკომისიამ ახალი გაიდლაინი გამოსცა, რომელიც განმარტავს, რომ სანქციები ლიეტუვის გავლით კალინინგრადის მიმართულებით სარკინიგზო ტრანზიტზე არ ვრცელდება.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ სარკინიგზო ტრანზიტი შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ კალინინგრადის ძირითადი სასაქონლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

„ევროკავშირის მიერ მიღებული ზომების თანახმად, დაუშვებელია სანქცირებული საქონლის ტრანზიტი რუსი ოპერატოპრების მიერ მართული ავტოტრანსპორტით. თუმცა, მსგავსი აკრძალვა სარკინიგზო ტრანსპორტისთვის არ არსებობს“, - აცხადებენ ევროკომისიაში.

ევროკომისიაში ასევე განმარტავენ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეამოწმონ, რჩება თუ არა ტრანზიტის მოცულობა ბოლო 3 წლის ისტორიული საშუალო მაჩვენებლის ფარგლებში, კერძოდ, ასახავს თუ არა რეალურ მოთხოვნას ძირითად საქონელზე დანიშნულების ადგილზე.

ამასთანავე ხაზგასმით აღნიშნულია, რომ სანქცირებული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ტრანზიტი სრულად აკრძალულია ტრანსპორტის სახეობის მიუხედავად.